Facebook Twitter

საქმე №ბს-724-720 (კს-17) 22.11.2017 წელი

ქ. თბილისი

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მესამე პირი - სს "..."

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინება

დავის საგანი - საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 30 ოქტომბერს გ. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და მოითხოვა სააღსრულებო ბიუროს მიერ 2014 წლის 9 ივლისს მორიგების აქტის საფუძველზე მე-5 პუნქტის შესაბამისად ქონების რეალიზაციისათვის დადგენილი რიგითობის დაცვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცეოს კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს “ ბ..“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის განჩინებით მესამე პირის - სს „ბ...“ უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სს “...“.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით აპელანტმა კერძო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით გ. მ-ის კერძო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და მხარეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2017 წლის 22 სექტემბერს განცხადებით მომართა გ. მ-ის წარმომადგენელმა მ. რ-ემ და მოითხოვა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა გ. მ-ის წარმომადგენლის მ. რ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე და საპროცესო ვადა გაუგრძელდა 3 დღით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 02 ოქტომბრის განჩინება 2017 წლის 19 ოქტომბერს ჩაბარდა გ. მ-ის წარმომადგენლის მ. რ-ის ოჯახის წევრს (დედას), საპროცესო ვადის დენა კი 2017 წლის 20 ოქტომბრიდან დაიწყო და 2017 წლის 23 ოქტომბერს (ორშაბათს) 24:00 საათზე ამოიწურა. მაგრამ მოცემული განჩინების მიღების დროისათვის კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ არის ხარვეზი შევსებული და არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მოუმართავს სასამართლოსთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. მ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე