Facebook Twitter

ბს-356-353(კ-17) 02 ნოემბერი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სს "..." საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2017წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს "..." 13.05.2015წ. სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ი. ლ-ის მიმართ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის 25.03.2015წ. N138 ბრძანებისა და 24.02.2015წ. N418 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 18.05.2015წ. განჩინებით სს "..." განცხადება დაკმაყოფილდა, სს "..." სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ი. ლ-ის საკუთრებაში რიცხულ ქ. ბოლნისში, ... , პირველ სართულზე მდებარე N1 ბინას.

დაზუსტებული სარჩელით სს "..." მოითხოვა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის 24.02.2015წ. N138 ბრძანების, 21.05.2015წ. N514 ბრძანებისა და 24.02.2015წ. N418 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 29.09.2015წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. მ-ი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 29.10.2015 წ. გადაწყვეტილებით სს "..." სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სს "..." მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2017წ. განჩინებით სს "..." სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სს "..." და ქ. მ-ის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2017წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი ქ. მ-ის ნაწილში განუხილველად იქნა დატოვებული.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამა არ იმსჯელა სააპელაციო საჩივარში ასახულ პრეტენზიებზე და დაუსაბუთებლად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სს-ს მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, ახალი გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს "..." საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ ი. ლ-ის მიერ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაცია: 1981 წ. გაცემული ორდერი, სამკვიდრო მოწმობა, გარდაცვალების მოწმობები და შიდა აზომვითი ნახაზი, ქმნიდა სადავო ბინის ი. ლ-ის საკუთრებაში გადაცემის საკმარის საფუძველს. სს "..." მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში დავის განხილვისას დაფიქსირებული მოსაზრება, რომ სადავო ბინა სს-ის ბალანსზეა და გამგეობას მისი განკარგვის უფლება არ ჰქონდა, უსაფუძვლოა, რადგან საქმეში დაცული პრივატიზაციის ტიპობრივი გეგმის მიხედვით პრივატიზებას არ დაექვემდებარა სახელმწიფო საწარმოს ბალანსზე რიცხული 12-ბინიანი და 40-ბინიანი საცხოვრებელი სახლები. ამდენად, საწარმოს პრივატიზაციის განხორციელების შემდეგ, მან დაკარგა უფლება ბოლნისში, ..., პირველ სართულზე მდებარე N1 ბინაზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტის არამართლზომიერებას არ ასაბუთებს აგრეთვე მასში ტექნიკური ხარვეზის არსებობა, რადგან სზაკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის არსებობა ქმნის ორგანოს მიერ მისი გასწორების და არა აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლის არსებობას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სს „...“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთანავე, თ. ზ-ს (პ.ნ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.06.2016წ. N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს "..." საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2017წ. განჩინება;

3. თ. ზ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.06.2016წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი