საქმე #330310014411731
#ბს-560-557(კ-17) 14 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 20 იანვარს ააიპ „...“, ე. წ-მა, ნ. ხ-ამ, თ. გ-ემ, ს. ტ-ემ, ნ. ფ-ამ, მ. გ-მა, ს. ფ-ემ, ს. მ-ემ, ნ. გ-მა, ა. უ-ემ, ი. ი-ემ და თ. ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეებმა მოპასუხისთვის მოსარჩელეების - ე. წ-ის, ნ. ხ-ას, თ. გ-ის, ს. ტ-ის, ნ. ფ-ას, მ. გ-ის, ს. ფ-ის, ს. მ-ის, ნ. გ-ის, ა. უ-ის, ი. ი-ისა და თ. ჯ-ის სასარგებლოდ თითოეულისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელე ააიპ „...“ სასარგებლოდ 1 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ე. წ-ის, ნ. ხ-ას, თ. გ-ის, ს. ტ-ის, ნ. ფ-ას, მ. გ-ის, ს. ფ-ის, ნ. გ-ის, ა. უ-ის, ი. ი-ის, თ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა თითოეულისთვის 1000 ლარის გადახდა, ხოლო ს. მ-ის სასარგებლოდ - 1500 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელდა ყველა საჭირო ღონისძიება, რათა არ მომხდარიყო ადამიანის საყოველთაო უფლებების ხელყოფა. 2013 წლის 17 მაისს დაგეგმილ აქტიებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დაიგეგმა მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებები, რომლებშიც მობილიზებული იყო ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლები. რუსთაველის და თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციების დროს საზოგადოების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2765 თანამშრომელი.
კასატორის მითითებით, აქციის მონაწილეთა დამატებითი გარანტიების შექმნისა და დარღვევათა პრევენციის მიზნით, აქციის ჩატარებამდე ორი დღით ადრე საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა აქციის მონაწილეთა მიმართ აგრესიული ქმედებების განეიტრალებაში დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სასულიერო პირების თავისუფლების მოედანზე დაშვება მიზნად ისახავდა აქციის მონაწილეთა ნაწილის მიმართ წესრიგის დაცვისაკენ მოწოდებას და ზოგადად, აგრესიული ქმედებების განეიტრალებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „...“ შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში აქციის მონაწილეთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა უნდა განხორციელებულიყო სამინისტროს მიერ საგანგებოდ უფლებამოსილი მობილიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. ასევე, აქციის ჩატარების ადგილზე მოეწყო ბარიერები, მობილიზებული იყო მუნიციპალური ტრანსპორტი, გაკეთდა დერეფანი, რომლის საშუალებითაც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნებოდა მონაწილეთა უსაფრთხო გადაყვანა.
კასატორის განმარტებით, მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა კონდემონსტრატთა დიდი რაოდენობა, სამინისტროს წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „...“ ხელმძღვანელს შესთავაზეს აქციის უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასვლა, რაზედაც უარი განაცხადეს.
კასატორი აღნიშნავს, რომ აქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აგრეთვე, მისი მშვიდობიანად ჩატარებისა და დასრულების მიზნით, თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა ყველა საჭირო პროპორციული და ადეკვატური ღონისძიება. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოთა მიერ არ იქნა გათვალისიწნებული აღნიშნული გარემოებები, რაც ზიანის ანაზღაურების თაობაზე აღძრულ სარჩელში არსებითი იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და ვიდეომასალით დგინდება, რომ მოსარჩელეთა მიმართ სხვა პირების მიერ განხორციელდა ღირსების შემლახველი ქმედებები, მათ აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც ცალსახად წარმოადგენს მოსარჩელეთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე მართებულად დაადგინეს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელეთა მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა.
წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვა უშუალოდ შეეხება სახელმწიფოს. ეს აკრძალვა მისი ნეგატიური ვალდებულებაა. მაგრამ სახელმწიფოს იმავდროულად ეკისრება პოზიტიური ვალდებულებაც, რომ თავის იურისდიქციაში მყოფი ადამიანები დაიცვას კერძო პირთა მხრიდან ასეთი მოპყრობისაგან.
საქართველოს კონსტიტუციის 42.9 მუხლის საფუძველზე ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან, ხოლო სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაც. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისგან დამოუკიდებლად.
ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სახეზეა პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირის არსებობა ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შეუსრულებლობასა და მოსარჩელეთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევას შორის. მართალია, აქციის ჩატარების ადგილას იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, თუმცა აქციის ტერიტორიაზე პოლიციელების მობილიზება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყო პირთა კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების დაცვა. საზოგადოებაში არსებული ნეგატიური დამოკიდებულის ფონზე, შესაძლებელი იყო რისკების სათანადო შეფასება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის ვალდებულებაცაა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, უნდა გამოეყენებინა მის ხელთ არსებული, კანონით მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველეყო მოსარჩელეთა დაცვა ღირსებისა და პატივის შემლახველი ქმედებებისაგან, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისაგან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი