საქმე №ბს-284-282(კ-17) 13 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს სახალხო დამცველი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი. ჭ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება (სამსახურში აღდგენა), ქმედების განხორციელების დავალება (განაცდურის ანაზღაურება)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ჭ-ამ 2016 წლის 6 მაისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ მოპასუხის 2016 წლის 8 აპრილის №119 ბრძანების ბათილად ცნობა, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, დისკრიმინაციული ქმედებების შეწყვეტის დავალება და მატერიალური ზიანის - 500 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის განჩინებით სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად და წარმოებაში იქნა მიღებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის განჩინებით სარჩელი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და დისკრიმინაციული ქმედებების შეწყვეტის დავალების ნაწილში განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ი. ჭ-ას სარჩელი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტის დავალების ნაწილში მოპასუხე საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ი. ჭ-ამ 2016 წლის 26 ივლის კიდევ ერთი სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ, რომლითაც მოპასუხის 2016 წლის 8 ივლისის №206 ბრძანების ბათილად ცნობა; სამსახურში აღდგენის, განაცდურისა და 2016 წელს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებით №3/5543-16 ადმინისტრაციული საქმე და №3/3430-16 ადმინისტრაციული საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად და გაერთიანებულ ადმინისტრაციულ საქმეს მიენიჭა №3/5543-16.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე ი. ჭ-ამ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და შვებულების ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა მოხსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ... დეპარტამენტის უფროსის ი. ჭ-ას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 8 აპრილის №119 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ... დეპარტამენტის უფროსის ი. ჭ-ას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 8 ივლისის №206 ბრძანება; საქართველოს სახალხო დამცველს დაევალა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ი. ჭ-ას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ... დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; საქართველოს სახალხო დამცველს დაევალა იძულებითი განაცდური ხელფასის ი. ჭ-ას სასარგებლოდ ანაზღაურება მისი თანამდებობიდან განთავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სახალხო დამცველმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებით საქართველოს სახალხო დამცველის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სახალხო დამცველმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კასატორი პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობაზე და პირადი მიზნებისათვის გამოყენების შესახებ მიუთითებს, რომ ი. ჭ-ას მიერ სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, სასამართლოში წარდგენის დროს არ არის დამუშავებული არც სამეწარმეო ან პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, არამედ უკავშირდება მის კერძო/პირად ინტერესს. შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კომპეტენცია არ ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ პირადი მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავებაზე. ამდენად, კასატორის მოსაზრებით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე აპელირება სასამართლოს მიერ და ი. ჭ-ას ქმედების, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებად განსაზღვრა დაუსაბუთებელია.
კასატორის მოსაზრებით სრულიად გაუგებარია, როგორ შეფასდა ჭ-ას ქმედებები, როგორც სასამართლოში საკუთარი ინტერესების დასაცავად დამუშავებული ინფორმაცია, როდესაც ამ ინფორმაციით მისი ინტერესების დაცვა არ განხორციელებულა. ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ადგენს მონაცემთა სუბიექტების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და იყენებს ადმინისტრაციული სახდელის შესაბამის ზომებს, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ, საჯარო მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის გამო, გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ჭ-ას მიერ ინფორმაცია მოპავებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით დადგენილი წესების საწინააღმდეგოდ, რამდენადაც მას არ გამოუთხოვია ინფორმაცია დადგენილი წესით, არ წარმოუდგენია შესაბამის პირთა თანხმობა, არ უზრუნველყო მონაცემების შეტანა შესაბამის რეესტრში, არ მიღებულა შესაბამისი გადაწყვეტილება ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით და ამ ყველაფერთან ერთად მან არ უზრუნველყო კონფიდენციალურობის დაცვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ ი. ჭ-ას მიერ პირადი მიზნებისათვის გამოყენებული დოკუმენტები თავისი არსით წარმოადგენს პერსონალური ინფორმაციის შემცველ ისეთ ინფორმაციას, რომელიც მისთვის ცნობილი და ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ მისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მისივე სამსახურებრივი მდგომარეობის, სახალხო დამცველის აპარატში დაკავებული თანამდებობის, მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების გავლენითა და მეშვეობით. სწორედ ამიტომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით აღნიშნული ინფორმაცია არა მარტო პერსონალური ხასიათის, არამედ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ პროფესიულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის სტატუსის მატარებლადაც მიიჩნევა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად შეუსრულებლობა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით არ არის დასაბუთებული.
საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში განცხადების წაშლისა და ახალი განცხადებით ჩანაცვლების თაობაზე კასატორი მიუთითებს, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, განცხადების მიღება და ასევე შესაბამისი პასუხის მომსაზდება, სახალხო დამცველის აპარატში წარმოებს ელექტრონული საქმის წარმოების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით (e-dokument პროგრამა). სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება და საერთოდ არ მისცა შეფასება საკითხს, თუ რა შედეგი გამოიწვია ი. ჭ-ას ქმედებამ რეგისტრირებული განცხადების წაშლისა და მის ადგილას სხვა განცხადების რეგისტრაციით. აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია არასწორი ინფორმაციის გაცემა და ჟურნალისტის მიერ სიუჟეტის მომზადება, ისე რომ ზიანი მიადგა სახალხო დამცველის ინსტიტუტს და ავტორიტეტს შეექმნა საფრთხე.
კასატორი მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში განხილულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის საჩივარი, გამოცემა „....“ და სტუდია „...“ მიერ მომზადებულ მედია პროდუქტებთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2017 წლის 28 იანვარს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა ჟურნალისტის მიერ, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპის დარღვევა (საზოგადოებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება). ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ საჩივრის განხილვაში, მოწმის სახით მონაწილეობა მიიღო ი. ჭ-ამ, რომელიც ამავე დროს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახალხო დამცველის წინააღმდეგ დავაში წარმოადგენდა ამავე ჟურნალისტის ინტერესებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2016 წლის ივნისში ჟურნალისტის ნ. ა-ის მიერ სტატიის მომზადებისას, მის კონფიდენციალურ წყაროს სწორედ ი. ჭ-ა წარმოადგენდა, რომელიც აღნიშნულ პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იყო და მის მიერ იყო ინფორმაცია გაცემული, როგორც გამოცემა „...“, ასევე სტუდია „...“. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ჟურნალისტი დაეყრდნო ერთ წყაროს - ი. ჭ-ას. ამასთან, ეს ერთი წყაროც იყო მიკერძოებული პირი, ვინაიდან მას შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატის მიერ დაკისრებული ჰქონდა დისციპლინარული პასუხისმგებლობა და სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მიმართ კრიტიკული პოზიცია გააჩნდა, რაც წყაროს სანდოობის სტატუსს ამცირებს და ასეთი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია კიდევ უფრო მეტ გადამოწმებას საჭიროებს. კასატორის მოსაზრებით ი. ჭ-ამ დაარღვია სახალხო დამცველის აპარატის დებულების 30-ე მუხლით დადგენილი საქმის ... დეპარტამენტის უფროსის ძირითადი ფუნქციები.
კასატორი აღნიშნავს, რომ „პროფესიული კავშირების შესახებ“ კანონის დათქმა, რომ ამავე კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირებისათვის, როგორი ხარისხის გადაცდომაც არ უნდა ჩაიდინონ, პროფკავშირების გაერთიანების თანხმობის გარეშე ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხდება მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, ანუ ისინი სხვა თანამშრომლებთან შედარებით პრივილეგირებულ, ერთგვარად ხელშეუხებელ მდგომარეობაში იმყოფებიან. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციით აღიარებულ პრინციპს და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებას.
კასატორი მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები საფუძვლად დაედო ი. ჭ-ას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - გათავისუფლების გამოყენებას. გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა შესაბამისობაშია დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და გამოწვეულ შედეგთან და როგორც უკიდურესი ღონისძიება, ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციულია. ამასთან, ამ ზომის გამოყენებისას მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ი. ჭ-ას მიმართ, სახალხო დამცველის 2016 წლის 8 აპრილის №119 ბრძანებით უკვე გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება, რომლის მოქმედების ერთწლიანი ვადა არ იყო გასული. თუმცა ამ გარემოების არ არსებობის პირობებშიც, სახეზეა სამსახურებრივი ვალდებულებების უხეში დარღვევა, რამაც მნიშვნელოვნად შელახა სხვა პირთა უფლებები და სახალხო დამცველის ინსტიტუტის ავტორიტეტი.
განაცდურის ანაზღაურების თაობაზე კასატორი აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2016 წლის 10 აგვისტოს ამონაწერით - დგინდება, რომ მოსარჩელე ი. ჭ-ა არის შპს „...“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირი - დირექტორი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მიზანი დასაქმებულის იმ მატერიალური მდგომარეობის აღდგენაა, რომელიც არსებობდა ზიანის მიმყენებლის უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე (სამსახურიდან გათავისუფლებამდე).
კასატორი მიუთითებს ი. ჭ-ას საქმის მსგავს სამოქალაქო კატეგორიის საქმეებზე მიღებულ განჩინებებზე (26.02.13წ. №ას-427-403-2013 და 24.03.15წ. №ას-980-941-2014), რომლითაც მოსარჩელეებს განაცდური ხელფასის სახით აუნაზღაურდათ სხვაობა ძველ და ახალ ხელფასს შორის. იძულებით მოცდენის ვადად ჩაითვალა ის პერიოდი, სანამ მოსარჩელე მუშაობას დაიწყებდა სხვა კომპანიაში.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ პირველი დისციპლინური წარმოების ფარგლებში დადგენილი გადაცდომა, სახალხო დამცველის მოადგილის მიერ, მის საკურატორო სფეროში შემავალი დეპარტამენტის თანამშრომლებთან ჩატარებული თათბირის შინაარსისა და თანამშრომელთა დამოკიდებულების დადგენა სასამართლოების მიერ შეფასდა, როგორც მოსარჩელის გამოხატვის თავისუფლება, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის ჭრილში და მოყვანილია საქართველოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. ი. ჭ-ას ქმედება სასამართლომ ასევე შეაფასა, როგორც სახალხო დამცველის აპარატის დებულების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი დეპარტამენტის ფუნქცია. კასატორის მოსაზრებით ი. ჭ-ას მხრიდან განხორიციელებული ქმედება არაეთიკური და არაკოლეგიალური ქმედების ჩადენაზე მიუთითებს. რაც საჯარო სამსახურში უმნიშვნელოვანესი პრინციპია სუბორდინაციის დაცვასთან ერთად, რის შესაძლებლობასაც სახალხო დამცველის აპარატში თანამდებობათა გადანაწილების სქემა იძლევა. ამასთან, მოწმის ჩვენებით არ დგინდება, ი. ჭ-ას მიერ სახალხო დამცველის აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ორგანიზების ან/და მსგავსი სახის ღონისძიებების დაგეგმვის საკითხები და შესაბამისად სამსახურებრივი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება. კასატორის მოსაზრებით დაკისრებული დისციპლინური სახდელის შეფარდება განხორციელდა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებული გარემოებების და დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობების გათვალისწინებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს სახალხო დამცველის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ი. ჭ-ას მოქმედების სამართლებრივ შეფასებას, რომ ი. ჭ-ას მოქმედება, რაც გამოხატა თანამშრომელთა მიმართ გამართული თათბირის შესახებ კითხვების დასმით, საქართველოს სახალხო დამცველის 2009 წლის 30 ოქტომბრის N45 ბრძანებით დამტკიცებული სახალხო დამცველის აპარატის დებულების VI თავით განსაზღვრულ საქმის ... დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნებს არ სცილდებოდა და ექცეოდა მისი, როგორც დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებაში, რამდენადაც დადგენიალია, რომ ი. ჭ-ამ მხოლოდ კითხვები დაუსვა მის თანამშრომლებს სახალხო დამცველის მოადგილის მიერ ჩატარებული თათბირის დეტალებთან დაკავშირებით და მას რაიმე შეურაცხმყოფელი აზრი არ გამოუხატავს სახალხო დამცველის მოადგილის ნ. კ-ის მიმართ, რაც მის დისკრედიტაციას და თანამშრომლების თვალში დამცირებას გამოიწვევდა. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ თვითონ სახალხო დამცველის მოადგილე თავის მოხსენებით ბარათში აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია მოსარჩელე ი. ჭ-ამ გამოთქვა თუ არა რაიმე მოსაზრება აღნიშნულ თათბირთან ან მასთან დაკავშირებით. ის გარემოება, რომ მოსარჩელე ი. ჭ-ას მიერ, სახალხო დამცველის მოადგილის ნ. კ-ის მიმართ თანამშრომლებთან რაიმე შეურაცხმყოფელ კომენტარს ადგილი არ ჰქონია, ეს თვით ამ თანამშრომლებმა დაადასტურეს შესაბამისი ზეპირი მოსმენის დროს დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით. ამასთან, ი. ჭ-ა წარმოადგენდა ... დეპარტამენტის ხელმძღვანელს და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღნიშნული დეპარტამენტის ერთ-ერთ ფუნქციას თანამშრომელთა შეფასების პროცესზე მონიტორინგის და სხვა იმ ფუნქციების განხორციელება წარმოადგენდა, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკიდან. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სამსახურებრივი თათბირის თაობაზე თანამშრომელთა გამოკითხვა, თათფირზე მათ მიერ საკითხების აღქმასთან დაკავშირებით გამომდინარეობს დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკიდან.
ასევე მართებულია სააპელაციო პალატის განმარტება, რომ დისკრედიტაციისა თუ ავტორიტეტის შელახვის ობიექტური მხარე უნდა გამოხატულ იქნას ქმედების განხორციელებაში, ხოლო სუბიექტური მხარე გამოიხატება კონკრეტული თანამდებობის პირის ავტორიტეტის შელახვის განზრახვაში, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთანავე, კასატორი ვერ ადასტურებს, რომ ი. ჭ-ას მოქმედებამ უწყების მუშაობაზე რაიმე უარყოფითი გავლენა მოახდინა, რამდენადაც მის მიერ აპარატის თანამშრომელთა გამოკითხვის ფაქტი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შემთხვევით იქნა გამოვლენილი.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ი. ჭ-ას მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულების თაობაზე, რამდენადაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას - განზრახვას საჯარო სამსახურის ინტერესების საწინააღმდეგოდ თავი შეიკავოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისაგან. მოცემულ შემთხვევაში, არც დასკვნით, რომელიც დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად შედგა შესაბამისი კომისიის მიერ და არც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ დგინდება ის, თუ რაში გამოიხატა მოსარჩელე ი. ჭ-ას ბრალი - განზრახვა საჯარო სამსახურის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისაგან თავის შეკავებასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ი. ჭ-ას მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო და იგი საქართველოს სახალხო დამცველმა სამსახურიდან გაანთავისუფლა იმ საფუძვლით, რომ ერთი მხრივ, მოსარჩელე ი. ჭ-ამ სასამართლოში, მტკიცებულების სახით წარადგინა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დაცული პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები, ხოლო მეორე მხრივ, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოქალაქის ერთი განცხადება, განმცხადებლის მოთხოვნით ჩაანაცვლა იმავე მოქალაქის სხვა განცხადებით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი. ამდენად, საკუთარ სამსახურებრივ მდგომარეობაზე დაყრდნობით ი. ჭ-ას მიერ უკანონო (არალეგიტიმური) მიზნისათვის პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას ადგილი არ ჰქონია. პერსონალური ინფორმაცია მის მიერ წარდგენილ იქნა სასამართლოში საკუთარი კანონიერი ინტერესების დასაცვად, მის ქმედებას ინფორმაციის გამჟღავნება და პირადი მონაცემების დაცვის დარღვევა მესამე მხარისაგან ან საზოგადოებისაგან არ მოჰყოლია.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ი. ჭ-ას მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ჩანაცვლება განხორციელდა იმავე განმცხადებლის ნების საფუძველზე სხვა განცხადებით და მან, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა უზრუნველყო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კანონით დადგენილი წესით. ამასთან, ორივე განცხადებით მოთხოვნილ იქნა ერთიდაიმავე შინაარსის ინფორმაცია: პირველი განცხადებებით მოთხოვნილი იყო კონკრეტული ბრძანების (2016 წლის 28 მარტის №113 ბრძანების) ასლი, ხოლო მეორე განცხადებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში ყველა იმ ბრძანების ასლი, რომელიც შეეხებოდა „Mersedes Benc GLA“-ს“ კონკრეტული თანამდებობის პირისათვის სარგებლობის მიზნით გადაცემას. განმცხადებელს სახალხო დამცველის ოფისის მიერ გაეგზავნა 2016 წლის 28 მარტის N113 ბრძანების ასლი დაშტრიხული სახით, ავტომობილის სამსახურებრივი სარგებლობის მიზნით კონკრეტული თანამდებობის პირის მითითების გარეშე. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ორივე განცხადებაზე გაცემული ინფორმაცია უნდა ყოფილიყო ერთიდაიგივე შინაარსის, რისი გაცემაც განხორციელდა ი. ჭ-ას მიერ მისთვის მინჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები, რომ ი. ჭ-ას მოქმედებამ გამოიწვია სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაცია არ დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს სახალხო დამცველის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე