Facebook Twitter

ბს-340-338 (კ-17) 05 ოქტომბერი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2016წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ.ბ-ემ 05.02.2014წ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ და მოითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის 06.01.2014წ. N2 ბრძანების, გენერალური ინსპექციის 03.01.2014წ. დასკვნის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.04.2014წ. განჩინებით მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის 03.01.2014წ. №14-001 სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნის ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ლ.ბ-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2014წ განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.11.2014წ. გადაწყვეტილებით ლ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.ბ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2016წ განჩინებით ლ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.ბ-ემ.

კასატრომა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძირითადად შედგება ნორმათა ციტირებისაგან, მსჯელობა ფაქტობრივ გარემოებებთან და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით სრულიად დაუსაბუთებელია. საქმეზე დადგენილად იქნა მიჩეული, რომ მოსარჩელემ 17-ჯერ ისარგებლა საქმის წარმოების პროგრამით, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მატერიალური მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა, ამასთანავე, კანონმდებლობით არ არის დადგენილი ელექტრონული პროგრამით სარგებლობის ლიმიტი. სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია წინადადებები ბრალდების სრულყოფასთან დაკავშირებით, თუმცა არ გამოუკვლევია ასეთი წინადადებების წარდგენის საჭიროება. ნორმატიულად არ არის დადგენილი ასევე ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა, მოსარჩელე ამზადებდა წლიურ ანგარიშს, თუმცა გათავისუფლების გამო ვეღარ მოახერხა მისი წარდგენა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება მეთოდური ზედამხედველობის სამმართველოსა და ანალიტიკური განყოფილების ფუნქციებს, სწორედ მათ კომპეტენციაში შედიოდა პროკურატურის სისტემაში ერთიანი პრაქტიკის დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა. არასწორია ორგანოს მითითება გარკვეული განცხადებების განსჯადობის წესების დარღვევით გადაგზავნის შესახებ, ამასთანავე, განცხადებები მოსარჩელის ხელმოწერით იგზავნებოდა, რაც ადასტურებს საქმეთა განხილვას მის მიერ. უსაფუძვლოა მოსაზრება, რომ ლ. ბ-ე უშუალოდ უნდა ჩართული კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებში, რადგან ხელმძღვანელობის მიერ ასეთი დავალება გაცემული არ ყოფილა, ხოლო სამმართველოს უფროსი საკუთარი ინიციატივით არ მონაწილეობს გამოძიებაში. ორგანოს არ დაუსაბუთებია კონკრეტული სახდელის გამოყენების მიზანშეწონილობა. კასატორი მიიჩნევს აგრეთვე, რომ არსებობდა პირველ ინსტანციაში საქმის განმხილველი მოსამართლის თვითაცილების საფუძველი, რადგან მისი მეუღლე პროკურატურის მაღალჩინოსანია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითება პირველ ინსტანიაში საქმის განმხივლელ მოსამართლესთან მიმართებით თვითაცილების საფუძვლების არსებობის შესახებ, რადგან მოსამართლის მეუღლის მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმება იმთავითვე არ ადასტურებს სსკ-ის 29 - 31-ე მუხლებით დადგენილ აცილების საფუძვლების არსებობას, მოსამართლის საქმის შედეგით დაინტერესებას.

ლ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლებისას მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.07.2009წ. N157 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების“ თანახმად, სამმართველოს უფროსის ფუნქციები იყო გამოძიების და მასზე საპროცესო ხელმძღვანელობის, სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მდგომარეობის განზოგადება, ბრალდების სრულყოფის ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება (6.2 მუხ. „ვ“ ქვ.პ.), ამდენად, არასწორია კასატორის მოსაზრება, რომ პროკურატურის სისტემაში ერთიანი პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით მუშაობა აღარ წარმოადგენდა მისი სამმართველოს ფუნქციას. ლ. ბ-ე ვალდებული იყო სათანადო ზედამხედველობა განეხორციელებინა გამოძიებისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი ღონისძიებების მიმდინარეობაზე და ხელმძღვანელობისთვის წარედგინა ბრალდების სრულყოფის წინადადებები, რისი განხორციელებაც კასატორის მიერ არ დასტურდება.

კასატორის მოსაზრება, რომ ის ხელმძღვანელობისგან მხოლოდ სათანადო დავალების მიღების შემთხვევაში იყო უფლებამოსილი ჩართულიყო საგამოძიებო მოქმედებებში, არ ეფუძნება სათანადო სამართლებრივ საფუძველს, რადგან დებულების 6.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სამმართველოს უფროსი უშუალოდ მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებდა საგამოძიებო მოქმედებებს. მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის დავალების არსებობის საჭიროებას ნორმა ადგენდა მხოლოდ სამმართველოს უფროსის მიერ გამოძიების სრული მოცულობით წარმართვის შემთხვევაში.

არ დასტურდება აგრეთვე ელექტრონული პროგრამის ან საქმის მატერიალური სახით გაცნობის მეშვეობით დაქვემდებარებულ პროკურორთა საქმიანობაზე ზედამხედველობის სათანადოდ განხორციელება, რადგან ლ. ბ-ის არგუმენტაციის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. რაც შეეხება ელექტრონული პროგრამით სარგებლობის სიხშირეს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასკვნაში მითითებული ოდენობა ლ. ბ-ეს სარჩელში სადავოდ არ გაუხდია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2016წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი