№330310015790752
№ბს-993-989(კ-უს-17) 3 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ მ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2015 წლის 28 აპრილს მ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 მარტის №1110 ბრძანების გაუქმების მოთხოვნით.
მოსარჩელე მ. ა-მა არაერთხელ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხეთა წრე და საბოლოოდ მოპასუხედ მიუთითა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 მარტის №1110 ბრძანების ბათილად ცნობა, მ. ა-ის დაზარალებულად ცნობა და შპს „...“ წარმომადგენლის - მ. ა-ის სასარგებლოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის თანხის - 16 172 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2017 წლის 17 თებერვალს მ. ა-მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლების - მ. რ-ის, კ. ჯ-ის, ი. ბ-ასა და შპს „ე...“-ის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით მ. ა-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 მარტის №1110 ბრძანების ნაწილში, სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით მ. ა-ის სარჩელზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 მარტის №1110 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება ამ ნაწილში სარჩელის დაუშვებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
2017 წლის 21 აპრილს მ. ა-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე შპს „ე...“-ის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინებით მ. ა-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2017 წლის 11 მაისს მ. ა-მა კვლავ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე შპს „ე...“-ის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით მ. ა-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა აღნიშნულ მოთხოვნაზე და არ დაკმაყოფილდა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით მ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინება.
2017 წლის 4 და 7 აგვისტოს მ. ა-მა საჩივრებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინებით მ. ა-ის საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ის საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საჩივრების ავტორის - მ. ა-ის მოთხოვნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „ე...“-ის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონიძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ასევე, განცხადება უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას, უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება მოსარჩელის განცხადების საფუძველზე იმ მიზნით, რომ არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება; ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმდგენი მოსარჩელის მიზანს, საბოლოო ჯამში, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და მისი დაუბრკოლებელი აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მ. ა-ის სარჩელზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, რომლის მიმართაც მოთხოვნილია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 მარტის №1110 ბრძანების ბათილად ცნობა, მ. ა-ის დაზარალებულად ცნობა და შპს „...“ წარმომადგენლის - მ. ა-ის სასარგებლოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის თანხის დაკისრება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შპს „ე...“, რომლის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებასაც ითხოვს განმცხადებელი, განსახილველ საქმეში მხარეს არ წარმოადგენს, დავა მის მიმართ არ წარმოებს, შესაბამისად, იგი არ არის მოცემულ დავაში მოპასუხე, რაც გამორიცხავს მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა არის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება განსახილველ საქმეზე მოპასუხისათვის გარკვეული უფლებების შეზღუდვის გზით. სარჩელის უზრუნველყოფა, როგორც დროებითი ღონისძიება, გამოყენებული უნდა იქნეს სასამართლო დავის დასრულებამდე გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების საფრთხის თავიდან აცილების საფუძვლით სწორედ მოპასუხის მიმართ, როგორსაც მოცემულ დავაში არ წარმოადგენს შპს „ე...“.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მ. ა-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით შპს „ე...“-ის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე, რაც მ. ა-ს სადავოდ არ გაუხდია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მ. ა-მა განმეორებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით შპს „ე...“-ის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების მოთხოვნით, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ განუხილველად დატოვა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინების გამოტანის შემდეგ მხარეს უფლება არ აქვს სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნით კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც საჩივრდება საჩივრით.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან განმცხადებელმა ერთი და იმავე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ერთი და იმავე უზრუნველყოფის მოთხოვნით (შპს „ე...“-ის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება) და იმავე შინაარსის დასაბუთებით ორჯერ მიმართა განცხადებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელიც ერთხელ არ იქნა დაკმაყოფილებული, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განმეორებით წარდგენილი განცხადება განუხილველად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ა-ის საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 194-ე მუხლებისა და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ა-ის საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისისა და 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი