საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-904-900(კ-17) 27.11.2017 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - დ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო
მესამე პირი - სს "..."
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. გ-მა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხე მხარეს დავალებოდა მის საკუთრებაში არსებული ქონების (მდებარე ქუთაისი ... N4/10-ში და ქუთაისი ... 4/11-ში) შეფასება განეხორციელებინა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. გ-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს - დ. გ-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი, დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა კასატორს საჩივარში მითითებულ მისამართზე. განჩინება 2017 წლის 27 ოქტომბერს ჩაიბარა კასატორის - დ. გ-ის ოჯახის წევრმა (დედამ) დ. გ-ისათვის გადასაცემად.
საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბერს განცხადებით მომართა დ. გ-ის წარმომადგენელმა რ. ხ-ამ და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით. ამასთან, მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2017 წლის 28 ოქტომბრიდან დაიწყო და 2017 წლის 3 ნოემბერს (პარასკევი) ამოიწურა. კასატორმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დ. გ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, კასატორს უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 374-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს - დ. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 20.11.2017წ. №1 საგადახდო დავალებით ნ. ჟ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე