ბს-365-362(კ-17) 05 ოქტომბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2016წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჩ-ემ 17.04.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ 12.01.2015წ. და 22.01.2015წ. ნ. ჩ-ესთან ჩატარებული გასაუბრების შედეგების, აგრეთვე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის ვაჟა-ფშაველას კვარტლების უბნის სამსახურის ... თანამდებობაზე 26.01.2015წ. ჩატარებული გასაუბრების შედეგების, ნ. ჩ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის 24.02.2015წ. N2 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების, ნ. ჩ-ის ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 24.02.2015წ. N11 სხდომის ოქმით მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარების დავალება იმ თანამდებობებზე, რომლებზეც მოსარჩელეს შეტანილი ჰქონდა საკონკურსო განაცხადები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.10.2015წ. გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ 12.01.2015წ და 22.01.2015წ. ნ. ჩ-ესთან ჩატარებული გასაუბრების შედეგები, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის 24.02.2015წ. N2 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ნ. ჩ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 24.02.2015წ. N11 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ნ. ჩ-ის ნაწილში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ნ. ჩ-ესთან მიმართებით ახალი აქტის გამოცემა, დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2016წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.10.2015წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიამ.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არასწორად განმარტა კანონი. სააპელაციო პალატამ სადავო აქტები ბათილად ცნო იმ პროცედურების დაუცველობის გამო, რომელთა დაცვაც კონკურსის ჩატარების წესის განმსაზღვრელი აქტებით არ ყოფილა დადგენილი, კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 10.10.2014წ. N11-22 დადგენილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 01.10.2014წ. N1900 ბრძანება და საქართველოს მთავრობის 18.06.2014წ. N412 დადგენილება არ ითვალისწინებდნენ კომისიის ვალდებულებას გასაუბრების ვიდეო ან აუდიო ჩაწერის შესახებ. კასატორებმა აღნიშნეს, რომ საქმეში წარმოდგენილია კომისიის თითოეული დამსწრე წევრის მიერ შევსებული ინდივიდუალური შეფასების ფორმა, რომელშიც პუნქტობრივადაა მოცემული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 01.10.2014წ. N1900 ბრძანებით გათვალისწინებული ექვსივე კრიტერიუმი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება შეფასების კრიტერიუმების არარსებობაზე. კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა სადავო გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობაზე და არა მიზანშეწონილების ასპექტებზე, კონკურსის კანონიერება უნდა შემოწმებულიყო კონკურსის ჩატარების მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით. აღნიშნული პროცედურები ორგანოს ზედმიწევნით აქვს დაცული. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სადავო აქტების არამართლზომიერების, გასაუბრების მიკერძოებულად ჩატარების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად განმტკიცებული იყო როგორც სადავო აქტების გამოცემისას არსებული (13 მუხ. „დ“ ქვ.პ.), ასევე ამჟამად მოქმედი (13 მუხ.) „საჯარო სამსახურის შესახებ კანონით. ყველა მოქალაქისათვის საჯარო სამსახურში შესვლის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა მიიღწევა კანდიდატთა გამჭვირვალე, ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასების გზით. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი მიმდინარეობდეს წინასწარ შემუშავებული გეგმის, განსაზღვრული პროცედურების, დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, რათა არ მოხდეს კონკურსანტთა არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული კონკურსის კანონიერების შემოწმება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ვერ დგინდება კანდიდატებისთვის, მათ შორის ნ. ჩ-ისთვის დასმული შეკითხვების შინაარსი და მათზე გაცემული პასუხები. კომისიის წევრების მიერ გარკვეულ კრიტერიუმებთან მიმართებით ქულების შემოხაზვა არ ქმნის გასაუბრების ეტაპის ობიექტურად ჩატარებულად მიჩნევის საფუძველს. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეძლოს კონკრეტული მტკიცებულებებით დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილების მართლზომიერება და თითოეული კონკურსანტისათვის უპირატების მინიჭება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2016წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი