Facebook Twitter

საქმე #330310016001383547

#ბს-581-578(კ-17) 14 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 3 ივნისს გ. ჭ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უწყებათაშორისი კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მის ნაწილში „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის #45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2016 წლის 24 მარტის სხდომის #24 ოქმის ბათილად ცნობა და უწყებათაშორის კომისიისთვის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, გ. ჭ-ისათვის დახმარების დანიშვნის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიეთითა - „შრომითი მოვალეობების შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის #45 დადგენილების შესასრულებლად შექმნილი უწყებათაშორისი კომისია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის #45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2016 წლის 24 მარტის სხდომის #24 ოქმი გ. ჭ-ის ნაწილში და იმავე კომისიას დაევალა სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე გ. ჭ-ის განცხადებასთან დაკავშირებით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოებისას უწყებათაშორისი კომისია დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანოდან, კერძოდ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას - 2013 წლის 8 ოქტომბრის #5/31079 წერილს, რომლითაც ვერ დგინდებოდა (...) ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმა და ფაქტობრივად მითითებული საწარმოს შესახებ არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, ვინაიდან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მიღებული პასუხის თანახმად, საწარმოების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად ესაჭიროებოდათ საწარმოთა საიდენტიფიკაციო კოდები, რაზეც სოციალური მომსახურების სააგენტო არ ფლობდა და არც შეიძლება ფლობდეს არანაირ ინფორმაციას.

ასევე, გ. ჭ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ მან ნამდვილად („...“) მუშაობის გამო მიიღო დაზიანება და წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად (აქტი #4) იგი მუშაობდა სსრკ - სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს „...“ ...-ე საგვირაბო რაზმში, რის გამოც მას უარი ეთქვა შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის გამო სარჩოს დანიშვნაზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის #45 დადგენილების საფუძველზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისია საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას ემყარება წარდგენილ და მოძიებულ დოკუმენტებს.

კასატორის მითითებით, უწყებათაშორისმა კომისიამ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც დასტურდება სააგენტოს 2013 წლის 19 ივლისის წერილით. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან კანონმდებელმა განსაზღვრა შესაბამისი პირთა წრე (სუბიექტები) და შესაბამისი საწარმოები, სადაც შრომითი მოვალეობის შესრულებისას პირებმა მიიღეს დაზიანებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ გ. ჭ-ი დასაქმებული იყო სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს „...“ ...-ე საგვირაბო რაზმის ... თანამდებობაზე და მან საწარმოო პროცესში, თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სიმაღლიდან ვარდნის გამო მიიღო მძიმე ტრამვა. გ. ჭ-მა გაიარა სამედიცინო შემოწმება და მას დაუდგინდა თავის ტვინის შერყევის ნარჩენი მოვლენები, კიდურების ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითება და სხვა, ასევე შრომისუუნარობა.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის #45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის 25 პუნქტის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 2001 წლის 11 დეკემბრამდე (საწარმოს ლიკვიდაციის რეგისტრაციის თარიღამდე) დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება „... სამშენებლო სამმართველოში“ („...“) მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. ჭ-მა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის #45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილ უწყებათაშორის კომისიას მიმართა, როგორც საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის #45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის 25 პუნქტით გათვალისწინებულმა მაძიებელმა, ხოლო ამავე წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ადგენს ამ წესის მე-5 მუხლის 25 პუნქტით გათვალისწინებული მაძიებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს, კერძოდ, ასეთი კატეგორიის მაძიებელმა, პირადობის მოწმობასთან ერთად უნდა წარადგინოს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც მითითებული იქნება მიზეზობრივი კავშირი – პროფესიული დაავადება ან შრომითი დასახიჩრება და პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი (პროცენტებში), მიუხედავად სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერის მოქმედების ვადის ამოწურვისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული უბედური შემთხვევის აქტი, სადაც მითითებული იქნება დამსაქმებლის ბრალეულობა (მხოლოდ შრომითი დასახიჩრების შემთხვევაში).

დადგენილია, რომ გ. ჭ-მა განცხადებასთან და პირადობის მოწმობასთან ერთად, კომისიას წარუდგინა სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც მითითებულია მიზეზობრივი კავშირი – პროფესიული დაავადება ან შრომითი დასახიჩრება და პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი (პროცენტებში) და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული უბედური შემთხვევის აქტი, სადაც მითითებულია დამსაქმებლის ბრალეულობა.

შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, აღნიშნული კატეგორიის მაძიებლის მიერ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების წარდგენის სავალდებულოობასთან დაკავშირებით მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს. უწყებათაშორისმა კომისიამ მოსარჩელე გ. ჭ-ს დამატებით მოსთხოვა ისეთი დოკუმენტის წარდგენა, რაც შესაბამისი კატეგორიის მაძიებლისათვის კანონით გათვალისწინებული არ არის და არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის გამოც განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი