ბს-728-724(კს-17) 30 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - თ. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტი, ა. კ-ი, ე. კ-ი
მესამე პირები - ი. ჩ-ე, ნ. ქ-ა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "..."
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.2017წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ა. კ-მა და ე. კ-მა 08.01.2016წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 13.07.2011წ. N...., 30.06.2011წ. N..., 12.07.2011წ. N..., 16.09.2015წ. N..., 18.03.2016წ. N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.12.2015წ. N295004 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, თ. ჩ-ის, მ. ქ-ას და ი. ჩ-ის სარეგისტრაციო მონაცემებში პირვანდელი (2011 წლის ივლისამდე არსებული) მდგომარეობის აღდგენის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.02.2016წ. განჩინებით, ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ თ. ჩ-ე, მ. ქ-ა და ი. ჩ-ე, ხოლო 17.05.2016წ. საოქმო განჩინებით, ამავე მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ნ. ქ-ა და ამხანაგობა "...".
თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.03.2017წ. გადაწყვეტილებით ა. კ-ის და ე. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 13.07.2011წ. N882011328898-03 გადაწყვეტილება, თბილისში, ... ქ. N17/11-ში მდებარე N42.92 კვ.მ. სარდაფზე თ. ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.03.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მესამე პირმა თ. ჩ-ემ.
მესამე პირმა თ. ჩ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 13.07.2011წ. ... გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.2017წ. განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 დღიანი ვადა, განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. თ. ჩ-ეს განემარტა, რომ სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაეხადა 150 ლარის ოდენობით და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი უნდა წარედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, განჩინებით დადგენილ ვადაში, მისამართზე: თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა. აპელანტს ასევე განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების ასლი 05.07.2017წ. გაეგზავნა თ. ჩ-ეს, საქმეში არსებულ მისამართზე: თბილისი, ... 17/11 და კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა თ. ჩ-ის მამას რ. ჩ-ეს, 08.07.2017წ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.2017წ. განჩინებით თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.03.2017წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ჩ-ემ.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში - 10.07.2017წ. გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, თუმცა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარის წარდგენა ვერ მოახერხა სააპელაციო სასამართლოში. თ. ჩ-ის მოსაზრებით, მოქმედი კანონმდებლობა სავალდებულოდ არ მიიჩნევს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედანის წარდგენას, დოკუმენტის დედანის წარდგენის ვალდებულების შესახებ სსკ-ის 135-ე მუხლი შეეხება მხოლოდ წერილობით მტკიცებულებებს, იმ დოკუმენტებს, რომლებითაც მნიშვნელოვანი გარემოებები უნდა დამტკიცდეს. ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არა წერილობითი მტკიცებულება, არამედ ქმედების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტია. "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი რეგულაციების მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა და არამხოლოდ ის გარემოება, რომ აუცილებლად ქვითარი უნდა იქნეს წარდგენილი სასამართლოში. ქვითარი ნივთობრივად ადასტურებს გარემოებას, თუმცა კანონის მიზანი (ბაჟის გადახდა) თანხის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვით დასტურდება. დადასტურებულია, რომ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში მის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი, შესაბამისად, მიღწეულია კანონმდებლის მიზანი და გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ასევე უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით რეალურად კარგავს სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას, რომლის მიზეზიც არის არა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა, არამედ დროულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დოკუმენტის წარუდგენლობა - ფაქტის დაფიქსირება. თ. ჩ-ემ აღნიშნა, რომ საქმე შეეხება უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების რეალიზებას, რომელიც კონსტიტუციით და სამოქალაქო კანონმდებლობით არის დაცული. განსახილველ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია საკუთრების უფლების დაცვის, სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის პრინციპის და არა სასამართლოს დავალებით დროულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გათვალისწინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის დაცვით მოხდა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაგზავნა და შესაბამისად, ხარვეზის ვადაში გამოუსწორებლობის საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გამოტანა.
სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება სასამართლო აქტის მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით. სსკ-ის 71-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 04.07.2017წ. განჩინების ასლი 05.07.2017წ. გაეგზავნა თ. ჩ-ეს, საქმეში არსებულ მისამართზე: თბილისი, ... 17/11 და კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა თ. ჩ-ის მამას რ. ჩ-ეს, 08.07.2017წ. ხარვეზის შესახებ განჩინების თანახმად, აპელანტს დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი უნდა წარედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, აპელანტს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში თ. ჩ-ე არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის შესავსებად თ. ჩ-ისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის (7 დღის) ათვლა დაიწყო 09.07.2017წ., შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა დასრულდა 17.07.2017წ. (ორშაბათს, რადგან ვადის ბოლო დღე - 15 ივლისი იყო არასამუშაო დღე - შაბათი), აღნიშნულ ვადაში თ. ჩ-ეს სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენია განცხადება განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის ან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის მისთვის კანონით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარების ფაქტს, მეტიც, ადასტურებს, რომ ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრულ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, თუმცა გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენია (ქვითრის ასლი ერთვის საკასაციო სასამართლოსათვის წარმოდგენილ კერძო საჩივარს).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მითითება დოკუმენტის დედანის წარდგენის ვალდებულების არარსებობის თაობაზე, მოცემულ შემთხვევასთან შეუსაბამოა, ამასთანავე, კერძო საჩივართან ერთად წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი არ ქმნის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველს, რამდენადაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. ჩ-ეს ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრულ ვადაში, სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ ასეთის წარდგენის ვალდებულების შესახებ მას განჩინებით განემარტა. ამრიგად, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა დადგენილი ხარვეზის შევსების შედეგად სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესაძლებლობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინებით ხარვეზის დადგენის მიზანს წარმოადგენდა განსაზღვრულ ვადაში ქვითარის დედანის წარდგენით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დადასტურება, ხოლო ის გარემოება, მიიჩნევს თუ არა აპელანტი ბაჟის გადახდის ქვითარს წერილობით დოკუმენტად ან მიზანშეწონილი იყო თუ არა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარის წარდგენა ასლის სახით, სცილდება განსახილველი საკითხის ფარგლებს. როგორც აღინიშნა, საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით, დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენია (არც ქვითრის დედანი და არც მისი ასლი).
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი რეგულაციების მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა და არა ქვითრის სასამართლოში წარდგენა, განჩინებით განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდით მიღწეულია კანონმდებლის მიზანი და გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით პირს ეკარგება სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას, რომლის მიზეზიც არის არა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა, არამედ დროულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დოკუმენტის წარუდგენლობა - ფაქტის დაფიქსირება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივრის წარმოებაში მიღების ერთ-ერთ წინაპირობად სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაწესება, ბაჟის გადაუხდელობის შემთხვევაში კი ხარვეზის დადგენის შესაძლებლობა, ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და აღნიშნული არ ხელყოფს სასამართლო ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლებას. საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს საპროცესო ნორმებით და ბუნებრივია, საჩივრის ხარვეზიანობის შემთხვევაში, მხარისაგან სწორედ შესაბამისი მტკიცებულების წარდგენით მოითხოვს ხარვეზის შევსების დადასტურებას. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ფაქტი, იმ პირობებში, როდესაც ის ხარვეზის დამდგენი სასამართლოსათვის ცნობილი არ არის (მხარეს შესაბამისი დავალების მიუხედავად არ მოუხდენია სასამართლოს ინფორმირება), ავტომატურად ვერ წარმოშობს ხარვეზის შევსების წინაპირობას.
უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მითითება ასევე იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული უზენაესი სასამართლოს განჩინება (სუსგ 26.11.2008წ. Nბს-984-948(კს-08) არ შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარუდგენლობის შემთხვევას (როგორც ამას მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი), საკასაციო სასამართლომ მითითებულ საქმეზე შეაფასა არა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარუდგენლობის პირობებში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება, არამედ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ვადაში წარდგენის რეალურობა. ბაჟის განსაზღვრულ ვადაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხზე სასამართლო პრაქტიკის არსებობას ადასტურებს სუსგ 25.03.2010წ. Nბს-1571-1500(კს-09); 12.12.2011წ. Nბს-1686-1642(კ-10); 19.05.2010წ. Nბ-863-8(ა-10) და სხვ. განჩინებები.
სსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენილ საპროცესო ვადაში შეუვსებლობის გამო, სააპელაციო პალატას გააჩნდა თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.07.2017წ. განჩინება თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი