Facebook Twitter

საქმე # 330310014458756

ბს-334-332 (2კ-17) 12 ოქტომბერი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2016წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.მ-ემ 19.03.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 27.02.2014წ. ქ.თბილისის თვითმმართველ ერთეულის სახელზე ქ. თბილისში, ... გამზ. №155-ის გვერდით არსებული სკვერის მიმდებარე უძრავ ნივთზე განხორციელებული უფლების რეგისტრაციის ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.04.2014 წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. თბილისის მერია, ხოლო 01.05.2014წ. განჩინებით - სსიპ ქონების მართვის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.01.2015წ გადაწყვეტილებით ი.მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 27.02.2014წ. №882014027867-07 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2016 წ. განჩინებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.01.2015 წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

კასატორმა სსიპ ქონების მართვის სააგენტომ აღნიშნა, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახური, რომელიც განიხილავს სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციას და თუ დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონდებლობით დადგენილ მოთხოვნებს რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ მიიღება დადებითი გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურის მიერ 22.01.2014წ. შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძლით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.04.2013წ. გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ... გამზ. №155-ში მდებარე უძრავ ნივთთან დაკავშირებით წარსადგენი იყო მიწის ნაკვეთის კორექტირებული აზომვითი ნახაზი და ინფორმაცია ტექ. აღრიცხვის არქივიდან. კასატორმა მიუთითა, რომ რეგისტრაციის მიზნებისათვის მიწის ნაკვეთზე მისი არსებითი შემადგენელი ნაწილის არსებობა დგინდება საკადასტრო აზომვითი ნახაზით, უძრავ ნივთად არ მიიჩნევა მცირე არქიტექტურული ფორმები, დროებითი, არაკაპიტალური ნაგებობები/ობიექტები, რომლებზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაიცემა მშენებლობის ნებართვა. ქ.თბილისში ... №155-ის გვეერდით სკვერის მიმდებარედ არსებული სადავო ნაგებობა წარმოადგენს ერთსართულიან, არასაცხოვრებელი დანიშნულების მეტალის კონსტრუქციას, რაც დასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №025341-2011/-1/1 დაკვნით. აღნიშნულიდან გამომდინარე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 27.02.2014 წ. მართლზომიერად იქნა მიღებულ გადაწყვეტილება სადავო უძრავ ნივთზე ქ.თბილისის თვითმართველი ერთეულის საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ.

კასატორმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასებისა და გადასინჯვის გარეშე უპირობოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, იმსჯელა შენობა-ნაგებობის კაპიტალურობის საკითხზე და სამართლებრივი შეფასების მიღმა დატოვა ი.მ-ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები. სასამართლომ არ შეაფასა ი.მ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის უფლებადამდგენ დოკუმენტებად მიჩნევის შესაძლებლობა. ქ.თბილისის მთავარი არქიტექტორის 23.05.1996წ. №263 ბრძანება, 27.08.1999წ. №8/5-91 გადაწყვეტილება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 30.07.1999წ. ექსპლუატაციაში მიღების აქტები დაკავშირებული იყო კაფე-სანაყინეს მოწყობასთან, ისინი არ ადასტურებენ კონკრეტულ ქონებაზე პირის უფლების არსებობას, რაც სასამართლოს არ გაუთვალისწინებია. კასატორი უთითებს, რომ კაფე-სანაყინეს აშენების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთების (მოედნების, ქუჩების, გასავლელების, გზების, სანაპიროების) და დასასვენებელი ადგილების (პარკების, ტყე-პარკების, სკვერების, ხეივნების, დაცული ტერიტორიების) განკარგვა შესაძლებელი იყო მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით, მსგავსი ტიპის დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. მიუხედავად აღნიშნულისა სასამართლომ მარეგისტრირებელ ორგანოს დაავალა ი.მ-ის უფლების რაიმე ფორმით რეგიტრაცია.

კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილი იყო დავის არსებითად გადაწყვეტისათვის საჭირო ყველა მტკიცებულება და სასამართლოს თვითონ შეეძლო გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართვა წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი გამოცემა საჭიროებს სზაკ-ით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა (სზაკ-ის 96-ე მუხ.) და აქტის დასაბუთების შესახებ (სზაკ-ის 53-ე მუხ.) მოთხოვნების დაცვას. განსახილველ შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი მიმართვისას სააგენტოს არ მიუთითებია სკვერში ნაგებობის არსებობაზე იმ საფუძვლით, რომ 14.12.2011წ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობა არის ერთსართულიანი, არასაცხოვრებელი მეტალის კონსტრუქცია, ამდენად, არ მიიჩნევა უძრავ ნივთად. აღნიშნულის საპირისპიროდ საქმეში წარმოდგენილია 14.03.2014წ. ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, სკვერში არსებული ნაგებობა არის კაპიტალურობის მქონე. ამასთანავე, ექსპერტიზის განმახორციელებელი უწყების 03.04.2014წ. წერილის თანახმად, 14.12.2011წ. დასკვნა შედგა მხოლოდ ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ნაგებობის კაპიტალურობის დადგენა სცილდებოდა ექსპერტიზის ჩამტარებელი სპეციალისტების კომპეტენციას. ამდენად, უდავოდ დასტურდება, რომ სკვერში განთავსებული ნაგებობა წარმოადგენს უძრავ ნივთს, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს, შესაბამისად იგი უნდა ასახულიყო მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ მიწის ნაკვეთის აზომვით ნახაზზე, რაც არ განხორციელებულა.

დაუსაბუთებელია კასატორთა მოსაზრება, რომ ი. მ-ეს არ აქვს დავის წარმოების კანონიერი ინტერესი, რადგან ტექ. ბიუროს არქივში მოსარჩელის მამკვიდრებელთან დაკავშირებით დაცული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ადასტურებს მოსარჩელის ინტერესის არსებობას სკვერში მოწყობილ ნაგებობასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2016წ. განჩინება;

3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს.კ. 205296375) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.03.2017წ. N00487 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი