Facebook Twitter

საქმე #ბს-552-549(გ-17) 17 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი _ ვ. ჯ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველო

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ჯ-ემ 2017 წლის 28 აპრილს საჩივრით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. საჩივრის ავტორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს 2017 წლის 28 მარტის №აბ 000336355 საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობა მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინებით ვ. ჯ-ის საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს 2017 წლის 28 მარტის №აბ 000336355 საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობის მოთხოვნით განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორის - ვ. ჯ-ის საცხოვრებელი ადგილია გორის რაიონი სოფელი ... , რის გამოც საჩივრის განხილვაზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს გორის რაიონული სასამართლო.

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განჩინებით საქმე №4/510-17 ვ. ჯ-ის საჩივრისა გამო, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად, გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

გორის რაიონული სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის განსჯადობა, კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს, აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მოცემულ შემთხვევაში ვ. ჯ-ის მიმართ 2017 წლის 28 მარტს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარრვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენის ფაქტზე. ამასთან, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია - ქ. რუსთავი, ხოლო დამრღვევის - ვ. ჯ-ის საცხოვრებელი ადგილია - გორის რაიონი, სოფელი ... . შესაბამისად, სახეზეა ალტერნატიული განსჯადობა, სამართალდარღვევის ადგილის მიხედვით ან დამრრვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

გორის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საჩივრის ავტორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ავტორმა თავისი უფლებების დასაცავად აირჩია რუსთავის საქალაქო სასამართლო, რის გამოც რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გორის რაიონული სასამართლოსათვის საქმის განსჯადობით გადაგზავნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და გორის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.

მოცემულ შემთხვევაში, სპეციალური კანონი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის განსჯადობას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-ე–1599-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ვ. ჯ-ეს ადმინისტრაციული სახდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე აქვს დაკისრებული. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია - ქალაქი რუსთავი, ხოლო საჩივრის ავტორის საცხოვრებელი ადგილია - გორის რაიონის, სოფელი ... .

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ადგენს საჩივრის ალტერნატიულ განსჯადობას - სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის ან სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა აირჩია განსჯადი სასამართლო და საჩივარი წარადგინა სამართალდარრვევის ჩადენის ადგილის მიხედვით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გორის რაიონულ სასამართლოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, განსჯადობის საკითხი უნდა გადაწყდეს საჩივრის ავტორის არჩევანის შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვ. ჯ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ჯ-ის საჩივარი განსჯადობით დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე