საქმე # 330310115698826
ბს-248-246(კ-17) 05 ოქტომბერი 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ო. ჯ-ის, კ.ჟ-ის, მ.ს-ის და სხვათა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2016წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. ჯ-ემ, კ.ჟ-მა, მ.ს-მა, დ. ხ-მა, ი. ი-მა, ა. ა-ემ და ლ.შ-ემ 16.01.2015წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და მოითხოვეს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 24.12.2014წ. №1661514 გადაწყვეტილებისა და ქ.თბილსის მუნიციპალიტეტის მერიის 12.01.2015წ. №2701309 წერილის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.01.2015წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.05.2015წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 13.01.2015წ. წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.03.2016წ. გადაწყვეტილებით ო. ჯ-ის, კ.ჟ-ის, მ.ს-ის და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეთა მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2016წ. განჩინებით ო. ჯ-ის, კ.ჟ-ის, მ.ს-ის და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.03.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს ო. ჯ-ემ, კ.ჟ-მა, მ.ს-მა და სხვებმა.
კასატორებმა სზაკ-ის მე-13, 95.2 მუხლების საფუძველზე აღნიშნეს, რომ ბმა „...“ წევრებს არ ეცნობათ ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და არ იქნა უზრუნველყოფილი მათი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, მაშინ როდესაც არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასა და განვითარებასთან. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში განსახორციელებელი სამუშაოები ეხება მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციების, კედლების, სართულშუა გადახურვების რეკონსტრუქციას და დემონტაჟს. შენობის ეს ნაწილები წარმოადგენს ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებას, თუმცა დამკვეთის მიერ არქიტექტურის სამსახურისათვის წარდგენილი არ არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები საფრთხეს უქმნის საცხოვრებელი სახლის მდგრადობას. დამკვეთი საცხოვრებელი სახლისა და სარდაფის გაერთიანებით ცდილობს მიიღოს კომერციული ფართი, რაც არ არის შეთანხმებული სხვა მესაკუთრეებთან, ამხანაგობა ეწინააღმდეგება კომერციული ფართის შექმნას, რადგან ამას შესაძლოა მოჰყვეს საერთო საკუთრებისათვის საფრთხის შექმნა. კასატორთა მოსაზრებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში დაცული ექსპერტიზის დასკვნები, არ იმსჯელა მოსარჩელეთა არგუმენტებზე. სასამართლოს მოსაზრება, რომ შპს „...“ სამუშაოები განხორციელებული ჰქონდა 06.12.2012წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, არ არის დასაბუთებული, ამასთანავე აღნიშნული აქტი ბათილად არის ცნობილი, შესაბამისად მის საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებები კანონიერად ვერ იქნება მიჩნეული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ჯ-ის, კ.ჟ-ის, მ.ს-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ 06.12.2012წ. მ. ს-ის სახელზე გაცემული დადასტურების საფუძველზე სწორედ შპს „...“ დაიწყო სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება, რადგან 14.12.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულების შედეგად უძრავი ნივთის მესაკუთრე გახდა შპს „...“. 06.12.2012წ. დადასტურება სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ ბათილად იქნა ცნობილი არა გამოცემის, არამედ ბათილად ცნობის დღიდან, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული აქტის ბათილად ცნობამდე განხორციელებული ქმედებები ლეგიტიმურად იქნა მიჩნეული. სადავო აქტის გამოცემის მიზნით შპს-ს მიერ სსიპ არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი განცხადებითა და თანდართული მასალებით, მათ შორის - არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათებით დასტურდება, რომ სადავო აქტის გამოცემის მომენტისათვის შპს-ს უკვე განხორციელებული ჰქონდა ძირითადი სარეკონსტრუქციო ღონისძიებები: შიდა ტიხრების დემონტაჟი, რკინა-ბეტონის სარტყლის ნაწილობრივი დემონტაჟი, ფანჯრის ღიობის გაფართოება და სხვ.. ამდენად, სადავო აქტის გამოცემისას შპს-ს საერთო საკუთრების ქონებაზე უკვე ჰქონდა განხორციელებული ის სამუშაოები, რომლებიც საჭიროებდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობას.
დაუსაბუთებელია კასატორთა მოსაზრება, რომ დაგეგმილი სამუშაოები ზიანს აყენებს კორპუსის მდგრადობას, რადგან ექსპერტიზის 22.05.2015წ. დასკვნის თანახმად, სარეკონსტრუქციო სამუშაოები შესრულებლია ექსპერტიზის რეკომენდაციების მიხედვით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ აუარესებენ რეკონსტრუქციამდე პერიოდში არსებულ ტექნიკურ მდგომარეობას. 20.05.2015წ. დასკვნის მიხედვით კი, განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები სრულად უზრუნველყოფს შენობის მდგრადობას, რეკონსტრუქციამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა არ არის რეკომენდირებული და ფაქტობრივად შეუძლებელია. ამდენად, ვერ საბუთდება სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივად რელევანტური ინტერესის არსებობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ო. ჯ-ის, კ.ჟ-ის, მ.ს-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. ჯ-ის, კ.ჟ-ის, მ.ს-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2016წ. განჩინება;
3. თ. კ-ას (პ.ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.02.2017წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი