Facebook Twitter

N330310015001139246

ბს-299-297(კ-17) 25 სექტემბერი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. შ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით დროებითი განჩინების მიღების შესახებ

აღწერილობითი ნაწილი:

გ. შ-მა 30.10.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ (მესამე პირი სს „...“). მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 20.08.2015წ. №45/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008წ. №20 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” 11.10. მუხლის ბათილად ცნობა. მოსარჩელე არ ეთანხმებოდა გასაჩივრებული 20.08.2015წ. №45/16 გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მის სააღრიცხვო ბარათზე რიცხული ელექტროენერგიის დავალიანების ზედმეტი ოდენობის კორექტირება უნდა განხორციელებულიყო 18.09.2008წ. №20 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-11 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-11 პუნქტის შესაბამისად (მრიცხველის ბოლოს წინა ჩვენების აღებასა და მოთხოვნილ შემოწმებას შორის პერიოდზე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა). მოსარჩელემ აღნიშნა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი წესიდან გამომდინარე, დავალიანების კორექტირება უნდა განხორციელებულიყო 2001 წლის 15 თებერვლიდან 2013 წლის 29 ოქტომბრამდე (12 წლიან პერიოდზე), რამდენადაც კომპანიის მხრიდან ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმების ზღვრული ნორმა შეადგენს 12 წელს. შედეგად, სს „...“ მისთვის უნდა აენაზღაურებინა 12 წლიანი პერიოდულობის გათვალისწინებით დაანგარიშებული კომპენსაცია, გაუმართავი მრიცხველის მიერ არასწორი დავალიანების დარიცხვის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.04.2016წ. გადაწყვეტილებით გ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.2016წ. განჩინებით გ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-მა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 31.03.2017წ. განჩინებით გ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

21.09.2017წ. გ. შ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა განსახილველი დავის დასრულებამდე, სს „...“, „ჯ...“ და ქ. თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურისათვის მიმართვა, მისთვის დავალიანების თანხის: 22+12+18 ლარის გადახდის 2017 წლის 20 ოქტომბრამდე გადავადებისა და შეწყვეტილი ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გ. შ-ის განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 31-ე მუხლი ითვალისწინებს დროებითი განჩინების გამოყენების შესაძლებლობას სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო. განსახილველ შემთხვევაში გ. შ-ს სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია დროებითი განჩინების მიღების საჭიროება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორი ვერ ადასტურებს, რომ მისი შუამდგომლობა კავშირშია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარ მოწესრიგებასთან, შესაბამისად, სასამართლო ვერ იმსჯელებს ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგების აუცილებლობაზე, მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გათვალისწინებით. განსახილველი დავა დაკავშირებულია არა უკანონოდ შეწყვეტილი ელექტროენერგიის აღდგენასთან, არამედ დარიცხული ელექტროენერგიის დავალიანების კორექტირებასთან, ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების ზუსტი თარიღის განსაზღვრით და დარიცხვის პერიოდის დადგენით 3 თვის ნაცვლად 12 წლით.

ამასთანავე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასკ-ის 31-ე მუხლი საკასაციო ინსტანციის სასამართლოში დროებითი განჩინების მიღების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს დროებითი განჩინების მიღებაზე უფლებამოსილ სასამართლოთა ჩამონათვალს. სასკ-ის 31.2 მუხლის თანახმად, დროებითი განჩინების მიღების უფლება ენიჭება საქმის განმხილველ სასამართლოს, რომელშიც იგულისხმება მხოლოდ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოები (იხ. სუსგ 09.01.2012წ. Nბს-1295-1280(კ-11)) .

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. შ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დროებითი განჩინების მიღების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. შ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დროებითი განჩინების მიღების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი