#ბს-551-548(გ-17) 14 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ შპს „…“
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 29 მარტს შპს „…“ წარმომადგენელმა - ნ. ჯ-მა საჩივრით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
საჩივრის ავტორმა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტორის 2016 წლის 21 მარტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (საჯარიმო ქვითარი) №007597 ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის განჩინებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შპს „...“ საჩივარი მიჩნეულ იქნა სარჩელად.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განჩინებით შპს „...“ სარჩელი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტორის 2016 წლის 21 მარტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (საჯარიმო ქვითარი) №007597 ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მისამართია ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. №6. ამდენად, რაიონული სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის ადგილსამყოფელი მდებარეობს ტერიტორიაზე, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება და შესაბამისად, საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
2016 წლის 23 ივნისის განცხადებით შპს „...“ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტორის 2016 წლის 21 მარტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (საჯარიმო ქვითარი) №007597 ოქმისა და 2016 წლის 24 მაისის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს №08-163 შესაბამისობის შეფასების აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ივნისის განჩინებით შპს ,,...“ სარჩელი, მოპასუხე - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს. იმ მომენტიდან, როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება, ზემოაღნიშნული მუხლი სასამართლოს ავალდებულებს საქმე გადაუგზავნოს განსჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფლებამოსილმა პირმა ხაშურში, 2016 წლის 21 მარტს შეადგინა №007597 საჯარიმო ქვითარი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, შპს ,,...“ მიმართ, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65.1 მუხლის დარღვევის გამო და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 1.1 მუხლის თანახმად, კოდექსის მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ამავე ნორმის მე-4 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით, ეს კოდექსი არეგულირებს და განსაზღვრავს ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას.
სასამართლომ განმარტა, რომ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 63.1 მუხლის იმპერატიული დანაწესის თანახმად, პირის პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება ამ თავითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვს სააგენტოს უფლებამოსილ პირს; ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევაზე სამართალდამრღვევს სააგენტოს უფლებამოსილი პირი გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი; ამასთან, მე-4 ნაწილით ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
ამავე კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მე-181 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება ან ბაზარზე უკვე განთავსებული ან მომხმარებლისთვის მიწოდებული მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 2012 წლის 26 აპრილს განხორციელებული ცვლილებების შედეგად აღნიშნული კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით იმპერატიულად განისაზღვრა, რომ საქმეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რამაც გამორიცხა ამ კატეგორიის საქმეთა სხვა წესით განხილვა, ხოლო ადმინისტარციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების (საჯარიმო ქვითარი-სამართალდარღვევის ოქმი) გასაჩივრების წესი და ვადა დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე, 272-ე და 273-ე მუხლებით. ამავე საკანონმდებლო აქტის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341-ე მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული საჯარიმო ქვითარი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგენილია უფლებამოსილი პირის - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირის, ამავე სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს მიერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია ხაშური, ამასთანავე, სადავო საჯარიმო ქვითარი, სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია (გამოცემულია) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას - ხაშურში. ამრიგად, სასამართლოს მოსაზრებით, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 63.1 მუხლის იმპერატიული დანაწესის, მითითებული კოდექსისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, სარჩელი გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობის თაობაზე, განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით, მიუხედავ იმისა მოპასუხე მხარედ დასახელებული იქნება ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო (სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო), თუ მისთვის ამ უფლებამოსილების მიმნიჭებელი ადმინისტრაციული ორგანო (სურსათის ეროვნული სააგენტო).
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დავა ხაშურის რაიონული სასამართლოს განსახილველი დავაა, რის გამოც საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ხაშურის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ხაშურის რაიონულ სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტორის 2016 წლის 21 მარტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (საჯარიმო ქვითარი) №007597 ოქმისა და 2016 წლის 24 მაისის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს №08-163 შესაბამისობის შეფასების აქტის ბათილად ცნობა. შპს „...“ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტორის მიერ დაჯარიმდა 1000 ლარით, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65.1 შესაბამისად, ბაზარში მავნე სურსათის განთავსების გამო.
სურსათის უვნებლობის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება ხდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით (1.1 მუხ.). ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის წესი და პირობები რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის XV თავში, რომლის 63.1 მუხლის შესაბამისად, პირის პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება ამ თავითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. აღნიშნული კოდექსი იმპერატიულად არ ადგენს განსჯადობის სპეციალურ წესს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების კანონიერების საკითხს იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული რეგულაციები, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სპეციალურ მოწესრიგებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით ტერიტორიული განსჯადობის სპეციალურ წესს ითვალისწინებს: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა (261-ე მუხ.). დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრისას განსჯადობის სპეციალურ წესს უპირატესობა ენიჭება განსჯადობის ზოგად წესთან მიმართებით.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლში ჩამოთვლილი გამონაკლისის არსებობა არ დასტურდება, ამასთანავე, საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ შესაძლო სამართალდარღვევა ჩადენილ იქნა ქ. ხაშურში, შესაბამისად, დავა ტერიტორიულად ხაშურის რაიონული სასამართლოს ქვემდებარეა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას, რომ შპს „...“ სარჩელი ხაშურის რაიონული სასამართლოს განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „...“ სარჩელი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ხაშურის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი