Facebook Twitter

საქმე # 330310114571822

საქმე №ბს-440-437(2კ-17) 19 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხეები); ვ. გ-ი (მოსარჩელე)

მოპასუხეები: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

მესამე პირები - ი. კ-ი, ა. ს-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. გ-მა 2014 წლის 12 აგვისტოს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის სამსახურის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, მესამე პირების ი. კ-ისა და ა. ს-ას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 8 მაისის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 27 ნოემბრის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 9 იანვრის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 16 აპრილის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2004 წლის 3 მაისის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 19 ივნისის №734862 ბრძანება; ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 5 ნოემბრის №981996 გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 8 ნოემბრის №12/13280707-16 ბრძანება; ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 15 დეკემბრის №154 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 9 იანვრის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2004 წლის 3 მაისის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელიც ეხება მოსარჩელის ინტერესებს; დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ვ. გ-მა.

თბილისის საააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ვ. გ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის საააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ვ. გ-მა.

კასატორმა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე თბილისის საააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის N3ბ/1368-16 განჩინებით არ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ 2008 წლის 9 იანვრის N... გადაწყვეტილება და რეგისტრაციის შესახებ 2004 წლის 3 მაისის ... გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელიც ეხება მოსარჩელის ინტერესებს. რეგისტრაციის შესახებ ... (03.05.2004) გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ა. ს-ას საკუთრების უფლება გარდაბნის რაიონის, ... სატყეო უბანში მდებარე 466 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის N01-14/36-1447 (29.09.2003) წერილის, საქართველოს გარდაბნის რაიონის გამგეობის N239 (26.11.1998) დადგენილებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის 01-14/09-314 (17.03.04) წერილის საფუძველზე. ზემოაღნიშნული 01-14/36-1447 წერილის თანახმად, ა. ს-ას გადაცემული მიწის ნაკვეთის ნომერს წარმოადგენდა ნაკვეთი №10. სხვა დოკუმენტაციასთან ერთად აგრეთვე წარმოდგენილი იყო მიწის ნაკვეთების განაწილების გეგმაც, რომლითაც დგინდებოდა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის (ნაკვეთი №10) ადგილმდებარეობა და საზღვრები. რეგისტრაციის შესახებ №... (09.01.2008) გადაწყვეტილებით, დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე განხორციელდა ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და ა. ს-ას საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს მიენიჭა ... საკადასტრო კოდი.

კასატორი განმარტავს, რომ ა. ს-ას სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და საზღვრები (როგორც ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ისე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული) ზუსტ შესაბამისობაშია 436/2004 სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილ მიწის ნაკვეთების განაწილების გეგმასთან. რაც შეეხება, თავად მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით ვ. გ-ის საკუთრების უფლება ქ. თბილისში ... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 120 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) დარეგისტრირდა თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 26 ოქტომბრის N19.46.467 დადგენილების საფუძველზე. აღნიშნულ დადგენილებაზე თანდართული სიის მიხედვით, ვ. გ-ს გამოეყო მიწის ნაკვეთი №17გ. თუმცა, მიწის განაწილების გეგმა ან სხვა რაიმე ისეთი დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა და საზღვრები, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი არ ყოფილა. რაც შეეხება, მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკას (18.03.1999), მისი მომზადება განხორციელდა თვითონ დაინტერესებული პირის მიერ მითითებული მონაცემებით. აღნიშნული დასტურდება სარეგისტრაციო მასალაში წარმოდგენილი საკადასტრო რუკის დამზადების შესახებ 1999 წლის 18 მარტის 627 ხელშეკრულებით.

კასატორი აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებში, როდესაც ერთმანეთს უპირისპირდება რამდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, ადგილი აქვს ერთ-ერთი უფლების ხარვეზით რეგისტრაციას, რაც მეტწილად განპირობებულია უძრავი ქონების კადასტრული მონაცემების სხვადასხვა სისტემაში აღრიცხვით, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს უფლების დუბლირებას, რის გამოც სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების გამოკვლევა, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია. არც ერთი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით არ უმსჯელია და არ შეუფასებია უფლებათა კონკურენციის პირობებში, ვისი საკუთრების უფლება წარმოადგენდა დაცვის ღირს უფლებას. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის 4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იყო, რომ საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია. ხოლო 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკადასტრო აღწერის შედეგი (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში.

ამდენად, კასატორის მოსაზრებით მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა დაზუსტებული ფორმით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე–8 მუხლის მე–7 პუნქტით გათვალისწინებული იყო, რომ რეგისტრაციის მიზნებისთვის უძრავი ნივთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები ნიშნავს ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილ, საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად. ამავე ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად თუ საჯარო რეესტრში უფლება რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში მიწის ფართი მითითებულია როგორც დაზუსტებული და ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში დაცულია რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი ნახაზი, ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის წარმოდგენილი ამ ინსტრუქციის შესაბამისი საკადასტრო ინფორმაცია, საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში შეასწოროს რეგისტრირებული მონაცემები, გასცეს შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა. როგორც უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემებით დგინდება, სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი რეგისტრაციების შემდეგ, ა. ს-ას მიერ განხორციელდა სადავო უძრავი ნივთის გასხვისება ი. კ-ზე (რეგისტრაციის შესახებ №... (16.04.2013)), თავის მხრივ ი. კ-მა მოახდინა აღნიშნული უძრავი ნივთის გაერთიანება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან (რეგისტრაციის შესახებ №... (08.05.2013) და არსებული მდგომარეობით სადავო უძრავი ნივთი წარმოადგენს ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის ნაწილს. ამასთან, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს №... (27.11.2013) გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის №ბ-12/13280707-16 (08.11.2013) ბრძანებით, განხორციელდა ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.

კასატორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილობის მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება გამოიწვევს სადავო უძრავი ნივთის პირვანდელ მესაკუთრეზე რეგისტრაციის გაუქმებას, იმ პირობებში, როცა აღნიშნული რეგისტრაციის შემდგომ იგი გასხვისებულია და წარმოადგენს სხვა უძრავ ნივთთან გაერთიანების საფუძველზე მიღებული ფართის ნაწილს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსაჩელის მიერ მაინც არ იქნება შესაძლებელი მისი უფლების რეალიზაცია და სახეზე იქნება ზედდება მოსარჩელისა და ... საკადასტრო კოდით ი. კ-ზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთებს შორის. ამასთან, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოიცავს ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის ნაწილს, რომლის არსებობაც ვ. გ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არ დგინდება არც დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით და არც უძრავ ნივთებზე რეესტრში დაცული მონაცემებით. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად გამოიყენა და არასწორად განმარტა კანონი, რასაც არასწორი, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოყვა შედეგად. შესაბამისად კასატორის მოსაზრებით სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევები და სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველები.

კასატორმა - ვ. გ-მა თბილისის საააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოში მათ მიერ წარდგენილ მტკიცებულებაზე, კერძოდ 1997 წლის 7 დეკემბრის განაშენიანების გეგმაზე, რომელიც გაცემულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ და რომელიც მომზადებულია (შეთანხმებულია) არქიტექტურის სამსახურის მიერ დაფიქსირებულია ქალაქის მთავარი არქიტექტორის დ. ა-ის ხელმოწერა). იმის გათვალისწინებით, რომ ვ. გ-ის დოკუმენტალური საფუძვლები არ გასაჩივრებულა, სადავო არ გამხდარა 1997 წლის 7 დეკემბრის განაშენიანების გეგმა, სადავო არ გამხდარა ასევე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, პასუხ გაუცემელი დარჩა არსებითი კითხვა - რამდენად გააჩნდა „სამშენებლო საქმიანობის წარმოებაზე“ ზედამხედველ ორგანოებს (პროექტის, ნებართვის გაცემა, ექსპლუატაციაში მიღება და სხვა), 2997 წლის 7 დეკემბრის განაშენიანების გეგმის შეფასების (გამოკვლევა) გარეშე, ამავე გეგმით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის (არეალის) ფარგლებში, გაეცა „სამშენებლო საქმიანობის“ თაობაზე მიღებული აქტები.

კასატორი დარღვევად მიიჩნევს მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით მხოლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2016 წლის 11 თებერვლის დასკვნის გაზიარებას, 2997 წლის 7 დეკემბრის განაშენიანების გეგმისგან განცალკევებით. სწორედ ამავე გეგმის უგულებელყოფა დაედო საფუძვლად მცდარი დასკვნების მიღებას სამშენებლო საქმიანობის წარმოების თაობაზე მიღებული აქტების კანონიერების შეფასებისას, რადგან არქიტექტურის სამსახურის მიერ მომზადებული2997 წლის 7 დეკემბრის განაშენიანების გეგმა „ბოჭავს“ ამავე ორგანოს, აპელირება მოახდინოს საჯარო რეესტრის ამონაწერის „უტყუარობაზე“ და შემდგომ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დაშვებული „უკანონობა დაუკავშიროს“ ერთადერთ არგუმენტს, რომელიც მოიაზრებს მხოლოდ საჯარო რეესტრიდან ამონაწერში დაფიქსირებული შეზღუდული ინფორმაციის შემცველ დოკუმენტს. მოცემულ შემთხვევაში შეფასების გარეშე დარჩა კითხვა, რამდენად წარმოადგენს საჯარო რეესტრიდან ამონაწერში დაფიქსირებული ინფორმაცია საპირწონე (და რელევანტური) და ალტერნატივა იმ ინფორმაციისა, რომელსაც შეიცავს 1997 წლის 7 დეკემბრის განაშენიანების გეგმა. მოცემულ შემთხვევაში განაშენიანების გეგმა წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ ისეთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს და მისი გაუთვალისწინებლობა არის გადაცდომის შემდგარი ფაქტი, რაც თავის მხრივ არ შეფასებულა პირველი და სააპელაციო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილებებით.

კასატორი მიუთითებს, რომ სადავო გადაწყვეტილებებში საერთოდ არ არის ნახსენები 2007 წლის 29 ოქტომბრის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. სწორედ აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა ე.წ. „...“, რომლის შესაბამისადაც განხორციელდა ვ. გ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, 1997 წლის 7 დეკემბრის განაშენიანების გეგმასთან „ინტეგრირებისა“ და „გაორიენტირების“ გზით UTM ნახაზით ასახვა რეგისტრირებულ მონაცემებში. ვ. გ-ის მიწის ნაკვეთი „სახელმწიფომ“ ასახა დაზუსტებული საკადასტრო მონაცემით ისე, რომ მესაკუთრეს არ წარუდგენია საკადასტრო ნახაზი. შესაბამისად, UTM კორდინატებში გ-ის მიწის ნაკვეთის ასახვა საკადასტრო ნახაზის წარდგენის გარეშე და ინდივიდუალური ქაღალდის რუქის პარამეტრებში, შესაძლებელი იყო მხოლოდ „სახელმწიფოს“ (დამკვეთის) კონტრაქტორი კომპანიის „...“ მიერ 1997 წლის 7 დეკემბრის განაშენიანების გეგმის გამოყენების შემთხვევაში. აღნიშნულ გარემოებაზე სადავო სასამართლო გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის ნამსჯელი.

სადავო გადაწყვეტილებით ბუნდოვანი დარჩა საკითხი იმის შესახებ, თუ, რომელ მხარეს წარმოეშობა „ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება“, ვინაიდან ფორმალურად ორივე კონკურენტი „ჩანაწერი“ ძალის მქონეა და არ არსებობს ის ფაქტობრივი საფუძველი, რომლის გათვალისწინებითაც ერთ-ერთ მხარეს წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ამოქმედდა 2016 წლის აგვისტოდან. აღნიშნული კანონით კარდინალურად იცვლება დღეს არსებული კრიტერიუმები მიწის ნაკვეთის საამზომვლო საქმიანობასთან დაკავშირებით (თუმცა არ შეცვლილა სახელმწიფოს დამოკიდებულება, ახალი საამზომველო ტექონოლოგიებით გამოწვეულ ზიანთან, სისტემური პასუხისმგებლობის გაზიარების საკითხთან დაკავშირებით). ანუ ახალმა რეგულაციებმა პერსპექტივაში შესაძლოა შემოგვთავაზონ UTM საკადასტრო კოორდინატის სისტემისაგან განსხვავებული ახალი საკადასტრო სისტემა, რომლებსაც ექნება „ბუნებრივი და ხელოვნური“ ცდომილებები, რითაც იგი წინააღმდეგობაში მოვა დღეს არსებულ და რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებთან. აქედან გამომდინარე და ზოგიერთი მცდარი სასამართლო პრაქტიკის გათალისწინებით ვღებულობთ მოცემულობას, რომ დროში შემდგომ დარეგისტრირებული უფლება „რჩება პრიორიტეტული“, ხოლო მანამდე და კანონიერი რეგისტრაცია „უქმდება“.

კასატორი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით შეფასდეს სტრასბურგის სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის განჩინებასთან (დადიანი და მაცაბელი საქართველოს წინააღმდეგ) მიმართებაში, ვინაიდან მიაჩნია, რომ წარმოადგენენ ურთიერთგამომრიცხავი და საწინააღმდეგო პრაქტიკის დამკვიდრების დოკუმენტალურ საფუძვლებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისის განჩინებით ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ვ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია, რომ 2013 წლის 16 აპრილის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ა. ს-ასგან ი. კ-მა შეიძინა ქ. თბილისში, ... სატყეო უბანში მდებარე (ნაკვ. №8/176) 461.00 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. №.... საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 16 აპრილის რეგისტრაციის შესახებ, №... გადაწყვეტილების თანახმად, ი. კ-ის განცხადება, გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, დაკმაყოფილდა. საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 16 აპრილის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ... სატყეო უბანში მდებარე ((ნაკვ. №8/176) ს.კ. №.... დაზუსტებული ფართობი - 461.00 კვ.მ.) წარმოადგენს ი. კ-ის საკუთრებას. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 16.04.2013. ასევე, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 8 მაისის რეგისტრაციის შესახებ, №... გადაწყვეტილების თანახმად, ი. კ-ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში 2013 წლის 1 მაისს წარდგენილ იქნა განცხადება უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. უძრავი ნივთი მდებარე - ქ. თბილისი, ... სატყეო უბანი (ზონა- თბილისი, სექტორი - ...). საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 8 მაისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ... სატყეო უბანში (ნაკვ. №8/121) და ქ. თბილისი, ... სატყეო უბანში მდებარე მიწის ნაკვეთი (ნაკვ. №8/176) ს.კოდით №.... დაზუსტებული ფართობით - 922.00 კვ.მ. წარმოადგენს ი. კ-ის საკუთრებას.

ასევე, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 27 ნოემბრის რეგისტრაციის შესახებ, №... გადაწყვეტილების თანახმად, ი. კ-ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში 2013 წლის 22 ნოემბერს წარდგენილ იქნა განცხადება უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ. უძრავი ნივთი მდებარე - ქ. თბილისი, ... სატყეო უბანი (ზონა- თბილისი, სექტორი - ...). ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამოქალაქო უფლებებს, რომლის არსებობა მხოლოდ საჯარო რეესტრიდან ვლინდება, განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებთ. აღნიშნული უფლებების გასხვისების, დატვირთვის ან სხვაგვარი განკარგვის შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მესამე პირთა უფლებებს, რომლებისთვისაც აღნიშნული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია წარმოადგენს მყარ გარანტიას სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის. საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სიზუსტის პრეზუმფცია კი სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ნდობის და კეთილსინდისიერების პრინციპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. ზოგიერთ შემთხვევაში ნივთის არამართლზომიერი, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განკარგვის გამო ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის ნივთის შემძენისა და მისი ნამდვილი მესაკუთრის ინტერესი. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილი აღნიშნულ კონფლიქტს შემძენის სასარგებლოდ წყვეტს. კეთილსინდისიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპიდან გამომდინარე, საკუთრების და სხვა სანივთო უფლებების დაცვა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ თანაბრად იყოს დაცული სამოქალაქო ბრუნვის ყველა მონაწილის ინტერესი. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საიმედოობის გარანტიების არარსებობის შემთხვევაში კეთილსინდისიერი შემძენი, რომელმაც ხელშეკრულების დადებისას გამოიჩინა გონივრულობა და სიფრთხილე, ქონების არამართლზომიერი დაკარგვის რისკის მატარებელი გახდება. ამასთან, რომ როდესაც საქმე ეხება უძრავი ქონებასთან დაკავშირებული უფლების მოპოვებას, შემძენს, თავის უფლების დასამტკიცებლად შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს. თუნდაც სინამდვილეში უსწორო იყოს რეესტრის მონაცემები, ამ მდგომარეობას არა არსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის ან რეესტრის ჩანაწერის მიმართ საჩივრის შეტანის არცოდნაში გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას და შესაბამისად, ნივთზე უფლების შეძენას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ ელემენტს - შემძენმა იცის, რომ ხელშეკრულება იდება საკუთრების არანამდვილი უფლების საფუძველზე ან რეესტრის ჩანაწერის მიმართ შეტანილია საჩივარი. ამდენად, შემძენის ინტერესების დამცავი ნორმის გამოყენებისას უნდა შემოწმდეს არამარტო საჯარო რეესტრის მონაცემები, ასევე, უტყუარად უნდა დადგინდეს, რომ შემძენმა უფლების მოპოვებამდე არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის ან საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ საჩივრის შეტანის თაობაზე.

საქმის მასალებით დასტურდებულია რომ ი. კ-ი წარმოადგენდა კეთილსინდისიერ შემძენს, საჯარო რეესტრმა მის სახელზე რეგისტრაციები განახორციელა სამოქალაქო ხელშეკრულებების საფუძველზე. რეგისტრაციის საფუძველი გახდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები, რომლებიც დღესაც ძალაშია და შესაბამისად არ არსებობს მათ საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

კასატორების მიერ მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვების შემთხვევაში გადაფარვა იარსებებს ვ. გ-ისა და ი. კ-ის რეგისტრირებულ საკუთრებას შორის საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენას, შესაბამისად კასატორების ზემოაღნიშნულ მოსაზრებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ასევე არ არსებობს მოცემული საქმის სტრასბურგის სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის „დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმესთან მიმართებაში შეფასების საფუძველი, რამდენადაც მოცემული დავა და კასატორის - ვ. გ-ის მიერ მითითებული საქმე გამომდინარეობს სხვადასხვა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის წინააღმდეგობის საფუძვლით საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ვ. გ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინება; .

3. კასატორს - ვ. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 26.04.2017წ. საგადასახადო დავალებით მ. ჭ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს 25.05.2017წ. №12263 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე