საქმე №ბს-694-690(კ-17) 17 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. გ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბა ახალგორის ტერიტორიული ორგანო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. გ-მა 2015 წლის 15 ოქტომბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის №1507 ბრძანების ბათილად ცნობა; ლ. გ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 დეკემბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, №3/8061-15 ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბა ახალგორის ტერიტორიული ორგანო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრი №1507 ბრძანება, ლ. გ-ისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ. გ-ისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ნოემბერი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი იძლევა შესაძლებლობას, სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება, შეფასებისა და მოქმედების თავისუფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, თუმცა განაცხადა უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. სასამართლოს მოცემული მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ასევე აქვს უფლება განჩინებით მოაწესრიგოს სადაო საკითხი.
აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას. კასატორს მიაჩნია, რომ მათ მიერ სადაო საკითხის თაობაზე ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად ჩანს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყველა იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, რაც წარმოდგენილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იქნა მიღებული როგორც მოსარჩელის ახსნა-განმარტებები, ასევე მის მიერ წარმოდგენილი თითოეული დოკუმენტი.
კასატორის მითითებით, მოსარჩელე მოცემულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ჩადიოდა პერიოდულად. ამაზე მოწმობს ახალგორის მუნიციპალიტეტის მიწოდებული ინფორმაცია, რომ ლ. გ-ი მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორში (ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 15 დეკემბრის N58010/01 წერილი; პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2014 წლის 21 ნოემბრის N800 დასკვნა).
კასატორის მითითებით, თუ გავიზიარებთ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილების მსჯელობას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციასთან დაკავშირებით, მაშინ ყველა ის პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დროებით, კონკრეტული მოვალეობის შესრულების მიზნით (სასწავლებლად, სამუშაოდ, მივლინებით, ხანგძლივად სამკურნალოდ, ახლობლის მოსანახულებლად, დასასვენებლად და სხვა) იყო გარკვეული პერიოდი გადაადგილებული, უნდა მივიჩნიოთ, რომ ახალგორი მათთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო და მივანიჭოთ დევნილის სტატუსი ლ. გ-ის მსგავსად. კასატორის მოსაზრებით, კანონის ამგვარი განმარტება არასწორია და წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა თაობაზე.
კასატორის მითითებით, სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას მტკიცებულებად დაურთო ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბა ახალგორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2015 წლის 30 სექტემბრის N202 ცნობა, რომლის თანახმადაც, ლ. გ-ი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდა დაბა ახალგორში. სამინისტრომ კი მოსარჩელეებს დევნილის სტატუსი ჩამოართვა 2015 წლის 9 სექტემბერს, მტკიცებულებად კი დაურთო ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 15 დეკემბრის N58010/01 წერილი და პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2014 წლის 21 ნოემბრის N800 დასკვნა. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს მიერ სადავო აქტის კანონიერება განხილულ იქნა და ბათილად იქნა ცნობილი იმ ცნობის საფუძველზე, რომელიც ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბა ახალგორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემულ იქნა სადაო აქტის გამოცემის შემდგომ პერიოდში, თანაც ის წარმოადგენს ზემოხსენებულ ადმინისტრაციულ ორგანოსა და წერილის გამცემ თანამდებობის პირზე იერარქიულად დაბლა მდგომ თანამდებობის პირს, რომელიც ეწინააღმეგება გამგებლის წერილში და კომისიის დასკვნაში ასახულ ფაქტს. აქვე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლ. გ-ისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე ეყრდნობა სრულყოფილ ადმინისტრაციულ წარმოებას, რომლის დროსაც სამინისტროს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული როგორც განმცხადებლის ახსნა-განმარტებები, ასევე მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და ამ ინფორმაციის ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიღებულ იქნა დასაბუთებული გადაწყვეტილება.
კასატორის მოსაზრებით, სამინისტროსათვის, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია პირის კონკრეტულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენის თაობაზე არ არის სავალდებულო დოკუმენტი, ის ინფორმაციული ხასიათისაა და სამინისტროს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება თავად მიიჩნიოს ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე იყო თუ არა ესა თუ ის პირი ოკუპირებული ტერიტორიის მუდმივი მაცხოვრებელი მის ოკუპაციამდე, თუმცა ამ შემთხვევაში სამინისტროს პოზიცია საქმეზე არსებულ სხვა ადმინისტრაციული წარმოების გათვალისწინებით და ახალგორის მუნიციპალიტეტის დასკვნები ურთიერთთანხვედრაშია, რაც კიდევ უფრო ამყარებს ამ გადაწყვეტილების სისწორეს.
კასატორის მითითებით, სასამართლო ერთის მხრივ მსჯელობს იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტროში საქმის გარემოებათა გამოკვლევა განხორციელდა არასრულად, თუმცა მეორეს მხრივ თავად აბსოლიტურად ვერ ასაბუთებს, ვერც ერთი დამატებითი მტკიცებულებით ვერ ამყარებს იმ ფაქტს, რომ ლ. გ-ი იყო ოკუპირებული ტერიტორიის მუდმივი მაცხოვრებელი პირი. საქმეში ერთადერთი ახალი მტკიცებულება არის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2015 წლის 30 სექტემბრის ცნობა, რომელიც ეწინააღმდეგება მისი ზემდგომი ორგანოების წერილსა და დასკვნას და ამასთანავე გამოცემულია სადავო აქტის გამოცემის შემდგომ. შესაბამისად, ნათელია, რომ თავად სასამართლოს მიერ იქნა არასრულად და არასწორად გამოკვლეული და შეფასებული საქმეზე არსებული გარემოებები და მიღებულ იქნა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება როგორც სამართლებრივად, ასევე ფაქტობრივად.
კასატორს ასევე მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. რამდენადაც, ლ. გ-ი დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის თანახმად იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად რეგისტრირებულია 2009 წლიდან. მის ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართად დევნილობამდე პერიოდში, დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის თანახმად, დაფიქსირებული იყო ახალგორის რაიონი, ... ქ. N63. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის N307 ბრძანების შესაბამისად, სამინისტრომ 2013 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო დევნილთა 2013 წლის სავალდებულო რეგისტრაცია (ახალი ნიმუშების მოწმობების გაცემა). მოსარჩელემ მიმართა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე კომისიას დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის გავლის მიზნით. მოსარჩელის დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის დროს, უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს მიერ ეჭვი იქნა შეტანილი მისთვის მინიჭებული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის კანონიერებაში და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საკითხის ხელახალი განხილვის თაობაზე. ლ. გ-ის საკითხის შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგენილ იქნა, რომ ის 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ფაქტიურად არ წარმოადგენდა ოკუპირებული ტერიტორიის მუდმივ მაცხოვრებელ პირს და მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ დაუტოვებია იძულებით, რის საფუძველზეც მოსარჩელეს დევნილის სტატუსი ჩამოერთვა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე (პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო). ლ. გ-ისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე გამოიცა მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის N1507 ბრძანება. კასატორის მითითებით, მოსარჩელის საკითხის გარკვევის მიზნით სამინისტროს მიერ ჩატარებულ იქნა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება. მოსარჩელეს „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-20 პუნქტის და მინისტრის 2014 წლის 16 მაისის N826 ბრძანების შესაბამისად, ჩაუტარდა გასაუბრება (23/06/2014წ.) ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. გასაუბრების დროს, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შედეგად, გამოვლინდა, რომ ლ. გ-ი დაიბადა 1947 წელს, სკოლა და უნივერსიტეტი დაამთავრა ქ. თბილისში. 1969 წელს დაქორწინდა ქ. თბილისში. შვილი - გ. ც-ე დაიბადა და განათლება მიიღო ქ. თბილისში. მოსარჩელის განცხადებით მას არსად არ უმუშავია, ახალგორის რაიონში კი ცხოვრობდა მეუღლესთან - ა. ც-ესთან ერთად. ამჟამად ცხოვრობს შვილთან ერთად ქ. თბილისში. გარდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებებისა, სამინისტროს მიერ, საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, მოძიებულ იქნა ინფორმაცია ახალგორის მუნიციპალიტეტიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსარჩელის ოჯახის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენის თაობაზე. ახალგორის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არ დადასტურდა მოსარჩელის ახალგორის რაიონში მუდმივად ცხოვრების ფაქტი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე. კასატორს მიაჩნია, რომ მათ მიერ გადამოწმებული და მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ ინფორმაცია გამორიცხავს ლ. გ-ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2008 წლის მოვლენებამდე ცხოვრების ფაქტს.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „რეგისტრაციის დროს, თუ არსებოს საფუძვლიანი ეჭვი, დეპარტამენტის ან/და სარეგისტრაციო კომისიის მიერ ხორციელდება დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლიანი გადამოწმება.“ კასატორის მითითებით, მოცემული სამართლებრივი ნორმის თანახმად, სამინიტროს ჰქონდა უფლებამოსილება რეგისტრაციის დროს წარმოდგენილი ინფორმაციიდან გამომდინარე შეეტანა ეჭვი მოსარჩელისათვის მინიჭებული დევნილის სტატუსის კანონიერებაში და გადაემოწმებინა სტატუსის მინიჭების საფუძვლები. შესაბამისად, სამინისტროს ქმედება მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლიანობის გადამოწმების თაობაზე კანონიერია. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „იძულებით გადაადგილებლ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის, ან/და ადამიანის უფლელბების მასობრივი დარღვევების გამო საფრთხე შეექმნა მისი ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.“
კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში თავისთავად ცხადია, რომ მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მითითებული გარემოებები წინააღმდეგობაში მოდის ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმასთან, რომლის თანახმადაც იმპერატრიულადაა დადგენილი, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი პირობაა პირს იძულებით ჰქონდეს დატოვებული თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რასაც ლ. გ-ის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, მისივე მოწოდებული ინფორმაციის თანახმად არ წარმოადგენდა ახალგორის რაიონი და თავისთავად ის არ გამხდარა იძულებული დაეტოვებინათ იგი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებულია „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილი, რაც ითვალისწინებს პირისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევას ყალბი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, თუმცა სამინისტროს არ წარმოუდგენია აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის მიმართ არსებობდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლითა და „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძველი, რამდენადაც, დაბა ახალგორის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2015 წლის 30 სექტემბერს გაცემული ცნობით, მესამე პირთა განმარტებითა და მოწმეთა ჩვენებით უტყუარად დასტურდება ლ. გ-ის ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტობრივი გარემოება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილი განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე