Facebook Twitter

საქმე # 330310015001139246

ბს-299-297(კ-17) 09 ნოემბერი 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ.შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.2016წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.შ-მა 30.10.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სს „...“ მიმართ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 20.08.2015წ. №45/16 გადაწყვეტილებისა და კომისიის 18.09.2008წ. №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 11.10 მუხლის ბათილად ცნობის, სს „...“ მატერიალური ზიანის - 4785 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმიონისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.12.2015წ. განჩინებით გ. შ-ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე სს „...“ მიმართ მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, გამოიყო ცალკე წარმოებად და განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. ამავე თარიღის განჩინებით სს „...“, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2016წ. გადაწყვეტილებით გ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. შ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.2016წ. განჩინებით გ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. შ-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებები არ შეუფასებია. შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს როდის დაიწყებს ელექტროენერგიის მრიცხველი ცდომილებით აღრიცხვას, რაც დასტურდება საექსპერტო ლაბორატორიული დასკვნით. კასატორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ უგულებელყოფილი იქნა დაზარალებულის ინტერესები, გადაწყვეტილების მიღება მოხდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის და სს „...“ ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭებით, იმ ნორმის საფუძველზე, რომელიც არღვევს მომხმარებელთა უფლებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი მიინევს, რომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა გადაეგზავნოს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს, რათა მოხდეს მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და საქმის მიუკერძოებელად განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის თანახმად, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები მტკიცდება კომისიის დადგენილებით (5.1 მუხ., „ვ“ ქვ.პ.) და არის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს ერთი მხრივ განაწილების ლიცენზიანტებს და მეორე მხრივ, საცალო მომხმარებელს შორის განაწილების ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს (მე-2 მუხ., ჰ3 ქვ.პ.). კომისიის 18.09.2008წ. N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“ ითვალისწინებს საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის გადაწყვეტის სპეციალურ წესს (მე-11 მუხ.). უკეთუ მრიცხველის ცდომილება აღემატება დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებლის საზიანოდ, განაწილების ლიცენზიატი დადგენილი ცდომილების შესაბამისად ასწორებს მონაცემებს, ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილი შემოწმების თარიღამდე, რის შემდეგაც მომხმარებელს უბრუნდება ზედმეტად გადახდილი თანხა (11.10 მუხ. „ა“ ქვ.პ.). აღნიშნულისგან განსხვავებით, თუ შეუძლებელია ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღის დადგენა, მომხმარებლისათვის დარიცხული დავალიანების დაანგარიშება ხდება არაუმეტეს სამი თვის პერიოდზე (11.11 მუხ.), რაც განპირობებულია მომხმარებლისათვის მიყენებული ზიანის კონკრეტული ოდენობის დადგენის შეუძლებლობით. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ თუ მომხმარებელს ეჭვი ეპარება მრიცხველის გამართულ ფუნქციონირებაში, მას ნორმატიულად მინიჭებული აქვს შემოწმების ჩატარების მოთხოვნის შესაძლებლობა (11.81 მუხ.). გ. შ-ს 2013 წლის ოქტომბრამდე არ მოუთხოვია მრიცხველის შემოწმება, რაც ქმნის ვარაუდს, რომ მრიცხველის გამართულად ფუნქციონირებაში დაეჭვების საფუძველი არ არსებობდა.

დაუსაბუთებელია კასატორის მითითება მომხმარებლის ინტერესების მიზანმიმართულად შეზღუდვის შესახებ, რადგან მას როგორც ადმინისტრაციული წარმოებისას, ასევე დავის სასამართლო განხილვისას ჰქონდა თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი, აღრიცხვის ხარვეზის წარმოშობის დამდგენი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. კასატორი არ უარყოფს, რომ ვერ დგინდება ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღი, შესაბამისად მართებულია გადაანგარიშების მიზნით „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 11.11 მუხლის გამოყენება.

ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება გასაჩივრებული ნორმატიული აქტის კანონშეუსაბამობის შესახებ, რადგან იგი მიღებულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონით დადგენილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ კანონითვე განსაზღვრული მიზნების შესაბამისად. კასატორი ვერ ასაბუთებს გასაჩივრებული ნორმის არამართლზომიერებას, მომხმარებელთა ინტერესებისათვის გაუმართლებელი ზიანის მიყენებას, რადგან ნორმა აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როდესაც დაუდგენელია ხარვეზის წარმოშობის კონკრეტული თარიღი, შესაბამისად ასევე ვერ ხდება მომხმარებლისათვის მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა, რის გამოც შემოღებულია გადაანგარიშების გონივრული ვადა - არაუმეტეს 3 თვის პერიოდი. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სარჩელით გ. შ-ი ითხოვდა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 11.10 მუხლის და არა 11.11 მუხლის გაუქმებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ.შ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.2016წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი