Facebook Twitter

საქმე # 330310015001154297

ბს-471-468(კ-17) 26 ოქტომბერი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.02.2017წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. გ-ემ 04.05.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ მოპასუხის 04.03.2015წ. MOD31200170005 და 28.04.2015წ. MOD41500320793 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ქ. ქუთაისში, ... ქ. N..., კორპუსი N100, ბინა N25-ის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის თანხმობის შესახებ ახალი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების მოთხოვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.07.2015წ. განჩინებით რ. გ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. გ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2015წ. განჩინებით რ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისი საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.07.2015წ. განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.03.2016წ. გადაწყვეტილებით რ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 04.03.2015წ. MOD31200170005 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად ახალი აქტის გამოცემა განმცხადებლის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ქ. ქუთაისში, ... ქ. N..., კორპუსი N100-ში მდებარე N25 ბინასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის 30.04.2008წ. N219 ბრძანებულებით გათვალისწინებული ცნობის გაცემას, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 28.04.2015წ. MOD41500320793 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.02.2017წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.03.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორმა აღნიშნა, რომ რ. გ-ემ სამინისტროში სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საბინაო საექსპლუატაციო ნაწილის მიერ 21.10.1993წ. გაცემული N55 ორდერი. კასატორის მითითებით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 06.08.1993წ. N603 დადგენილებით განისაზღვრებოდა სამხედრო მოსამსახურეებისათვის ბინების მიცემის წესი და პირობები. აღნიშნული დადგენილების მე-15 პუნქტის თანახმად, ორდერს გასცემდა მმართველობის ადგილობრივი ორგანო და არა საბინაო საექსპლუატაციო ნაწილი. ეს უკანასკნელი საბინაო ორდერს გასცემდა მხოლოდ დახურულ სამხედრო ქალაქებში. კასატორმა აღნიშნა, რომ სამხედრო ქალაქი N... (ქ. ქუთაისი, ... ქუჩა) არ წარმოადგენდა დახურულ სამხედრო ქალაქს. შესაბამისად, რ. გ-ის მიერ წარდეგნილი საბინაო საექსპლუატაციო ნაწილის მიერ 21.10.1993წ. გაცემული N55 ორდერი გაცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 06.08.1993წ. N603 დადგენილება ითვალისწინებდა ორდერის გაცემას საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის მიერ მხოლოდ დახურულ სამხედრო ქალაქებში. კონკრეტულ შემთხვევაში, რ. გ-ეს საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის, როგორც არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ორდერის გამო, უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუმცა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. კერძოდ, სამინისტრომ ვერ წარმოადგინა სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ქ. ქუთაისში, ... ქ. N... არ წარმოადგენდა დახურული ტიპის სამხედრო ქალაქს და, შესაბამისად, ორდერი მმართველობის ადგილობრივ ორგანოს უნდა გაეცა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და მიუთითებს, რომ საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილი ცალსახად არ წარმოადგენდა არაუფლებამოსილ ორგანოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანზე არსებული ბინების გაცემასთან დაკავშირებით. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, დაადგინოს იყო თუ არა ქ. ქუთაისში, ... ქ. N... დახურული სამხედრო ქალაქი და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვროს ორდერის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.02.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი