Facebook Twitter

საქმე # 330310015787944

ბს-303-301(2კ-17) 12 ოქტომბერი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2016წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ხ-ემ 24.04.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის მიმართ და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2015წ. სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონნკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ 12.01.2015წ და 17.01.2015წ. მ. ხ-ესთან ჩატარებული გასაუბრების შედეგები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის 24.02.2015წ. N2 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება მ. ხ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 24.02.2015წ. N11 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება მ. ხ-ის ნაწილში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგებლის 02.03.2015წ. N 175 და 04.03.2015წ. N201 ბრძანებები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25.02.2015წ. N805 და N980 ბრძანებები, დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარება იმ თანამდებობებზე, რომლებზეც მოსარჩელეს შეტანილი ჰქონდა საკონკურსო განაცხადები. ამავე სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ დამატებით მიუთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2015წ. საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ს. კ-ე, თ. გ-ე, მ. ჩ-ე და ს. უ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.10.2015წ. გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ 12.01.2015წ და 17.01.2015წ. მ. ხ-ესთან ჩატარებული გასაუბრების შედეგები, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის 24.02.2015წ. N2 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება მ. ხ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 24.02.2015წ. N11 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება მ. ხ-ის ნაწილში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მ. ხ-ესთან მიმართებით ახალი აქტის გამოცემა. დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2016წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.10.2015წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობამ.

კასატორებმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიამ აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არასწორად განმარტა კანონი. კომისიების მითითებით, სააპელაციო პალატამ სადავო აქტები ბათილად ცნო იმ პროცედურების არარსებობის გამო, რაც კონკურსის ჩატარების წესის განმსაზღვრელი აქტებით არ ყოფილა დადგენილი. კერძოდ, არც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 10.10.2014წ. N11-22 დადგენილებით, არც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 01.10.2014წ. N1900 ბრძანებით და არც საქართველოს მთავრობის 18.06.2014წ. N412 დადგენილებით არ იყო გათვალისწინებული კომისიის ვალდებულება ეწარმოებინა საოქმო ჩანაწერი და გასაუბრება ჩაეტარებინა წინასწარ დადგენილი კითხვარისა და კრიტერიუმების მიხედვით.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ საქმეში წარმოდგენილია კომისიის თითოეული დამსწრე წევრის მიერ შევსებული ინდივიდუალური შეფასების ფორმა, რომელშიც პუნქტობრივადაა მოცემული ექვსი კრიტერიუმი, რომელსაც ითვალისწინებდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 01.10.2014წ. N1900 ბრძანება. შესაბამისად, გაუგებარია სასამართლოს მითითება კრიტერიუმების არარსებობაზე. კომისისების მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ემსჯელა სადავო გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობაზე და არა მიზანშეწონილების ასპექტებზე და იმ ნორმატიული აქტებით დადგენილი პროცედურების კანონიერებაზე, რის საფუძველზეც მოქმედებდა გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. ამასთანავე, კასატორების მოსაზრებით, მოსარჩელის მხრიდან არ წარმოდგენილა არცერთი მტკიცებულება, რომელიც სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

კასატორმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობამ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 01.10.2014წ. N1900 ბრძანების შესაბამისად, კომისიის თითოეული წევრი ავსებდა კანდიდატის ინდივიდუალური შეფასების ფორმას წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მოქმედებდა მკაცრად განსაზღვრული პროცედურებისა და კრიტერიუმების მიხედვით. ამასთანავე, სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებულია სასამართლოს მითითება გასაუბრების აუდიო ჩაწერასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტი გამოსცეს საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, თუმცა კონკრეტულად რა სახით ჩატარდება აღნიშნული გარემოებების შესწავლა, დამოკიდებულია ორგანოზე და კანონმდებლობა არ ადგენს ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის აუცილებლად განსახორციელებლად მოქმედებებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრებს დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჯარო სამსახურში შესვლის თანაბარი შესაძლებლობა, მათი უნარის, კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად. საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მიიღწევა კანდიდატთა გამჭვირვალე, ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასების გზით. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი მიმდინარეობდეს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, რათა არ მოხდეს კონკურსანტთა არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული კონკურსის კანონიერების შემოწმება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. საქმეში დაცული მასალებით, ვერ დგინდება გასაუბრების ეტაპის მიმდინარეობა, კანდიდატებისთვის, მათ შორის მ. ხ-ისთვის დასმული შეკითხვების შინაარსი და მათზე გაცემული პასუხები. კანდიდატთა შეფასება მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით და კომისიის წევრების მიერ შემოხაზული ქულები არ ადასტურებს გასაუბრების ეტაპის ობიექტურად ჩატარებას. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეძლოს კონკრეტული მტკიცებულებებით დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილების მართლზომიერება და თითოეული კონკურსანტისათვის უპირატების მინიჭება, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს გამგეობის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2016წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი