Facebook Twitter

#330310015790752

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე #ბს-993-989(კ-უს-17) 26 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებაზე.

2015 წლის 28 აპრილს მ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 მარტის №1110 ბრძანების გაუქმების მოთხოვნით.

მოსარჩელე მ. ა-მა არაერთხელ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხეთა წრე და საბოლოოდ მოპასუხედ მიუთითა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 მარტის №1110 ბრძანების ბათილად ცნობა, მ. ა-ის დაზარალებულად ცნობა და შპს „...“ წარმომადგენლის - მ. ა-ის სასარგებლოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის თანხის - 16 172 ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 მარტის №1110 ბრძანების ნაწილში, სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით მ. ა-ის სარჩელზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 მარტის №1110 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება ამ ნაწილში სარჩელის დაუშვებლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით მ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ. ა-ი ვერ ასაბუთებს თუ რა პირდაპირი და უშუალო ზიანი ადგება მას ან მისი რომელი კანონიერი უფლება და ინტერესი შეიზღუდა გასაჩივრებული - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 მარტის №1110 ბრძანებით, რამდენადაც დადასტურებულია, რომ აღნიშნული აქტი გამოცემულია, მართალია, მ. ა-ის საჩივრის საფუძველზე, მაგრამ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ A14086506 სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, რომლის მხარეებს წარმოადგენენ კრედიტორი - შპს „...“ (წარმომადგენელი - მ. ა-ი), მოვალე - ლ. კ-ი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელი სასამართლოში შეიძლება წარადგინოს მხოლოდ იმ პირმა, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დაირღვა გასაჩივრებული აქტით. რაც, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტის შინაარსიდან გამომდინარე, არ დგინდება, თუ რა არსებითი ზიანი მიადგა მ. ა-ს კანონით დაცულ უფლებებს და კანონიერ ინტერესებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ა-მა.

საკასაციო სასამართლო მ. ა-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა შეიძლება მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რაც ნიშნავს, რომ საკასაციო წესით გასაჩივრებას ექვემდებარება სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი აქტები, რომლებიც გამოტანილია საქმის არსებითად გადაწყვეტის შედეგად.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით განხილულ იქნა მ. ა-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.3 მუხლის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში კერძო საჩივრით გასაჩივრებას ექვემდებარება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და სარჩელის დაუშვებლად ცნობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებები.

კერძო საჩივრის განხილვის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლები. მითითებული კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.

აღნიშნული მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე, მ. ა-ის კერძო საჩივრის საფუძველზე, იმსჯელა ზემდგომმა _ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომლის განჩინებაც წარმოადგენს სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო პროცესუალურ აქტს და ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რაზედაც მიუთითებს თავად გასაჩივრებული განჩინება. აღნიშნულის მიუხედავად, მ. ა-მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებაზე დაუშვებელია, რის გამოც განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი