Facebook Twitter

საქმე #ბს-661-657(გ-17) 17 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი _ ჯ. ჩ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. ჩ-მა 2017 წლის 23 მაისს საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ. საჩივრის ავტორმა მოპასუხის 2017 წლის 26 აპრილის №ელ 124201 საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის დადგენილებით ჯ. ჩ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია მცხეთა-მთიანეთის საავტომობილო გზა, ხოლო საჩივრის ავტორის საცხოვრებელი ადგილი არის - თიანეთის რაიონი სოფელი ... . ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის არც პირველი ნაწილისა და არც მე-2 ნაწილის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლო არ წარმოადგენს ჯ. ჩ-ის საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივლისის დადგენილებით საქმე №4-ა/401-17 ჯ. ჩ-ის საცივრისა გამო, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 26 აპრილის №ეელ 124201 საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლოს განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე სასამართლოთა ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიულ განსჯადობაზე.

მხეთის რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება და არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა. ამასთან, საქმის წარმოება მიმდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისათვის დადგენილი სამართალწარმოების პრინციპის დაცვით, რის გამოც მოცემულ დავაზე არ უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარრვევათა კოდექსის 261-ე მუხლი. შესაბამისად საჩივრის განხილვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე იმ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი ადმინისტრაციულ ორგანოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ სამქეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია 2017 წლის 26 აპრილის №ელ 124201 საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობა. დადგენილია, რომ სადავო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მცხეთა-მთიანეთის საავტომობილო გზაზე, თიანეთის რაიონის, სოფელ ... მცხოვრები ჯ. ჩ-ის მიმართ.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, რომელიც განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების კანონიერების საკითხს იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ამდენად, კანონმდებლობა 121-ე მუხლთან დაკავშირებით ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას, კერძოდ, 121-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელია როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გასაჩივრებულ აქტს საფუძვლად უდევს 121-ე მუხლი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ჯ. ჩ-ს არ გააჩნია სასამართლოს არჩევის შესაძლებლობა, რამდენადაც სამართალდარღვევის ადგილია მცხეთა-მთიანეთის საავტომობილო გზა, ხოლო საჩივრის ავტორის საცხოვრებელი მისამართია - თიანეთის რაიონი სოფელი ... .

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. შესაბამისად, ჯ. ჩ-ის საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ ერთადერთ სასამართლოს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილისა და დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვითაც წარმოადგენს მცხეთის რაიონული სასამართლო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ჩ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. ჩ-ის საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს მცხეთის რაიონულ სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე