№ბს-587-584(კს-17) 14 სექტემბერი, 2017წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ა. ღ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 აპრილის განჩინება
დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 29 აგვისტოს ა. ღ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მისთვის რეგისტრირებული უმუშევრის სტატუსის მინიჭება (უმუშევრად დარეგისტრირება) და ასევე 6 თვის კომპენსაციის – 120 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ღ-მა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. ა. ღ-მა ასევე გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა საქმეში სს „...“ მესამე პირად ჩართვაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება. კასატორმა ასევე მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი განცხადება 2008 წლის 7 აპრილის სხდომის ოქმში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინებით ა. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება სს „...“ საქმეში მესამე პირად ჩართვაზე უარის თქმის შესახებ, ამავე პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება ა. ღ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და 2008 წლის 18 აპრილის განჩინება სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
2009 წლის 16 თებერვალს ა. ღ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. 2009 წლის 8 მაისს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2009 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
2009 წლის 20 მაისს ა. ღ-მა კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 აპრილისა და 13 მაისის განჩინებები.
ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინების გაუქმება და მისი განცხადების არსებითად განხილვა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინება.
ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის შუამდგომლობა მოსამართლე ლეილა მამულაშვილის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვიტოს განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. აღნიშნული განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინებების გაუქმება და მისი განცხადების დასაშვებად ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინება.
2012 წლის 23 იანვარს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2012 წლის 10 მაისს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დასაშვებად ცნობა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინება.
2013 წლის 9 იანვარს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ა. ღ-ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის ა. ღ-ის განცხადების დასაშვებად ცნობის და განცხადების არსებითი განხილვის დავალება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინება.
2013 წლის 22 ივლისს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინება.
2014 წლის 18 თებერვალს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ა. ღ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 მარტის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინება.
2015 წლის 21 მაისს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინება.
2016 წლის 4 ივლისს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინება.
2017 წლის 20 მარტს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ა. ღ-ი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებდა იმ ფაქტს, რომ დავის განხილვისას სს „...“ არ ყოფილა გამოთხოვილი მისი სამუშაოდან დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის ფაქტის გამაქარწყლებელი წერილობითი მტკიცებულება, რაც მისი აზრით, წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებას. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ აღნიშნულ გარემოებაზე, როგორც საქმის წარმოების განახლების საფუძველზე, ა. ღ-ი არაერთგზის უთითებდა მის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში სხვადასხვა დროს წარდგენილ განცხადებებში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელს აღნიშნული გარემოების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში განცხადების შეტანამდე რამდენიმე წლით ადრე. ამასთან, აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების საკითხი სასამართლოებმა არაერთი განჩინებით უარყოფითად გადაწყვიტეს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა. ღ-ის სარჩელზე არსებითი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან (31.12.2008წ.) 5 წელზე მეტი იყო გასული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და საქმის არსებითი განხილვის შედეგად სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა არსებითად არ იმსჯელეს მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და ზედაპირულად განიხილეს დავა, რაც განპირობებულია სასამართლოს მიკერძოებითა და არაობიექტურობით. სააპელაციო სასამართლოს პირდაპირ განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა განცხადება. სასამართლოს განცხადება უნდა დაეტოვებინა ხარვეზზე და შემდგომ თუ განცხადება არ დააკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, მხოლოდ მას შემდეგ შეეძლო ემსჯელა განუხილველად დატოვების თაობაზე.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნების ფაქტის გამაქარწყლებელი წერილობითი მტკიცებულება სასამართლომ უნდა გამოითხოვოს სს „...“, რის თაობაზეც მას არაერთხელ აქვს დაყენებული შუამდგომლობა, რაც ასევე წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 421-ე, 423-ე, 426-ე, 427-ე, 431-ე მუხლების დანაწესები.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ დაცული აქვს როგორც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების, ასევე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადები.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას იმ საფუძვლით, რომ სარჩელი თავისი არსით წარმოადგენს სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხს.
ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა ერთპიროვნულად განეხილა განცხადება. განჩინება უნდა მიეღო სასამართლოს კოლეგიურ შემადგენლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული და ყველა წინმსწრები განჩინება, უნდა განახლდეს საქმის წარმოება და მოხდეს სარჩელის სრული დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 მარტს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და განმარტავს, რომ სსსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. სსსკ-ის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების საფუძველია ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამდენად, მითითებული ნორმა ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების, ანუ ფაქტობრივად საქმის ხელახლა განხილვის შესაძლებლობას, თუ მხარისათვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ცნობილი გახდება საქმის განხილვისას მისთვის ახალი რაიმე გარემოება ან მტკიცებულება, რომელიც საქმის განხილვის სტადიაზე ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის, გამოიწვევდა სხვაგვარი, მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების დადგენას. ამასთან, სსსკ-ის 426-ე მუხლის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განსჯად სასამართლოში შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც განმცხადებლისთვის ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ა. ღ-ი სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებდა იმ ფაქტს, რომ დავის განხილვისას სს „...“ არ ყოფილა გამოთხოვილი მისი სამუშაოდან დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის ფაქტის გამაქარწყლებელი წერილობითი მტკიცებულება, რაც კერძო საჩივრის ავტორის აზრით, წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ გარემოებაზე, როგორც საქმის წარმოების განახლების საფუძველზე, ა. ღ-ი არაერთგზის უთითებდა მის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში სხვადასხვა დროს წარდგენილ განცხადებებში. ამდენად, დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორს მითითებული გარემოების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში განცხადების შეტანამდე რამდენიმე წლით ადრე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ ა. ღ-ის განცხადების განუხილველად დატოვებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს უფლება ხარვეზის დადგენის გარეშე დატოვოს საქმე განუხილველად, თუ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს განსჯადობის წესებს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ისLLII თავის შესაბამისად, განცხადების დასაშვებობის სტადიაზე სასამართლო ამოწმებს ორ კრიტერიუმს: 1. განცხადების წარდგენის ვადის დაცულობას და 2. განცხადების სსსკ-ის 427.1. მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 427.1 მუხლი განსაზღვრავს განცხადების შინაარსს; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განმცხადებლისათვის განცხადებაზე ხარვეზის დადგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ განცხადება არ შეიცავს ამავე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილ საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადებისათვის სავალდებულო რომელიმე რეკვიზიტს. ამავე კოდექსის 285-ე მუხლი ადგენს იმ კრიტერიუმებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განჩინების შინაარსი. ამდენად, როგორც განცხადებაზე ხარვეზის დადგენა, ისე განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ მოთხოვნის არსებითად განხილვის შედეგად მიღებული განჩინებით 2016 წლის 4 ივლისის განცხადებაში დასმულ საკითხებზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნებოდა თუ თავად განცხადება დააკმაყოფილებდა იმ პირობებს, რომლებიც მისი განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს უფლება არ ჰქონდა ერთპიროვნულად განეხილა მისი საქმე, ვინაიდან ა. ღ-ის თავდაპირველი სარჩელის დავის საგანია უმუშევრად დარეგისტრირება (რეგისტრირებული უმუშევრის სტატუსის მინიჭება) და უმუშევრის შემწეობის გაცემა. აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო ა. ღ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი განეხილა და გადაეწყვიტა ერთპიროვნულად.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, კერძო საჩივრის ავტორის საბოლოო მიზანს წარმოადგენს მის სარჩელზე საქმის წარმოების განახლება და სარჩელის დაკმაყოფილება, რაც განმცხადებლის მოსაზრებით შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განჩინებისა და მისი წინმსწრები ყველა განჩინებისა და გადაწყვეტილების გაუქმების შედეგად იმ ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძვლით, რომელზედაც იგი მიუთითებდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევა შეუძლებელია განსახილველი კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განჩინების გაუქმების შემთხვევაშიც, ვინაიდან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა. ღ-ის სარჩელზე არსებითი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან (31.12.2008წ.) 5 წელზე მეტია გასული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ღ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 აპრილის განჩინება მიღებულია საპროცესო ნორმათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, 426-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი