Facebook Twitter

ბს-371-368(კ-17) 26 ოქტომბერი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.2016წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-ემ 23.04.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებისა და გაზრდის შემდეგ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის 24.02.2015წ. N2 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოსარჩელის ნაწილში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 24.02.2015წ. N11 სხდომის ოქმით მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოსარჩელის ნაწილში და ქ. თბილსის მუნიციპალიტეტის მერის 25.02.2015წ. N792, 25.05.2015წ. N2467 ბრძანებების ბათილად ცნობა, აგრეთვე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის გასაუბრების ხელახალი ჩატარების დავალება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.10.2015წ. სასამართლო მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ დამატებით მიუთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.10.2015წ. საოქმო განჩნებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. ყ-ი, თ. შ-ა, გ. ნ-ი და ს. ჭ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.12.2015წ. გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის 24.02.2015წ. N2 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება მ. მ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე რეკომენდაციის მიცემაზე უარის თქმის ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 24.02.2015წ. N11 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება მ. მ-ის ნაწილში, ქ. თბილსის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. მ-ის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.2016წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.12.2015წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის მიერ.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არასწორად განმარტა კანონი. კომისიების მითითებით, სააპელაციო პალატამ სადავო აქტები ბათილად ცნო იმ პროცედურების არარსებობის გამო, რაც კონკურსის ჩატარების წესის განმსაზღვრელი აქტებით არ ყოფილა დადგენილი. კერძოდ, არც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 10.10.2014წ. N11-22 დადგენილებით, არც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 01.10.2014წ. N1900 ბრძანებით და არც საქართველოს მთავრობის 18.06.2014წ. N412 დადგენილებით არ იყო გათვალისწინებული კომისიის ვალდებულება ეწარმოებინა საოქმო ჩანაწერი და გასაუბრება ჩაეტარებინა წინასწარ დადგენილი კითხვარისა და კრიტერიუმების მიხედვით.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ საქმეში წარმოდგენილია კომისიის თითოეული დამსწრე წევრის მიერ შევსებული ინდივიდუალური შეფასების ფორმა, რომელშიც პუნქტობრივადაა მოცემული ექვსი კრიტერიუმი, რომელსაც ითვალისწინებდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 01.10.2014წ. N1900 ბრძანება. შესაბამისად, გაუგებარია სასამართლოს მითითება კრიტერიუმების არარსებობაზე. კომისისების მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ემსჯელა სადავო გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობაზე და არა მიზანშეწონილების ასპექტებზე და იმ ნორმატიული აქტებით დადგენილი პროცედურების კანონიერებაზე, რის საფუძველზეც მოქმედებდა გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. ამასთანავე, კასატორების მოსაზრებით, მოსარჩელის მხრიდან არ წარმოდგენილა არცერთი მტკიცებულება, რომელიც სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჯარო სამსახურში შესვლის თანაბარი შესაძლებლობა, მათი უნარის, კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად. საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მიიღწევა კანდიდატთა გამჭვირვალე, ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასების გზით. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი მიმდინარეობდეს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, რათა არ მოხდეს კონკურსანტთა არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული კონკურსის კანონიერების შემოწმება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. საქმეში დაცული მასალებით, ვერ დგინდება გასაუბრების ეტაპის მიმდინარეობა, კანდიდატებისთვის, მათ შორის მ. მ-ისათვის, დასმული შეკითხვების შინაარსი და მათზე გაცემული პასუხები. კანდიდატთა შეფასება მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით და კომისიის წევრების მიერ შემოხაზული ქულები არ ადასტურებს გასაუბრების ეტაპის ობიექტურად ჩატარებას. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეძლოს კონკრეტული მტკიცებულებებით დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილების მართლზომიერება და თითოეული კონკურსანტისათვის უპირატების მინიჭება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.2016წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი