საქმე №ბს-321-319(2კ-17) 4 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ნ. კ-ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ა. მ-ე (მოსარჩელე)
მოპასუხე - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 11 ნოემბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ა. მ-ემ მოპასუხეების თვითმმართველი თემის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ. კ-ის მიმართ და მოითხოვა 2000 წლის 2 დეკემბრის თარიღით გაცემული საიჯარო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და საიჯარო ფართიდან ა. მ-ის კუთვნილი 2301 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის ამორიცხვა, ასევე უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელ №27 ოქმში შესწორების შეტანა და ა. მ-ის კუთვნილი 2301 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის ამორიცხვა. 2015 წლის 3 ივლისის სასამართლო სხდომაზე ა. მ-ის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა: ბათილად იქნას ცნობილი დუშეთის რაიონის გამგეობასა და ნ. კ-ს შორის დადებული 2000 წლის 2 დეკემბრის საიჯარო ხელშეკრულება ა. მ-ის კუთვნილი 2301 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნ. კ-ისთვის იჯარით გადაცემის ნაწილში; ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიული ორგანოს 2009 წლის 18 მაისის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №27 ოქმი ა. მ-ის კუთვნილი 2301 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნ. კ-ისთვის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით
ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის რაიონის გამგეობასა და ნ. კ-ს შორის დადებული 2000 წლის 2 დეკემბრის საიჯარო ხელშეკრულება ა. მ-ის კუთვნილი 2301 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნ. კ-ისთვის იჯარით გადაცემის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიული ორგანოს 2009 წლის 18 მაისის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №27 ოქმი ა. მ-ის კუთვნილი 2301 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნ. კ-ისთვის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ნ. კ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ნ. კ-ისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ნ. კ-მა.
კასატორმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით. ასევე საჯარო რეესტრის ჩანაწერით განისაზღვრება უძრავი ქონების ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და უძრავი ქონების ფართობი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიული ორგანოს 2009 წლის 18 მაისის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემისას პრივატიზების საგანს შეადგენდა ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი, რომელსაც ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლი არ გააჩნდა. შესაბამისად, კასატორისთვის გაურკვეველია კიდევ რა გარემოების გამოკვლევის ვალდებულება გააჩნდა შეძენის დამადასტურებელი ოქმის გამცემ ორგანოს - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს. კასატორისთვის ასევე გაურკვეველია, თუკი ხელშეკრულების საგანს არ გააჩნია ნივთობრივი ნაკლი ან მასზე სხვა პირს არ შეუძლია განაცხადოს პრეტენზია (როგორც ეს იყო სადავო შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემისას), რა გარემოება უნდა იქნეს დამატებით გამოკვლეული.
კასატორმა - ნ. კ-ი მიუთითებს, რომ ა. მ-ისათვის სადავო მიწის ნაკვეთის გადაცემა განხორციელდა გაყალბებული დოკუმეტების საფუძველზე, რადგან დუშეთის მიწის იჯარით გაცემის რაიონული კომისის 2000 წლის 27 აპრილის №24 საოქმო გადაწყვეტილებით რადიოსადგურში მცხოვრები ს.(ა)მ-ეს შპს „...“ გარაჟის გარშემო ტერიტორიაზე არსებული 0,4 ჰა მიწის ნაკვეთი გადაეცა იჯარით. აღნიშნული ოქმის დედანი არ არსებობს და დაუმოწმებელი ასლის მე-5 გვერდის ბოლო დადგენილების ჩანაწერი კი ასე იკითხება: „მოისმინეს რადიოსადგურში მცხოვრები ს. მ-ის განცხადება, რომელიც აღნიშნავს, რომ შპს ... გარაჟის ტერიტორიაზე შეისყიდა ფარდული, იგი ითხოვს მის გარშემო ტერიტორიას იჯარით, რომელიც შეადგენს 0,4 ჰა-ს...დაადგინეს: მიეცეს ს. მ-ეს აღნიშნული მიწის ფართობი 0.4 ჰა. ეთხოვოს მიწის მართვის სამმართველოს მოახდინოს აღნიშნული ტერიტორიის გამიჯვნა და შეადგინოს სათანადო დოკუმენტაცია“. აღნიშნულ ჩანაწერში თავდაპირველად, გაურკვეველია, თუ ვინ არის ს. მ-ე. ამასთან, დადგენილებაში კონკრეტულად არ არის მითითებული გამოყოფილი ტერიტორიის შესახებ და არც მიწის მართვის სამმართველოს მოუხდენია ტერიტორიის გამიჯვნა, რაც იმ დროს მოქმედი კანონით (საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს№446 ბრძანებულება) 10 დღეში უნდა მომხდარიყო და არა 6 წლის შემდეგ. თუმცა, აღნიშნული აუცილებელი პროცედურები, არც 2006 წელს ჩატარებულა. კასატორის მოსაზრებით ოქმში დასახელებულ პიროვნებას საგარაჟე ფარდული შეძენილი აქვს აღნიშნული ოქმის შედგენიდან ერთი წლის შემდეგ - 2001 წლის 4 აპრილს და არა 2000 წლის აპრილში, რაც დადასტურებულია იმავე ფარდულის ნასყიდობის ხელშეკრულებით და ერთვის კიდეც საქმეს.
კასატორის მოსაზრებით, ასევე გაყალბებული დოკუმენტებია დუშეთის რაიონის გამგებლის 2006 წლის 14 მარტის №45 დადგენილება და საიჯარო კომისიის 2006 წლის 12 მარტის იჯარის ობიექტის აღწერილობის ოქმის ასლები, რადგან შეუძლებელია დადგენილების გამოცემამდე 2 დღით ადრე გამოცემულიყო. ამასთან, გამგებელს არ ჰქონდა მიწის ერთპიროვნულად განკარგვის უფლება, გაურკვეველია რის საფუძველზე ჩაწერეს ტერიტორიის მდებარეობა და რის საფუძველზე დაადგინეს საზღვრები ისე, რომ მთლიანად გადაუჭრა მიწის ნაკვეთი კ-ს და მოსაზღვრედაც არ უჩვენეს გაყალბებულ ოქმში. ასევე, ა. მ-ეს მხოლოდ ნაწილი ჰქონდა ქირის გადახდილი, როდესაც მას შესრულებულად ჩაეთვალა საგადასახადო ვალდებულება.
კასატორი ასევე უთითებს, რომ მისი შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ 2000 წლის შემდეგ ა. მ-ეს არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია ნ. კ-ის მიწის ნაკვეთთან, რაც სასამართლომ ნ. კ-ის საწინააღმდეგოდ გამოიყენა ა. მ-ის სხვა მოწმეთა ჩვენებებთან ერთად.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტთა შუამდგომლობა ადგილზე დათვალიერების თაობაზე და არ გაიზიარა პრეტენზიები ა. მ-ის მიერ აღძრული სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით ნ. კ-ისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩვრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა საქმეზე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოებების საფუძველზე მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელდა ერთიდაიგივე უძრავი ქონების - 2301 კვ.მ. მიწის ფართის ჯერ ა. მ-ეზე შემდეგ კი ნ. კ-ზე განკარგვა. ამდენად, თავისი შინაარსით ა. მ-ის სახელზე 2006 წელს მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის არსებობა გამორიცხავდა შემდეგ ნ. კ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რის გამოც არსებობს სასამართლოს მიერ ნ. კ-ის უფლების დამდგენი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი (იხ. სუს 10.11.10წ. №ბს-1563-1092(2კ-09) განჩინება). ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკითხის გადაწყვეტისას არ იყო გამოკვლეული საქმის მასალები სრულყოფილად და გასაჩივრებულ ნაწილში მიღებულ იქნა უკანონო გადაწყვეტილებები იჯარის ხელშეკრულების დადებისა და მიწის და სხვა უძრავი ნივთის შეძენის დამადასტურებელი N27 ოქმის შედგენისას შესაბამისად, გამოიცა უკანონო N27 საოქმო გადაწყვეტილება და დადო კანონსაწინააღმდეგო გარიგება - 2000 წლის 2 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულება დუშეთის რაიონში არსებული - 2301 კვ.მ მიწის ნაკვეთის გასხვისების ნაწილში, ვინაიდან ეს ფართი წარმოადგენდა ა. მ-ის სარგებლობაში არსებულ და შემდგომში საკუთრებაში არსებულ 0.4 ჰა მიწის ნაკვეთის ნაწილს.
საკასაციო პალატა ასევე სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 1 აპრილის №882009086828-03 გადაწყვეტილების მიღებამდე და 2009 წლის 2 ივნისის სარჩელის წარდგენამდე ა. მ-ისთვის, რომ ცნობილი იყო 2000 წლის 2 დეკემბრის საიჯარო ხელშეკრულების შესახებ საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დასტურდება. შესაბამისად, 2000 წლის 2 დეკემბრის საიჯარო ხელშეკრულების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, რადგან მოცემული სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2014 წლის 11 ნოემბერს და დაცულია სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული - 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, როგორც 2009 წლის 2 ივნისიდან, ასევე 2009 წლის 1 აპრილიდან ათვლით.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინება;
3.კასატორს - ნ. კ-ს (პ/ნ 01024016075) დაუბრუნდეს 04.04.2017წ. №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით როლანდ ვარაზაშვილის (პ/ნ 01010008717) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე