ბს-800-792(3კ-16) 28 სექტემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და მ. ლ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2016წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ზ-მა 09.10.2013წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს პრეზიდენტის, საქართელოს მთავრობის, ახალგორის მუნიციპალიტეტის, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მესამე პირის - მ. ლ-ის მიმართ და მოითხოვა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 20.05.2010წ. N909 და 27.07.2010წ. N 1561 წერილების, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 04.09.2012წ. N510 გადაწყვეტილების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 11.09.2012წ. N06/19399 წერილის, საქართველოს მთავრობის 18.09.2012წ. N1766 განკარგულებისა და საქართველოს პრეზიდენტის 20.09.2012წ. N20/09/01 განკარგულების ბათილად ცნობა N... კოტეჯის ნაწილში და მოპასუხეებისათვის - მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის, საქართველოს მთავრობისათვის და საქართველოს პრეზიდენტისათვის წეროვნის დევნილთა დასახლების N... კოტეჯის ს. ზ-ის სახელზე პრივატიზების თაობაზე ახალი აქტების გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.02.2014წ. განჩინებებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და მ. ლ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.01.2015წ. გადაწყვეტილებით ს. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 20.05.2010წ. N909 და 27.07.2010წ. N 1561 წერილები, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 04.09.2012წ. N510 გადაწყვეტილება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 11.09.2012წ. N06/19399 წერილი, საქართველოს მთავრობის 18.09.2012წ. N1766 განკარგულება და საქართველოს პრეზიდენტის 20.09.2012წ. N20/09/01 განკარგულება N... კოტეჯის ნაწილში, მოპასუხეებს - მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტს დაევალათ წეროვანის დევნილთა დასახლების N... კოტეჯის ს. ზ-ის სახელზე პრივატიზების თაობაზე ახალი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ლ-მა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2015წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და მ. ლ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.01.2015წ. გადაწყვეტილება ნაწილობრივ, კერძოდ, აპელატების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 11.09.2012წ. N06/19399 წერილის, საქართველოს მთავრობის 18.09.2012წ. N1766 განკარგულებისა და საქართველოს პრეზიდენტის 20.09.2012წ. N20/09/01 განკარგულების N... კოტეჯის ნაწილში ბათილად ცნობის ნაწილში, აგრეთვე აპელანტების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის დავალდებულების ნაწილში, გამოსცენ ახალი აქტები წეროვნის დევნილთა დასახლების N... კოტეჯის ს. ზ-ის სახელზე პრივატიზების თაობაზე. შესაბამისად, ს. ზ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 11.09.2012წ. N06/19399 წერილის, საქართველოს მთავრობის 18.09.2012წ. N1766 განკარგულებისა და საქართველოს პრეზიდენტის 20.09.2012წ. N20/09/01 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ასევე, მოპასუხეებისათვის ახალი აქტების გამოცემის დავალდებულების შესახებ მოთხოვნით აღძრული ადმინისტრაციული საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.12.2015წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 11.09.2012წ. N06/19399 წერილის N... კოტეჯის ნაწილში ბათილად ცნობისა და ცვლილების შეტანის თაობაზე აქტის გამოცემის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.12.2015წ. გადაწყვეტილებით ს. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 20.09.2012წ. განკარგულება დანართში 561-ე ნომრად მითითებულ N... კოტეჯში ოჯახის უფროსად დაფიქსირებული მ. ლ-ის ნაწილში და საქართველოს პრეზიდენტს დაევალა ცვლილების თაობაზე აქტის გამოცემა, რომლითაც 20.09.2012წ. განკარგულების დანართში 561-ე ნომრად მითითებულ N... კოტეჯში ოჯახის უფროსად მიეთითება ს. ზ-ი, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მთავრობის 18.09.2012წ. N1766 განკარგულება დანართში 578-ე ნომრად მითითებულ N... კოტეჯში ოჯახის უფროსად დაფიქსიებული მ. ლ-ის ნაწილში და საქართველოს მთავრობას დაევალა ცვლილების თაობაზე აქტის გამოცემა, რომლითაც 18.09.2012წ. N1766 განკარგულების დანართში 578-ე ნომრად მითითებულ N... კოტეჯში ოჯახის უფროსად მიეთითება ს. ზ-ი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პრეზიდენტმა და მ. ლ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2016წ. განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და მ. ლ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.12.2015წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობამ და მ. ლ-მა.
კასატორმა - საქართველოს პრეზინდენტმა აღნიშნა, რომ სადავო განკარგულების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას და იგი გამოცემულია სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ქონების შესახებ“ კანონის შესაბამისად. განკარგულების გამოცემის დროს უძრავი ქონება წარმოადგენდა თვითმმართელი ერთეულის საკუთრებას და მასზე სხვა პირის საკუთრების უფლება არ ფიქსირდებოდა. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება შუძლებელია, რადგან მოქმედი თვითმმართველობის კოდექსი აღარ ითვალისწინებს თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესაძლებლობას. ამასთანავე, მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს არც სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების უფლება გააჩნია, ვინაიდან, ეს უფლება გადაეცა საქართველოს მთავრობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოკლებულია უფლებამოსილებას ქონების პირდაპირ მიყიდვასთან ან საპრივატიზებო პირობის შეცვლასთან დაკავშირებით დაიწყოს ადმინისტრცაიული წარმოება და გამოსცეს ახალი აქტი.
კასატორმა - მ. ლ-მა აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, წეროვანის დასახლება N... კოტეჯის დაკანონების თაობაზე განაცხადი შევსებულია მ. ლ-ის და არა ს. ზ-ის მიერ, რაც ნიშნავს, რომ მოსარჩელემ თავისივე მოთხოვნით გამორიცხა იურიდიული ინტერესი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე, მან თავისი მოთხოვნით N... კოტეჯი დააბრუნა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის საკუთრებაში. კასატორის მითითებით, ს. ზ-მა და ვ. შ-მა N... კოტეჯი მ. ლ-ს გადასცეს საკუთრებაში მიკროავტობუსის სანაცვლოდ. აღნიშნულის შედეგად, ს. ზ-მა დათმო უფლება კოტეჯზე.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის რწმუნებულის 21.07.2010წ. N611 ცნობა, რომლის თანახმადაც, ვ. შ-ი ნამდვილად იყო 2008 წლის 21 აგვისტომდე ...ის მცხოვრები პირი და მისი ოჯახის შემადგენლობაში შედიოდა ს. ზ-ი და მ. ლ-ი. კასატორის მითითებით ს. ზ-ი სადავოდ ხდიდა მ. ლ-ის ოჯახის უფროსად რეგისტრაციის და არა ოჯახის წევრობის ფაქტს. სასამართლომ კი გადაწყვეტილება დააფუძნა მ. ლ-ის როგორც ოჯახის უფროსად, ისე ოჯახის წევრად რეგისტრაციის კანონიერების შეფასებას. შესაბამისად, მოსარჩელეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია. ამასთანავე, მ. ლ-მა აღნიშნა, რომ მას სადავო აქტების მიმართ ჰქონდა კანონიერი ნდობა, რაც სასამართლოს მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა.
კასატორმა - საქართველოს მთავრობამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის აღნიშნული თუ რა სახის გარემოებათა შესწავლა უნდა მომხდარიყო საქართველოს მთვარობის მხრიდან, რომლის პირობებშიც მიღებული იქნებოდა სხვაგავრი გადაწყვეტილება, ან რითი დასტურდება ის ფაქტი, რომ სადავო აქტი გამოიცა ადმინისტრაციული წარმოების წესის დაუცველად. კასატორის მითითებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად წარედგინა პრეზიდენტის განკარგულების პროექტი, რომელიც მთავრობის მიერ შესწავლილ იქნა სამართლებრივი და მიზანშეწონილების თვალსაზრისით. საქართველოს მთავრობის კომპეტენციას და მისი შესწავლის საგანს არ წარმოადგენდა პრეზიდენტის განკარგულების პროექტის დანართში მითითებული პირების შესწავლა. შესაბამისად, სადავო აქტის გამოცემის დროს სრულად იქნა დაცული კანონმდებლობით გათვალისწინებული პრცედურა. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა ვერ უზრუნველყოფს სადავო განკარგულების დანართში ცვლილების განხორციელებას, რადგან აღნიშნულ უფლებამოსილებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და მ. ლ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 12.01.2009წ. N4 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე პროგრამის შესაბამისად, დევნილთა განსახლებისათვის ერთ-ერთ წინაპირობად განისაზღვრა დევნილი ოჯახების შესწავლა, მათი შემადგენლობების განსაზღვრა, უახლოესი ნათესაური კავშირების დადგენა. სწორედ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო დევნილებისათვის ქონების საკუთრებაში გაცემა. კონკრეტულ შემთხვევაში ს. ზ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა მ. ლ-ის ოჯახის უფროსად დაფიქსირების მართლზომიერების დადგენა იყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 05.01.2015წ. გადაწყვეტილება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 20.05.2010წ. N909 და 27.07.2010წ. N1561 წერილებისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 04.09.2012წ. N510 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში შესულია კანონონიერ ძალაში. შესაბამისად, მ. ლ-ის ოჯახის უფროსად დაფიქსირება კანონშეუსაბამოდაა მიჩნეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დასტურდება, საქართველოს პრეზიდეტისა და საქართველოს მთავრობის სადავო აქტებში ოჯახის უფროსად მ. ლ-ის მითითების არამართლზომიერება.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხი კოტეჯის პრივატიზებას არ ეხება. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უკვე გამოხატეს ნება კოტეჯის პრივატიზებასთან დაკავშირებით და დაადასტურეს ს. ზ-ისათვის მისი საცხოვრებლად გადაცემა. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ პრივატიზების უფლებამოსილების არარსებობა არ გამორიცხავს მათ მიერ მიღებულ სადავო აქტებში ცვლილების შეტანის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და მ. ლ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და მ. ლ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2016წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი