ბს-604-601(კს-17) 02 ნოემბერი, 2017 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მოწინააღმდეგე მხარე - სს „…“; სს „ს...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2017წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „...“ 21.02.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა მოპასუხის 11.12.2013წ. N33/2 გადაწყვეტილების 1-ლი და მე-3 ნაწილების ბათილად ცნობა, მოპასუხის 07.07.2015წ. N36/2 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.
სს „ს...“ 27.08.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 07.07.2015წ. N36/2 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ელექტოენერგიის გადაცემის საფასურის გადახდის წესის შემუშავებისა და შემუშავებული წესის მიხედვით სს „...“ თანხის დაკირსების თაობაზე ახალი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.10.2015წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმეები სს“...“ სარჩელისა და სს “ს...“ სარჩელის გამო გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.2016წ. გადაწყვეტილებით სს „...“ და სს „ს...“ სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყევტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 11.12.2013წ. N 33/2 გადაწყვეტილების 1-ლი და მე-3 ნაწილები, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 07.07.2015წ. N36/2 გადაწყვეტილება და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა სს „ს...“ 04.06.2013წ. და სს „...“ 25.04.2013წ. განცხადებებში დამულ საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.04.17წ. განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, როგორც გასაჩივრების ვადის დარღვევით შეტანილი. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ერთდღიან და არა ორი ან მეტი დღით შეცდომას თარიღში. ამასთან, შეცდომა დაშვებულია არა კომისიის, არამედ კომისიის აპარატის თანამშრომლის მიერ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მითითებით, სააპელაციო წესით დავის გაგრძელების საჭიროებაზე მოხსენებითი ბარათი კომისიის თავმჯდომარის სახელზე მომზადდა 17.03.2017წ., სახელმწიფო ბაჟი კი კომისიის მიერ გადახდილია 21.03.2017წ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გაშვებული ვადა საპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული. კომისიამ განმარტა, რომ სადავო საკითხის სერიოზულობიდან გამომდინარე, ზემდგომმა სასამართლომ უნდა უზრუნველყოს საქმის განხილვა და სამართლიანობის ბალანსის პოვნა პრობლემის გადასაწყვეტად, მით უფრო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ შეძლო სადავო საკითხის გადაწყვეტა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია მოხდეს საჯარო და კერძო ინტერესების შედარება და საქალაქო სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომების გადახედვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით არ დაუბრუნა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რასაც ითვალისწინებს სსკ-ის 374.3 მუხლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.2016წ. გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 13.03.2017წ., რაც დასტურდება კომისიის მიერ სასამართლო გზავნილზე დასმული ბეჭდით (ტ.3, ს.ფ. 299). თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.12.2016წ. გადაწყვეტილების საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირის მიერ 13.03.2017წ. ჩაბარებას არც კერძო საჩივრის ავტორი უარყოფს, თუმცა აღნიშნავს, რომ აპარატის თანამშრომლის შეცდომამ განაპირობა ფოსტისათვის სააპელაციო საჩივრის ერთი დღით დაგვიანებით - 28.03.2017წ. ჩაბარება.
სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსკ-ის 60.2 მუხლის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო გზავნილის მხარისთვის ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე და უბრუნდება სასამართლოს (სსკ-ის 73.5 მუხ.). სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გზავნილის მხარისათვის ჩაბარება და შესაბამისად, ამავე დოკუმენტით ხელმძღვანელობს სასამართლო მხარისათვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ათვლისას. განსახილველ შემთხვევაში გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად მითითებულია 13.03.17წ., დასტურზე დასმულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა (ტ.3, ს.ფ. 299). საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კორესპონდენციის ჩაბარების დასტურის არასარწმუნოობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ჩაბარდა 13.03.17წ.. ამასთანავე, საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, სსკ-ის 369.1 მუხლის საფუძველზე, მხარეებს განმარტებული ჰქონდათ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო წესით შესაძლებელი იყო მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.16წ. გადაწყვეტილება ჩაბარდა 13.03.17წ., სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 28.04.17წ., რაც დასტურდება სააპელაციო საჩივრის კონვერტზე დასმულ საფოსტო შტამპზე მითითებული თარიღით (ტ.3, ს.ფ. 324). კონვერტზე მითითებულ თარიღში სააპელაციო საჩივრის შეტანას წარმოდგენილ კერძო საჩივარში ადასტურებს აგრეთვე კერძო საჩივრის ავტორიც (ტ.3, ს.ფ.339). ამდენად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა კანონით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო წესით დავის გაგრძელების საჭიროებაზე მოხსენებითი ბარათი კომისიის თავმჯდომარის სახელზე მომზადდა 17.03.2017წ., სახელმწიფო ბაჟი კი კომისიის მიერ გადახდილია 21.03.2017წ., რის გამო კერძო საჩივრის ავტორის აზრით, გაშვებული ვადა საპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 59.4 მუხლის მიხედვით სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადებს აღმკვეთი ხასიათი აქვთ. ამასთანავე, საპატიო მიზეზად ვერ იქნება მიჩნეული ის გარემოება, რომ შეცდომა დაშვებულია არა კომისიის, არამედ კომისიის აპარატის თანამშრომლის მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2017წ. განჩინების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის 6.3 მუხლის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს. ამასთანავე, სსკ-ის 374.3 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.04.2017წ. განჩინებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. ამდენად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სრულად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე 21.03.2017წ. N277 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 374-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2017წ. განჩინება;
2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე 21.03.2017წ. N277 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი