საქმე # 330310015778055
ბს-477-474(კ-17) 12 ოქტომბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. თ-მა 15.04.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 7756,26 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.2015წ. გადაწყვეტილებით რ.თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რ.თ-ის სასარებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 7756,26 ლარის ოდენობით, რ. თ-ის მოთხოვნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2017წ. განჩინებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.2015წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი საფრთხის შემცველია სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილურობისა და ეფექტიანობისათვის. სასამართლომ არასწორად შეაფასა მარეგისტრირებელი ორგანოს კომპეტენცია, კერძო სამართლის სუბიექტებს შორის არსებული რისკების მომსახურების სააგენტოსათვის დაკისრება სრულიად დაუსაბუთებელია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20.06.2005წ. №628 ბრძანებით დამტკიცებული „სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის“ 23-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურები თავის მოვალეობების შესრულებისას ვიზუალურად ახდენენ სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან, რის შესახებაც დგება დათვალიერების აქტი. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა აღნიშნული ნორმა, ვინაიდან 2006 წელს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას მოხდა მისი ვიზუალური შემოწმება, რაც არ გულისხმობს ფიზიკურ ან ქიმიურ დამუშავებას. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 07.07.2010წ. დასკვნის თანახმად, გადაკეთების კვალი იყო თვალისათვის შეუმჩნეველი, ნაკლი გამოვლინდა მხოლოდ ფიზიკური და ქიმიური დამუშავების შედეგად.
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ რ. თ-ს საკუთრების რეგისტრირებაზე მართლზომიერად ეთქვა უარი, ამდენად, იგი ვერ მოითხოვს რეგისტრაციის განუხორციელებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რადგან არ დასტურდება უკანონო ქმედების არსებობა. ამასთანავე, ნივთის მფლობელი დღეის მდგომარეობით რ. თ-ია, დიდი ალბათობით მისთვის, როგორც კეთილსინდისიერი შემძენისათვის ნივთის ჩამორთმევა მომავალშიც არ მოხდება, აღნიშნულიდან გამომდინარე, გაურკვეველია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ სააგენტო ახდენს უკვე მოპოვებული საკუთრების უფლების აღრიცხვას, რეგისტრაციას არ აქვს უფლების წარმომშობი დანიშნულება, ამდენად, რეგისტრაციის განუხორციელებლობა არ ქმნის ავტომობილით სარგებლობის ხელშემშლელ გარემოებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააგენტოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების საფუძველი გახდა არა ნაკლის მქონე ნივთის გასხვისება, არამედ ორგანოს მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20.06.2005წ. №628 ბრძანებით დამტკიცებული „სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის“ მე-9 მუხლი, 23-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 27.03.2006წ. №401 ბრძანებით დამტკიცებული „სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის“ მე-9 მუხლი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.01.2007წ. №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის“ 41-ე მუხლი ითვალისწინებდა სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ დოკუმენტებთან სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარების საჭიროებას და სხვაობის აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო რეაგირებას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სატრანსპორტო საშუალების შესყიდვამდე, ავტომობილს ჰყავდა ორი მესაკუთრე. მათ სახელზე საკუთრების აღრიცხვის მიზნით ორგანოს მიერ განხორციელებული სარეგისტრაციო წარმოებისას არ გამოვლენილა რეგისტრაციის დამაბკოლებელი გარემოება, ორგანოს არ დაუდგენია სხვაობა წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებსა და ავტომობილის რეკვიზიტებს შორის. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 07.07.2010წ. დასკვნის მიხედვით ნომრის ლოკალური ფართი ფიზიკურად და ქიმიურად დამუშავდა საიდენტიფიკაციო ნომრის გამოჩენის მიზნით, რის შემდეგაც გამოისახა საიდენტიფიკაციო ნომრის მაჩვენებლები. ამდენად, ექსპერტმა სათანადო დამუშავების გარეშე ვერ ამოიკითხა საიდენტიფიკაციო ნომერი. აღნიშნული ადასტურებს, რომ ორგანომ არ შეასრულა მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომრისა და წარდგენილ დოკუმენტაციაში ასახული მონაცემების შედარების შესახებ, რადგან ნომერი არ იკითხებოდა, შესაბამისად მისი შედარება დოკუმენტაციაში ასახულ მონაცემებთან ვერ მოხდებოდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომრის წაკითხვის შეუძლებლობის შემთხვევაში, სააგენტოს უნდა უზრუნველეყო ნომრის გამოჩენა, რათა შეესრულებინა ნორმატიულად დაკისრებული ვალდებულება საიდენტიფიკაციო ნომრისა და წარდგენილ დოკუმენტაციაში ასახული მონაცემების შედარების შესახებ. სწორედ სააგენტოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობამ/არაჯეროვანმა შესრულებამ წარმოშვა მოსარჩელის მიერ ნაკლის მქონე ნივთის შეძენა, შესაბამისად დასაბუთებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება ზიანის ანაზღაურების კასატორისათვის დაკისრების შესახებ, თუმცა ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ზიანის ანაზღაურებამ არ უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთანავე, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (ს.კ. 205190513) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.04.2017წ. N09374 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 388 ლარის 70%, _ 271,60 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2017წ. განჩინება;
3. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (ს.კ. 205190513) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.04.2017წ. N09374 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 388 ლარის 70%, _ 271,60 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი