საქმე №ბს-658-654(კ-17) 17 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ყ-ე (მოსარჩელე)
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონის განყოფილება;
მესამე პირი - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ყ-ემ 2016 წლის 21 აპრილს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონის განყოფილების მიმართ. მოსარჩელემ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების 2016 წლის 18 თებერვლის N04-06-08/243 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 მარტის N04/20791 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილებისათვის ლ. ყ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 მარტის N04/20791 გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების 2016 წლის 18 თებერვლის N04-06-08/243 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონულ განყოფილებას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ლ. ყ-ის მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განჩინებით აპელანტის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელემ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა 2013 წელს, შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ლ. ყ-ის კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო წარდგინება და სხვა დოკუმენტაცია სააგენტოში გადაიგზავნა 2015 წლის 27 ოქტომბერს შესაბამისად, აღნიშნულ ვადამდე ლ. ყ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნდა. რაც შეეხება, 2015 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე ლ. ყ-ისათვის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრას, კასატორი განმარტავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომპენსაციის ოდენობა გამომდინარეობდა მოსამართლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟიდან და 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმა, კომპენსაციის გაანგარიშებისა და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრისათვის, სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტში გულისხმობდა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების იმ საფუძველს, რომლითაც მას წარმოეშვა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციის მიღების უფლება. ამდენად, თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის ნაწილში, მოსარჩელის მსჯელობა უსაფუძვლოა. აპელანტი ასევე არ ეთანხმება მსჯელობას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტად არ უნდა იქნას განხილული 1995 წლის 15 მაისი. აღნიშნულ შემთხვევაში თუ მისი სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არ დამდგარა 1995 წლის 15 მაისს, მაშინ სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტის რომელი პერიოდით და საფუძვლით მოიპოვა მოსარჩელემ კომპენსაციაზე უფლება და რის საფუძველზე ითხოვდა 2013 წლიდან სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ანაზღაურებას. აპელანტი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული საკითხის განხილვისას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომაც მიიჩნია და დაეთანხმა სააგენტოს პოზიციას, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 1999 წლის 15 მაისიდან სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ სააგენტოში დამატებით გადმოაგზავნა სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტის ზემოაღნიშნულ პერიოდში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ ინფორმაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორის მოსაზრებით სააგენტო ვერ მოახდენს 2013 წლიდან საერთო სასამართლოების ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას და ასევე 2015 წლის 1 ნოემბრიდან (კომპენსაციის დანიშვნაზე მომართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) ვერ განახორციელებს კომპენსაციის გაანგარიშებას, 2008 წლის მარტის მდგომარეობით, პირადი განცხადების საფუძველზე მისი სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასებას საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს, რომ ,,კომპენსაციის მიზნებიდან და მისი დანიშვნის საფუძვლებიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც კომპენსაცია თავისი არსით მოსამართლისთვის დამატებითი სოციალური დაცვის გარანტს უნდა წარმოადგენდეს, დაუშვებელია მოსამართლისათვის კომპენსაციის დანიშვნაზე უარი მხოლოდ იმ საფუძვლით ეთქვას, რომ მან სამოსამართლო უფლებამოსილების ამოწურვისა და სასამართლოს ლიკვიდაციის შემდგომ კვლავ განაგრძო სამოსამართლო საქმიანობა. სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო მოსამართლის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება უნდა წარმოადგენდეს სამოსამართლო კარიერის დამაბრკოლებელ აქტს, რომლის დადგომაც განაპირობებს სახელმწიფოსა და მოსამართლეს შორის მანამდე არსებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის საბოლოოდ დასრულებას...“ (სუსგ. 30.04.15წ. №ბს-707-693(კ-14))
პალატა აღნიშნავს, რომ ლ. ყ-ე 1987 წლიდან 1999 წლის 15 მაისამდე ახორციელებდა სამტრედიის რაიონის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას, ხოლო 1999 წლის 15 მაისიდან 2008 წლის 18 მარტამდე - სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე