ბს-353-350(2კ-17) 05 ოქტომბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. გ-ამ, თ. კ-ამ და თ. კ-ამ 31.03.2015წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ. კ-ას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ე. გ-ას, თ. კ-ასა და თ. კ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ნაწილში ბათილად ცნობისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 17.09.2012წ. N17/09/01 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელეებმა 20.05.2015წ. დაზუსტებული სარჩელით დააზუსტეს მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ საქართველოს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, მესამე პირად კი მ. კ-ა მიუთითეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.06.2015წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.09.2015წ. გადაწყვეტილებით ე. გ-ას, თ კ-ას და თ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 17.09.2012წ. N17/09/01 განკარგულება ე. გ-ას, თ კ-ს და თ. კ-ას ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და მ. კ-ას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოსარჩელეთა ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2017წ. განჩინებით საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.09.2015წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორმა - საქართველოს პრეზინდენტმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რამაც განაპირობა საქმეზე უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. კასატორის მითითებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვლითა სამინისტრომ მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სამინისტროს მიემართა საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი შუამდგომლობით კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილებისათის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის მოთხოვნით. აღნიშნულის შემდეგ სამინისტრომ სათანადო შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად გადააგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რის შემდეგაც გამოიცა სადავო განკარგულება. ამასთანავე, საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, როომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეები სადავო აქტის გამოცემის დროს პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ ფართში არ ცხოვრობდნენ. თავად მოსარჩელეები აცხადებენ, რომ ისინი მ. კ-ასთან ერთად დღემდე ცხოვრობენ გადაცემულ ფართში ანუ დღემდე წარმოადგენენ ერთ ოჯახს.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 28.05.2009წ. N403 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტარტეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ თანახმად, პრივატიზების ხელშეკრულებას ხელს აწერდა დევნილი ოჯახის ერთ-ერთი სრულუფლებიანი წევრი და არა ოჯახის ყველა წევრი. სადავო არ არის, რომ ე. გ-ა და მ. კ-ა წარმოადგენდნენ ერთ ოჯახს, შესაბამისად, მოსარჩელის თანხმობა საჭირო არ იყო ხელშეკრულების დადების დროს.
კასატორმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. მოსარჩელეებისა და მ. კ-ას ერთ ოჯახად მიჩნევის ფაქტი მოსარჩელეთა მიერ სადავოდ არ არის გამხარი. ამასთანავე, მათ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვეს არა იმ საფუძვლით, რომ არ წარმოადგეგენ ერთ ოჯახს, არამედ იმ საფუძვლით, რომ მათი ოჯახისათვის არასაკმარისი ფართობი იქნა გადაცემული.
კასატორის მითითებით, საქართველოს მთავრობის 13.06.2012წ. N1162 განკარგულების თანახმად, „დევნილი ოჯახის წარმომადგენლის „შესყიდვის ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერა უზრუნველყოფს პრივატიზაციის პროცესის იურიდიულ მხარეს“. შესაბამისად, ოჯახის სხვა წევრების ხელმოწერა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და მათი წერილობითი თანხმობა სავალდებულო არ ყოფილა. ამასთანავე, მ. კ-ა, როგორც მისი შვილების კანონიერი წარმომადგენელი შეთანხმებულად მოქმედებდა შვილების დედასთან ერთად, ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია სწორედ მათი თანხმობის საფუძველზე. კასატორის მითითებით, სადავო ხელშეკრულება გაფორმებულია საქართველოს პრეზიდენტის სადავო განკარგულების საფუძველზე, რომლის მიღების დროსაც გამოკვლეული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მოსარჩელეები და მ. კ-ა ერთ ოჯახად იყვნენ რეგისტრირებულნი და ოჯახის უფროსად განსაზღვრული იყო მ. კ-ა. სწორედ აღნიშნული მონაცემები დაედო საფუძვლად პრეზიდენტის განკარგულებას, რასაც უნდა დაყრდნობოდა სამინისტრო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. საქართველოს მთავრობის 28.05.2009წ. განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.5 მუხლის თანახმად, დევნილთათვის კონკრეტული შეთავაზების გაკეთება საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადასაცემად შეძლებისდაგავარად ორივე მეუღლესთან უნდა განხორციელდეს. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოები წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებენ ზემოაღნიშნული შეთავაზების ე. გ-ასთვის წარდგენას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზაკ-ის 67.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნდათ მოსარჩელეთათვის ხელშეკრულების დადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მათგან თანხმობის მიღების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი