Facebook Twitter

ბს-586-583(კ-17) 12 ოქტომბერი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.2017წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. თ-მა 08.05.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ი. თ-ის სასარგებლოდ პირველი კლასის მრჩევლის საკლასო ჩინისათვის დადგენილი შრომის ანაზრაურების 30%-იანი დანამატის - 59 664.30 ლარის გადახდის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.01.2016წ. გადაწყვეტილებით ი. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის ი. თ-ის სასარგებლოდ პირველი კლასის მრჩევლის საკლასო ჩინისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს 30%-იანი დანამატის - 59 478,05 ლარის გადახდის დავალება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.2017წ. გადაწყვეტილებით ი. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 21.01.2016წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალა ი. თ-ისათვის პირველი კლასის მრჩევლის საკლასო ჩინისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს 30%-იანი დანამატის - 59 478.05 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის 21.5 მუხლის თანახმად, მხარჯავი დაწესებულება ვალდებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 71.3 მუხლის საფუძველზე გასცეს საკლასო ჩინის დანამატის თანხა მხოლოდ იმ მოსამსახურეებზე, რომელთა მიმართაც 2006 წლის 01 იანვრამდე ვრცელდებოდა აღნიშნული ნორმის მოქმედება. კასატორის მოსაზრებით, აუცილებელია „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის 21.5 მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 71.3 და 137.2 მუხლების ერთობლივი ანალიზი, საიდანაც იკვეთება კანონმდებლის ნება, რომ საჯარო სამსახურის კოდექსის ამოქმედებამდე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გაიცეს თანამდებობრივი სარგოს დანამატი. კასატორის მითითებით, კანონმდებელმა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, და არა ვალდებულებას, დაუკავშირა თანხის გაცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის 21.5 მუხლში პირდაპირ იქნებოდა მითითებული მხარჯავი დაწესებულების ვალდებულება დანამატის გაცემის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 71.3 მუხლის თანახმად, მოხელეს, რომელსაც მიენიჭა საკლასო ჩინი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიეცემა თანამდებობრივი სარგოს დანამატი. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის 21.5 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში მხარჯავ დაწესებულებებს უფლება აქვთ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 71.3 მუხლის დებულება გაავრცელონ მხოლოდ იმ მოსამსახურეებზე, რომლებზედაც 2006 წლის 01 იანვრამდე ვრცელდებოდა აღნიშნული მუხლის მოქმედება (იმავე დათქმას შეიცავდა „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის 21.5 მუხლი). აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 137.2 მუხლის თანახმად კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება (გარდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა) შეჩერდა „საჯარო სამსახურის კოდექსის“ ამოქმედებამდე. შესაბამისად, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის 21.5 მუხლით კანონმდებელმა გაითვალისწინა საგამონაკლისო შემთხვევა და ცალსახად გამოხატა ნება საკლასო ჩინისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს დანამატების ანაზღაურების შესახებ. ამასთანავე, დანამატი თანხის გაცემა დაუკავშირა დროის მონაკვეთს (2006 წლის 01 იანვრამდე), და არა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ ი. თ-ს საჯარო სამსახურის პირველი კლასის მრჩევლის საკლასო ჩინი მიენიჭა 2006 წლის 01 იანვრამდე, კერძოდ, 2005 წლის ივნისში. შესაბამისად, მის მიმართ მოქმედებს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის 21.5 და „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 71.3 მუხლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.2017წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი