ბს-264-262 (2კ-17) 26 ოქტომბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შსს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებისა და ე. ყ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.2016წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჰ. ფ. ჰ-მა და მ. ჰ. ა. ქ-იმ 10.07.2015წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების მიმართ და მოითხოვეს უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ შსს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების 21.04.2015წ. ოქმის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ხელშეშლის აღკვეთის - ე. ყ-ის სადავო ფართიდან გამოსახლების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.09.2015წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ე. ყ-ი, ხოლო 13.10.2015წ. განჩინებით - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ამავე სასამართლოს 13.11.2015წ. განჩინებით ე. ყ-ს შეეცვალა საპროცესო სტატუსი და საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.12.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ შსს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების 21.04.2015წ. ოქმი, მე-7 განყოფილებას დაევალა საკუთრების ხელშეშლის აღკვეთა - სადავო ფართიდან ე. ყ-ის გამოსახლება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შსს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებამ და ე. ყ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.2016წ. გადაწყვეტილებით შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების და ე. ყ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.12.2015წ. გადაწყვეტილება შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებისათვის ე. ყ-ის სადავო ფართიდან გამოსახლებისა და მოსარჩელეთათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.12.2015 წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შსს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებამ და ე. ყ-მა.
კასატორმა შსს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებამ აღნიშნა, რომ განყოფილების უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს ამონაწერი, რომელიც ადასტურებდა ე. ყ-ის საკუთრების უფლებას სადავო ფართზე, პოლიციის წარმომადგენელთათვის იყო უტყუარი. აგრეთვე მათთვის ცნობილი არ იყო ჰ. ფ. ჰ-ისა და მ. ჰ. ა. ქ-ის საკუთრების უფლების შესახებ. ე. ყ-ის მიერ განყოფილებაში წარდგენილი დოკუმენტები საკმარის საფუძველს ქმნიდა ფართის გამოთავისუფლებისა და ე. ყ-ისათვის გადაცემისთვის. მოსარჩელეთა ფართის პირველი მესაკუთრის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზი მნიშვნელოვნად განსხვავდება მოსარჩელეთა მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი აზომვითი ნახაზისაგან. რეალურად მოსარჩელეების ფართი მდებარეობს სადავო უძრავი ქონების საპირისპირო მხარეს. პოლიციის განყოფილების ვალდებულებას არ წარმოადგენს საჯარო რეესტრის ამონაწერის ნამდვილობასთან დაკავშირებით დამატებითი გარემოებების გამოკვლევა, ასევე არ არის სავალდებულო უძრავი ნივთის საკადასტრო რუკისა და გეგმის გამოთხოვა, თუ არ არის საეჭვო უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა. პოლიციის სადავო გადაწყვეტილება დაეყრდნო ე. ყ-ის განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებს, რომლებითაც დგინდებოდა ფართის მდებარეობა.
კასატორმა ე. ყ-მა აღნიშნა, რომ სასამართლომ სრულად და ობიექტურად არ შეაფასა N2 სახელოსნოზე მისი უფლებადამდგენი დოკუმენტები, არ იმსჯელა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამდგენ დოკუმენტაციაზე, დაუსაბუთებლად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული მოტივაცია. არასწორია სასამართლოს მოსაზრება, რომ N2 სახელოსნოს ადგილმდებარეობის საეჭვოობის გამო განყოფილებას უნდა შეეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება, რადგან ე. ყ-ის მიერ განყოფილებაში წარდგენილი მასალებით უტყუარად დგინდებოდა მის საკუთრებაში არსებული ფართის მდებარეობა. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერით არ შეიძლებოდა დადასტურებულიყო სადავო ფართის მდებარეობა. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა არასრულად შეფასებით სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 24.05.2007წ №747 ბრძანების მე-8 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი. სადავო აქტის გამოცემისას ორგანომ სრულად გამოიკვლია საქმის გარემოებები და ჩაატარა კანონშესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ N19ა ბინის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით არ შეაფასა ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტები, კერძოდ ის, რომ მოსარჩელეთა ბინის ყოფილმა მესაკუთრემ - მ. ჯ-მა 2008 წ. საჯარო რეესტრში წარადგინა ბინის აზომვითი ნახაზი, რომელიც სრულიად განსხვავდება მოსარჩელეთა მიერ რეესტრში 2012წ. წარდგენილი აზომვითი ნახაზისაგან. რეალურად N19ა ბინა მდებარეობს სხვა სადარბაზოში, სადავო ფართის მოპირდაპირე მხარეს. N19ა ბინის პრივატიზების ხელშეკრულებაში მითითებული არ არის სადარბაზოს ნომერი, ასევე სააღრიცხვო მასალებში სართულებრივ ნახაზზე ყვითლად მონიშნული ფართი შესაძლოა მოქალაქის მიერ იყოს მონიშნული, ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო ფართზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შსს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებისა და ე. ყ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 24.05.2007წ. N747 ბრძანებით დამტკიცებული „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის“ მიხედვით უძრავი ნივთის ზუსტი ადგილმდებარეობის დაუდგენლობა ქმნიდა წარმოების შეწყვეტის საფუძველს (მე-8 მუხ. „დ“ ქვ.პ.). ე. ყ-ის მიერ განყოფილებაში წარდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად ვერ ხდებოდა მის საკუთრებაში არსებული ფართის იდენტიფიკაცია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გამოთავისუფლებული ფართი ირიცხება მოსარჩელეთა საკუთრებაში, მათ სახელზე შესრულებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი და ფართზე უფლებადამდგენი დოკუმენტები დღემდე ძალაშია. ამდენად, ამ ეტაპზე პოლიციის მე-7 განყოფილების მიერ მოსარჩელეთა საკუთრებაში რიცხული ფართის ე. ყ-ის მფლობელობაში გადაცემა ვერ იქნება მიჩნეული მართლზომიერად.
რაც შეეხება, ე. ყ-ის მითითებებს მოსარჩელეთა სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის კანონშეუსაბამობასთან დაკავშირებით, სასამართლო მათზე ვერ იმსჯელებს, რადგან აღნიშნული წარმოადგენს ცალკე დავის საგანს. ვიდრე რეესტრის ჩანაწერის არამართლზომიერება არ დადასტურდება ჩანაწერი სრულად და უტყუარად მიიჩნევა („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხ., სკ-ის 312-ე მუხ.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შსს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებისა და ე. ყ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთანავე, ე. ყ-ს (პ.ნ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.02.2017წ. N5 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შსს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებისა და ე. ყ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.2016წ. გადაწყვეტილება;
3. ე. ყ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.02.2017წ. N5 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი