#ბს-569-566(კს-17) 14 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ. დ-ი
განმცხადებელი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 17 სექტემბერს გ. დ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მატერიალური ზიანის - 400 ლარისა და მკურნალობისთვის განსაზღვრული სამომავლო ხარჯის - 1 300 ლარის, მორალური ზიანის სახით - 50 000 ლარისა და სარჩოს სახით ყოველთვიურად (სიცოცხლის ბოლომდე) – 850 ლარის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით გ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის (ფაქტობრივად მიყენებული ზიანის სახით - 400 ლარი და მკურნალობისათვის განსაზღვრული სამომავლო ხარჯის სახით - 900 ლარი) სახით - 1 300 ლარის გადახდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სარჩოს სახით ყოველთვიურად (სიცოცხლის ბოლომდე) 850 (რვაას ორმოცდაათი) ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება მორალური ზიანის დაკისრებისა და ყოველთვიური სარჩოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მატერიალური ზიანის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; გ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 10000 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს სახით 194,2 ლარის გადახდა, გ. დ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გ. დ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 10000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება - 5000 ლარის ოდენობით; გ. დ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.
2017 წლის 10 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა, კერძოდ, რა თარიღიდან უნდა განხორციელებულიყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გ. დ-ის სასარგებლოდ დაკისრებული ყოველთვიური სარჩოს სახით 194,20 ლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მესამე წინადადების შინაარსი განიმარტა შემდეგნაირად: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2012 წლის 25 მაისიდან ყოველთვიური სარჩოს სახით 194,2 ლარის გადახდა, გ. დ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე“.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების განმარტების საპროცესო ინსტიტუტი გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ 1) განსამარტი გადაწყვეტილება აღსრულებადია სასამართლო აღმასრულებლის მეშვეობით; 2) განმარტებას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის (განმარტების მიზანი უნდა იყოს ხელი შუწყოს გადაწყვეტილების აღსრულებას); 3) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში განმარტებას ჰქონდა პრაქტიკული მნიშვნელობა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის, რა მიზნითაც მიუთითა შემდეგზე: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 ივლისის განაჩენით დადგენილია, რომ 2012 წლის 25 მაისს, დაახლოებით 4.20 საათზე, საჰაერო თავდაცვის ბრიგადის G4-ის ჯავშანსატანკო-საავტომობილო და შეიარაღების კონტროლის ოფიცერმა, უფროსმა ლეიტენანტმა - გ. ხ-მა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და სადღეღამისო საყარაულო წესში მყოფ, ამავე სამხედრო ნაწილის წვევამდელს, რიგით გ. დ-ს გამოართვა ამ უკანასკნელზე განპირობებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, დაუწყო ინსტრუქტაჟის ჩატარება, მოუხდა ერთჯერადი გასროლა, რის შედეგადაც გ. დ-ს მიაყენა ცეცხლსასროლი ჭრილობა მარცხენა ფეხის არეში.
დადგენილია, რომ 2012 წლის 25 მაისს მიღებული ტრავმის გამო გ. დ-ს ჩაუტარდა არაერთი სამედიცინო მკურნალობა, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელეს დაუდგინდა ქმედუნარიანობის ზომიერი შეზღუდვა უვადოდ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის წარმოშობის მომენტად უნდა ჩაითვალოს 2012 წლის 25 მაისი, რა დროსაც გ. დ-მა მიიღო ტრავმა და ჩაუტარდა არაერთი სამედიცინო მკურნალობა. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გ. დ-ის სასარგებლოდ დაკისრებული ყოველთვიური სარჩოს სახის 194,20 ლარის გადახდა (ათვლა) უნდა განხორციელდეს მოცემული პერიოდიდან, კერძოდ - 2012 წლის 25 მაისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო გასცდა როგორც გადაწყვეტილების განმარტების, ასევე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ვინაიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის საუბარი იმაზე, თუ რა თარიღიდან უნდა განხორციელებულიყო თავდაცვის სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრება. ამასთან, არც მოსარჩელის მხრიდან არ ყოფილა მითითებული, რა პერიოდიდან ითხოვდა მოსარჩელე მხარე თავდაცვის სამინისტროსათვის ყოველთვიური სარჩოს დაკისრებას. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ყოველთვიური სარჩოს სახით 194,20 ლარის ანაზღაურების ათვლა უნდა განხორციელებულიყო 2015 წლის 25 დეკემბრიდან, ანუ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან და არა 2012 წლის 25 მაისიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდ ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა მორალური ზიანის დაკისრებისა და ყოველთვიური სარჩოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მატერიალური ზიანის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; გ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 10000 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს სახით 194,2 ლარის გადახდა, გ. დ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გ. დ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 10000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება - 5000 ლარის ოდენობით; გ. დ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.
2017 წლის 10 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა, კერძოდ, რა თარიღიდან უნდა განხორციელებულიყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გ. დ-ის სასარგებლოდ დაკისრებული ყოველთვიური სარჩოს სახით 194,20 ლარის გადახდა (ათვლა).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მესამე წინადადების შინაარსი განიმარტა შემდეგნაირად: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2012 წლის 25 მაისიდან ყოველთვიური სარჩოს სახით 194,2 ლარის გადახდა, გ. დ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე“.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინების კანონიერებას გადაწყვეტილების განმარტების კუთხით; მოცემულ შემთხვევაში სადავოა ის გარემოება, თუ როდიდან უნდა მოხდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გ. დ-ისათვის ყოველთვიური სარჩოს სახით 194,2 ლარის გადახდა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 2017 წლის 23 მარტის განჩინებით გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც მან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2012 წლის 25 მაისიდან გ. დ-ის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს სახით 194,2 ლარის გადახდა დააკისრა და აღნიშნულთან მიმართებაში განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომელთა შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დისპოზიციურობის პრინციპი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია საპროცესო სამართალში, რაც ნების ავტონომიიდან გამომდინარეობს და თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მხარეები თავისუფალნი არიან თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვისას. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო შეზღუდულია დისპოზიციურობის პრინციპით, რის გამოც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გ. დ-მა სარჩელით სასამართლოს მიმართა 2014 წლის 17 სექტემბერს და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მატერიალური ზიანის (ფაქტობრივად მიყენებული ზიანის სახით - 400 ლარისა და მკურნალობისათვის განსაზღვრული სამომავლო ხარჯის სახით - 900 ლარის) სახით - 1 300 ლარის, მორალური ზიანის სახით - 50 000 ლარის და სარჩოს სახით ყოველთვიურად (სიცოცხლის ბოლომდე) - 850 ლარის დაკისრება. შესაბამისად, გ. დ-მა თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე ნება გამოხატა 2014 წლის 17 სექტემბერს, როდესაც მან მიმართა სასამართლოს. საქმის მასალებიდან არ დასტურდება, რომ გ. დ-მა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი სარჩოს სახით ყოველთვიურად - 850 ლარის დანიშვნა მოითხოვა 2012 წლის 25 მაისიდან, რა დროსაც მან მიიღო ტრავმა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოთხოვნის წარმოშობის მომენტად უნდა ჩაითვალოს 2012 წლის 25 მაისი, რა დროსაც გ. დ-მა მიიღო ტრავმა და ჩაუტარდა არაერთი სამედიცინო მკურნალობა, მაგრამ განმარტავს, რომ კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელობა ენიჭება იმას თუ როდის მოახდინა პირმა თავისი უფლების რეალიზება და ნება იმისა, რომ დანიშვნოდა სარჩო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. დ-ის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს სახის 194,20 ლარის გადახდა (ათვლა) უნდა დაეკისროს - 2012 წლის 25 მაისიდან, ვინაიდან, მას სარჩელით ამგვარი მოთხოვნა არ ჰქონია, მას არ მოუთხოვია სარჩოს დანიშვნა კონკრეტულად 2012 წლის 25 მაისიდან.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი უფლების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უნდა განემარტა გადაწყვეტილება, მაგრამ სასამართლომ არასწორად მოახდინა მოთხოვნის წარმოშობის მომენტის განსაზღვრა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გ. დ-ის სასარგებლოდ დაკისრებული ყოველთვიური სარჩოს სახის 194,20 ლარის გადახდა (ათვლა) უნდა განხორციელდეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის დღიდან - 2014 წლის 17 სექტემბრიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინების მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მესამე წინადადების შინაარსი განიმარტოს შემდეგნაირად: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 17 სექტემბრიდან ყოველთვიური სარჩოს სახით 194,2 ლარის გადახდა, გ. დ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინების მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მესამე წინადადების შინაარსი განიმარტოს შემდეგნაირად: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 17 სექტემბრიდან ყოველთვიური სარჩოს სახით 194,2 ლარის გადახდა, გ. დ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე“.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი