Facebook Twitter

№ბს-596-593(გ-17) 14 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელეები _ შპს „…“, შპს „…“ პარტნიორები: მ. გ-ი, თ. მ-ე, ფ. ტ-ე, მ. ო-ი, ლ. ხ-ე, ნ. ს-ი, ვ. ჭ-ე, ლ. ჯ-ი, მ. ნ-ი, ს. მ-ი, ა. მ-ე, ი. ხ-ე, ლ. ბ-ი, მ. უ-ა, მ. ხ-ი, მ. ა-ი, ნ. ს-ი, ლ. ლ-ე, მ. ქ-ი, დ. დ-ი

მოპასუხეები _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 27 თებერვალს შპს „...“ და შპს „...“ პარტნიორებმა: მ. გ-მა, თ. მ-ემ, ფ. ტ-ემ, მ. ო-მა, ლ. ხ-ემ, ნ. ს-მა, ვ. ჭ-ემ, ლ. ჯ-მა, მ. ნ-მა, ს. მ-მა, ა. მ-ემ, ი. ხ-ემ, ლ. ბ-მა, მ. უ-ამ, მ. ხ-მა, მ. ა-მა, ნ. ს-მა, ლ. ლ-ემ, მ. ქ-მა და დ. დ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოპასუხის მიერ გამოცემული უარის (რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა საჩივარი), სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 აგვისტოს №4/41405 აქტის ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (რომლითაც პირველ მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცემა ქ. გორში, ... №5-ში და ... ქ. №70-ში მდებარე უძრავი ქონებები, მეორე მოსარჩელეებს საკუთრებაში გადაეცემათ შპს „...“ 100% წილი, 2010 წლის 30 აპრილის კრების ოქმის მიხედვით) გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით შპს „...“, შპს „...“ პარტნიორების: მ. გ-ის, თ. მ-ის, ფ. ტ-ის, მ. ო-ის, ლ. ხ-ის, ნ. ს-ის, ვ. ჭ-ის, ლ. ჯ-ის, მ. ნ-ის, ს. მ-ის, ა. მ-ის, ი. ხ-ის, ლ. ბ-ის, მ. უ-ას, მ. ხ-ის, მ. ა-ის, ნ. ს-ის, ლ. ლ-ის, მ. ქ-ისა და დ. დ-ის სარჩელი, მოპასუხეების - საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლი ადგენს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის საფუძველზეც სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. აღნიშნული საპროცესო ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობისას, განსჯადი სასამართლო განისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობის მიხედვით. მოსარჩელეთა მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა შპს „...“ მესაკუთრედ აღიარება ქ. გორში, ... №70-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, ასევე შპს-ს პარტნიორებისათვის საკუთრებაში შპს „...“ 100% წილის გადაცემა, 2010 წლის 30 აპრილის კრების ოქმის მიხედვით. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, კონკრეტულ შემთხვევაში კი ასეთ სასამართლოს წარმოადგენს გორის რაიონული სასამართლო.

საქალაქო სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებაში მიუთითა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტზე, ასევე - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე „გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (GOLDER v. THE UNITED KINGDOM. Judgment of 21 February 1975).

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული საქმე დავის ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია მოპასუხის მიერ გამოცემული უარის, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა საჩივარი, სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 აგვისტოს №4/41405 აქტის ბათილად ცნობა და სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც პირველ მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცემა ქ. გორში, ... №5-ში და ... №70-ში მდებარე უძრავი ქონებები, მეორე მოსარჩელეებს საკუთრებაში გადაეცემათ შპს „...“ 100% წილი, 2010 წლის 30 აპრილის კრების ოქმის მიხედვით.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტების გამოცემის დავალდებულების შესახებ განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი, თუ რას ეხება გამოცემული აქტები და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ადგილსამყოფლის მიხედვით (ქ. თბილისი) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია. სასამართლოს განმარტებით, ის ფაქტი, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ქ. გორში მდებარე უძრავ ქონებაზე გამოცემული აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება, კონკრეტული საქმის ტერიტორიულ განსჯადობაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება არა ნივთის ადგილსამყოფელს, არამედ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების (მოპასუხე იურიდიული პირები) ადგილსამყოფელია ქ. თბილისი. მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრულ ნივთობრივ განსჯადობას, რადგან სარჩელით სადავოა არა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, არამედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება.

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გორის რაიონულ სასამართლოში საქმის განსჯადობით გადაგზავნა არ შეესაბამებოდა ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებს, რის გამოც საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და გორის რაიონული სასამართლოს მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სარჩელის განსჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას, იმპერატიული შინაარსის ნორმაა, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და მათი გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმარტავს, რომ იმ მომენტიდან, როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს საქმე გადაუგზავნოს განსჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად. ადმინისტრაციული სასამართლო, განსხვავებით სამოქალაქო სასამართლოსაგან, საქმის განსჯადობას ამოწმებს მოპასუხის მოთხოვნის გარეშეც, თავისი ინიციატივით. სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, შეამოწმოს, განიხილა თუ არა საქმე უფლებამოსილმა სასამართლომ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს: 1. მოპასუხის მიერ გამოცემული უარის (რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა საჩივარი) ბათილად ცნობა; 2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 აგვისტოს №4/41405 აქტის ბათილად ცნობა; 3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც პირველ მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცემა ქ. გორში, ... №5-ში და ... ქ. №70-ში მდებარე უძრავი ქონებები, მეორე მოსარჩელეებს საკუთრებაში გადაეცემათ შპს „...“ 100% წილი, 2010 წლის 30 აპრილის კრების ოქმის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოებმა სადავო აქტების სასამართლო წესით განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დაადგინონ არა ის ფაქტი, თუ რას ეხება განხორციელებული რეგისტრაცია და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გამოარკვიონ, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენს მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ადგილსამყოფლის მიხედვით (ქ. თბილისი) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „...“ და შპს „...“ პარტნიორების: მ. გ-ის, თ. მ-ის, ფ. ტ-ის, მ. ო-ის, ლ. ხ-ის, ნ. ს-ის, ვ. ჭ-ის, ლ. ჯ-ის, მ. ნ-ის, ს. მ-ის, ა. მ-ის, ი. ხ-ის, ლ. ბ-ის, მ. უ-ას, მ. ხ-ის, მ. ა-ის, ნ. ს-ის, ლ. ლ-ის, მ. ქ-ის, დ. დ-ის სარჩელი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...“ და შპს „...“ პარტნიორების: მ. გ-ის, თ. მ-ის, ფ. ტ-ის, მ. ო-ის, ლ. ხ-ის, ნ. ს-ის, ვ. ჭ-ის, ლ. ჯ-ის, მ. ნ-ის, ს. მ-ის, ა. მ-ის, ი. ხ-ის, ლ. ბ-ის, მ. უ-ას, მ. ხ-ის, მ. ა-ის, ნ. ს-ის, ლ. ლ-ის, მ. ქ-ის, დ. დ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი