Facebook Twitter

№ბს-614-611(გ-17) 14 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი _ ზ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 17 მაისს ზ. ა-ემ საჩივრით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.

საჩივრის ავტორმა მის მიმართ შედგენილი №ეი 969337 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა (საჯარიმო ქვითარი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს 2017 წლის 19 აპრილის №20/24-920236 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 მაისის განჩინებით ზ. ა-ის საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და დადგენილების გაუქმების შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებულია 2017 წლის 16 მარტის №ეი 969337 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (საჯარიმო ქვითარი), რომლითაც ირკვევა, რომ ზ. ა-ე დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის. აღნიშნული ოქმიდან ირკვევა, რომ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქარელის მონაკვეთი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად ადგენს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომელსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზ. ა-ის მიერ გასაჩივრებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2341-ე მუხლის საფუძველზე, ადგილზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მართალია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თავში კონკრეტულად არ არის მითითებული, რომ საჩივარი განიხილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით, თუმცა ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს 261-ე მუხლში მითითებული სპეციალური დათქმა (სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილის მიხედვით) და სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის საფუძველზე, საჩივარი უნდა განიხილოს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ.

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის დადგენილებით ზ. ა-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქარელის მაგისტრატ სასამართლოს.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. ა-ის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (ელექტრონული საჯარიმო ქვითარი) 125-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა ქარელში (თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქარელის მონაკვეთზე) განხორციელებულ ქმედებასთან დაკავშირებით.

განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს წარმოადგენდა ქარელი, ამდენად, სასამართლოს განმარტებით, ზ. ა-ის საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს ქარელის მაგისტრატი სასამართლო წარმოადგენდა.

ქარელის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის დადგენილებით მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის განსჯადობა, კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს, აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-9 ნაწილით. სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილია ქ. ბათუმი, ... ქ. №72. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული საქმის განსჯად სასამართლოებს წარმოადგენდა ქარელის მაგისტრი და ბათუმის საქალაქო სასამართლო.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. იმავე კოდექსის 231-ე მუხლის მე-2 აბზაცის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი სასამართლოებში განისაზღვრება ამ კოდექსით და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით დადგენილია განსჯადი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის პრინციპი. ეს კოდექსი არეგულირებს ერთი და იმავე საქმის რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტის წესს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.

სასამართლოს მითითებით, საჩივრის ავტორმა - ზ. ა-ემ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება სასამართლოს არჩევის შესახებ და დავის გადასაწყვეტად მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მომჩივნის მიერ აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი ერთადერთი სასამართლო გახდა ბათუმის საქალაქო სასამართლო. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქარელის მაგისტრატ სასამართლოში საქმის განსჯადობით გადაგზავნა არ შეესაბამებოდა ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებს, რის გამოც საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, გორის რაიონული სასამართლოსა და ქარელის მაგისტრატი სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს, შესაბამისად, თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. ამასთან, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით) უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია №ეი 969337 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა (საჯარიმო ქვითარი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს 2017 წლის 19 აპრილის №20/24-920236 დადგენილების ბათილად ცნობა. დადგენილია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქარელის მონაკვეთზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების კანონიერების საკითხს იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ამდენად, კანონმდებლობა 125-ე მუხლთან დაკავშირებით ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას, კერძოდ, 125-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელია როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გასაჩივრებულ აქტს საფუძვლად უდევს 125-ე მუხლი. საჯარიმო ქვითარი შედგენილია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქარელის მონაკვეთზე, ხოლო ზ. ა-ის საცხოვრებელი ადგილია ქ. ბათუმი, ... ქ. №72 და მან საჩივრით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. შესაბამისად, ზ. ა-ე უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა სასამართლოს არჩევის უფლება და მიემართა სასამართლოსათვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქარელის მაგისტრატი სასამართლოს მსჯელობას, რომ საჩივრის ავტორმა - ზ. ა-ემ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება სასამართლოს არჩევის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმე ტერიტორიული განსჯადობის შესაბამისად, განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ა-ის საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი