Facebook Twitter

ბს-313-311(2კ-17) 02 ნოემბერი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2016წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „…“ და შპს „…“ 24.04.2014წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის 05.12.2012წ. N27224, N27337, 13.02.2013წ. N5277, N5376 ბრძანებების და დარიცხული ჯარიმების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.03.2014წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირებად ჩაერთვნენ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო და საქართველოს მთავარი პროკურატურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.02.2015წ. გადაწყვეტილებით შპს „…“ და შპს „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2016წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.02.2015წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „…“ და შპს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 05.12.2012წ. N27224, N27337 ბრძანებებები, სსიპ შემოსავლების სამსახურის 13.02.2013წ. N5277, N5376 ბრძანებები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.03.2014წ. გადაწყვეტილება შპს „…“ და შპს „…“ დარიცხული ჯარიმების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ მოსარჩელეებთან დადებული საგადასახადო შეთანხმებებით გათვალისწინებული იყო კონკრეტული თანხის გადახდის ვალდებულება საგადასახადო შეთანხმების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში, წინააღმდეგ შეთხვევაში შეთანხმებები ითვალისწინებდა შპს-ს დაჯარიმებას გადასახდელი თანხის 10%-ის ოდენობით. საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელებს შესაბამის ანგარიშზე არ ჩაურიცხავთ შეთანხმებული თანხები, რითაც დაარღვიეს შეთანხმების პირობები და შექმნეს ჯარიმის დარიცხვის საფუძვლები. გადამხდელები მოვალენი იყვნენ საგადასახადო ვალდებულებები შეესრულებინათ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. კასატორები ყურადღებას ამახვილებენ აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა საგადასახადო შეთანხმებების დადებამდეც, რაც ადასტურებს თანხების საგადასახადო ვალდებულების დაფარვისგან განსხვავებული მიზნით ჩარიცხვას. ასევე არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლის საფუძველზე შპს-ების, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელების, ჯარიმისგან გათავისუფლების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩირები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ საგადასახადო შეთანხმებებით განსაზღვრულ ვადაში - 2012 წლის 02 სექტემბრამდე, შპს „…“ და შპს „…“ დირექტორმა საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული თანხები სრულად ჩარიცხა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. აღნიშნული თანხების სსიპ შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე გადარიცხვა დაიწყო ასევე 2012 წლის 02 სექტემბრამდე - 27.08.2012წ., როდესაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსგან მოითხოვა მის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების სსიპ შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე გადარიცხვა. ის, რომ შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე თანხების ასახვა მოხდა საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული ვადის დარღვევით გამოწვეული არ ყოფილა შპს-ების ბრალით, მათი ქმედებით/უმოქმედობით, თანხის შეფერხებით გადარიცხვა განპირობებული იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ხარვეზის შემცველი განცხადებითა და თანხების სხვადასხვა სახაზინო კოდებზე განაწილების საჭიროებით. ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის ვადის დარღვევით გადარიცხვა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს შპს „…“ და შპს „…“ მიერ საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული პირობების დარღვევად, მით უფრო, რომ შპს-ების მიერ კონკრეტული ტრანზაქციების განხორციელება ხდებოდა პროკურატურის მითითებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2016წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი