Facebook Twitter

საქმე №ბს-923-915(გ-16) 30 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შპს „...“ განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „...“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შპს „...“ 17261 ლარის ფარგლებში დაკისრებული პირგასამტეხლოების გაუქმება; მხარეებს შორის 14.01.15წ. №01-13/2, №01-14/2, №01-15/2, №01-16/2 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირება, მოპასუხის მიერ ზედმეტად მიღებული თანხის 76 169, 22 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნების დაკისრება, შპს „...“ სასარგებლოდ 2015 წლის 04 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით 76169.22 ლარის წლიური 13% -ის დაკისრება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 11.12.14წ. გამოაცხადა ექვსი ტენდერი საავტომობილო ტრანსპორტით მომსახურებაზე. ხელშეკრულების პროექტი ითვალისწინებდა შეუსაბამოდ დიდ პირგასამტეხლოს, რაც აზრს უკარგავდა ტენდერში მონაწილეობის მიღებას. ამის გამო, ტენდერით დაინტერესებული შპს „...“, შპს „ნ...“ და შპს „მ...“ დირექტორები შეხვდნენ სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს, რომელმაც შპს-ების დირექტორებს დაუზუსტა, რომ პირგასამტეხლო გამოითვლებოდა არა მიმართულების მთლიანი ჯამური ღირებულების, არამედ, მიმართულების იმ თვის ჯამური ღირებულების ოდენობიდან, რომელ თვეშიც ადგილი ექნებოდა დარღვევას. შპს „...“ გაიმარჯვა ოთხ ტენდერში და მხარეებს შორის 14.01.15წ. გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ოთხი ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს შეადგენდა საქართველოს სკოლებში მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურეობა. 20.02.15წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შპს „...“ გაუგზავნა ოთხი წერილი, რომლებითაც მოითხოვდა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შეუსრულებლობისა და ხარვეზით შესრულების გამო პირგასამტეხლოს გადახდას. 2015 წლის 20 თებერვლიდან 2015 წლის 13 ივლისის ჩათვლით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საერთო ჯამში მსგავსი შინაარსის 18 წერილი გაუგზავნა შპს „...“. პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლებად წერილებში მითითებულია მიმწოდებელ ორ მიმართულებაზე ერთი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება, რის გამოც არ ხდებოდა მოსწავლეთა შეთანხმებულ დროში ტრანსპორტირება, წერილებში აღინიშნებოდა აგრეთვე, რომ მიმწოდებელი არღვევდა უსაფრთხოების ზომებს და გარკვეულ მიმართულებებზე ტრანსპორტირებას საერთოდ არ ახორციელებდა.

მოსარჩელე თვლის, რომ წამოყენებული პრეტენზიები იყო უსაფუძვლო, მომსახურების უნაკლო შესრულებაზე მეტყველებს მძღოლებსა და სკოლის დირექტორებს შორის ხელმოწერილი ტაბელები, რომლებსაც შენიშვნები არ გამოუთქვამთ. პირგასამტეხლოს დაკისრებას ხელშეკრულებები ითვალისწინებენ მომსახურების სამჯერ ან მეტჯერ შეუსრულებლობის ან ხარვეზიანად შესრულების შემთხვევაში, რასაც ადგილი არ ჰქონია. 20.02.15წ. წერილებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოების გარდა, დანარჩენი პირგასამტეხლო გამოთვლილია მიმართულების ჯამური ღირებულების ოდენობიდან და არა მიმართულების თვის ჯამური ღირებულების ოდენობიდან, რაზედაც მხარეები შეთანხმდნენ შეხვედრისას. შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით შპს „...“ მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელმაც მიუთითა, რომ ხელშეკრულებებში ცალსახადაა განსაზღვრული პირგასამტეხლოს გამოთვლის შესაძლებლობა მიმართულების ჯამური ღირებულებიდან და არსებული ფორმულირება სხვაგვარად ინტერპრეტირების შესაძლებლობას არ იძლევა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „...“ მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება, სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრება.

მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რომელშიც აღნიშნა, რომ საქმე არ არის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.06.16წ. განჩინებით შპს „...“ სარჩელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ განსახილველად, განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 21.05.04წ. №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს განათლებისა და მისი ფორმების არჩევის კონსტიტუციური უფლების განხორციელებას. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო მიზნების განსახორციელებლად სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადი განათლების ღიაობას და თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ამავე კანონის მე-7 მულხის 1-ლი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის (მათ შორის სსსმ მოსწავლის) მიერ ზოგადი განათლების თავის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები დადებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამების დაფინანსების ფარგლებში. განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად, შპს „...“ დადებული ხელშეკრულებები ადმინისტრაციული ხელშეკრულებებია, რის გამოც დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.11.16წ. განჩინებით შპს „...“ სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსიდან გამომდინარე განისაზღვრება. არსებითია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ან დადგენილი მოთხოვნების სამართლებრივი ბუნება. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების შესრულება არ უკავშირდება საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას, ხელშეკრულებების მხარეები კერძო სამართლის სუბიექტებად გვევლინებიან. ამდენად, სადავო ურთიერთობა სამოქალაქოსამართლებრივი კატეგორიისაა და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ შპს „...“ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 11.12.14წ. გამოაცხადა 6 ტენდერი საავტომობილო ტრანსპორტით მომსახურების თაობაზე. შპს „...“ გაიმარჯვა 4 ტენდერში და 14.01.15წ. მხარეებს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ოთხი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებების საფუძველზე კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა იკისრა საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა სატრანსპორტო მომსახურების ვალდებულება შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. განსახილველ შემთხვევაში სადავოა შპს „...“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის 14.01.15წ. ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობები, სადავო არ არის სახელმწიფო შესყიდვის ტენდერი, რომლის შედეგადაც დაიდო მხარეებს შორის ხელშეკრულებები. დავის საგანს არ შეადგენს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურა, რომელიც წინ უძღოდა მხარეებს შორის ხელშეკრულებების დადებას. დავის საგანია პირგასამტეხლოს ოდენობა, მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს სახით უკვე მიღებული თანხის უკან დაბრუნება. ამდენად, ის გარემოება, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო სახელმწიფო შესყიდვების მომწესრიგებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ადასტურებს მოცემული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საჭიროებას.

საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებაში მითითება ზოგადი განათლების ღიაობასა და თანაბარ ხელმისაწვდომობაზე („ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 2.2 მუხ. „ა“ ქვეპუნქტი), სახელმწიფოს ვალდებულებაზე უზრუნველყოს თითოეული მოსწავლე ზოგადი განათლებით თავის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურ სიახლოვეს („ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 7.1 მუხ.), ასევე არ ადასტურებს დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი კუთვნილებას. სზაკ-ის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დადებული ხელშეკრულება. ამასთანავე, აღნიშნული მიზნის მისაღწევად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს როგორც საჯარო-სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები. ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული აქვს როგორც კომპეტენცია, ასევე მისი განხორციელების სამართლებრივი საშუალებები. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებით, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ყოველთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივია. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ადმინისტრაციული ორგანოა, ვინაიდან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალურთიერთობის ბუნებას. საჯაროსამართლებრივი და კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ სადავო სამართალურთიერთობის იმანენტურ ბუნებას. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბუნებას ხელშეკრულების საგანი განაპირობებს. ხელშეკრულების ბუნების განსაზღვრისათვის საქმის საგნობრივი განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის ხელშეკრულების მხარის შეხედულებას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, შესაბამისად სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობაში განსჯადობასთან დაკავშირებით მოყვანილი მოსაზრებები არ ადასტურებს დავის საჯარო-სამართლებრივ ხასიათს. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, უკეთუ აღნიშნული მისი შეხედულებით უფრო მისაღებია და არ ეწინააღმდეგება საჯაროსამართლებრივ ნორმებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის კერძოსამართლებრივი ფორმები და, შესაბამისად, დადოს კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი კუთვნილებას არ ადასტურებს აგრეთვე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანსპორტირების მომსახურების თანხის გამოყოფა საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსების ფარგლებში. პროგრამის თანახმად შესაბამის დეპარტამენტს დაევალა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება. ხელშეკრულების მხარეებს შორის არ არსებობს საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობა, ხელშეკრულების დადებით კონტრაჰენტი არ აღჭურვილა საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებით, მოსარჩელის მოთხოვნებს საფუძვლად უდევს სამოქალაქო კოდექსის მუხლები (სკ-ის 417-ე, 420-ე მუხ.).

კანონმდებლობა განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას, ადგენს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს - რომელი საქმეები შეიძლება იქნეს განხილული ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ხსენებული მუხლის 1-ლი ნაწილი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კერძოდ, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებისაგან გამიჯვნისათვის მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების დადებას ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ხელშეკრულების დადების შედეგად ადმინისტრაციულ ორგანოს როგორც წესი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან ქმედების (რეალაქტის) განხორციელების ვალდებულება წარმოექმნება, შესაძლებელია აგრეთვე ხელშეკრულების დადების შედეგად მხარის საჯაროსამართლებრივი უფლება-მოვალეობებით აღჭურვა. შპს „...“ სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 420-ე მუხლებს, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას. დავის საგანი უკავშირდება პირგასამტეხლოს, მის ოდენობას, დაკისრების კანონიერებას. პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლოს აქვს ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების საშუალება, პირგასამტეხლოზე უფლება, მისი ოდენობა სამართლიან სამოქალაქო ბრუნვას უკავშირდება და აქცესორულ უფლებას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის 14.01.15წ. დადებული ხელშეკრულებები სატრანსპორტო მომსახურებას ეხება, ამდენად, სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან (სასკ-ის 2.3 მუხლი). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ გააჩნია სახელისუფლო უფლებამოსილება მეორე მხარის მიმართ. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება სამოქალაქო-სამართლებრივია. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება (სასკ-ის 251 მუხ., სზაკ-ის 651 მუხ.). შესაბამისად ამ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავა, სსკ-ის მე-11 მუხლის, აგრეთვე სასკ-ის 251 მუხლის, სზაკ-ის 651 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო სასამართლოწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას მიეკუთვნება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალურთიერთობას არ გააჩნია საჯაროსამართლებრივი ურთიერთობისთვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტი - დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, მოთხოვნა დაფუძნებულია სამოქალაქო სამართლის ნორმებზე. სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული ურთიერთობანი. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება კერძოსამართლებრივ ხელშეკრულებას წარმოადგენს, არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესი კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირობები მოცემული დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნებისათვის, შესაბამისად დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა გადაწყდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 399-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...“ სარჩელი მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი