Facebook Twitter

საქმე №330310015001009235

№ბს-286-284(კ-17) 14 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა(ა)იპ ...

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 16 ივნისს ა(ა)იპ ... სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2015 წლის 10 მარტს #OPD03/15-015 განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვა სამინისტროს (გარდა სსიპ-ებისა და საქვეუწყებო დაწესებულებებისა) საქმიანობასთან დაკავშირებული, საჩივრის #1 დანართში მითითებული საჯარო ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული წერილი საქართველოს იუსტიციის სამინისტოს 2015 წლის 12 მარტს ჩაჰბარდა, თუმცა მასზე პასუხი არ გაუცია. 2015 წლის 14 აპრილს მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ა(ა)იპ ... 2015 წლის 10 მარტის #OPD03/15-015 განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა მოითხოვა. ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჩაჰბარდა 2015 წლის 14 აპრილს, თუმცა არც ამ საჩივარს მოჰყოლია რაიმე რეაგირება.

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის საჯარო ინფორმაციის, კერძოდ, 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების, სრულყოფილი სახით, გაცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ... სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 10 მარტს ა(ა)იპ ... განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვა სამინისტროს (გარდა სსიპ-ებისა და საქვეუწყებო დაწესებულებებისა) საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი საჯარო ინფორმაციის მიწოდება: 1. 2014 წელს თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) დარიცხული პრემიების ოდენობა თვეების მიხედვით; 2. 2014 წელს თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) დარიცხული სახელფასო დანამატების ოდენობა თვეების მიხედვით; 3. 2014 წელს მინისტრის მოადგილეებზე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტების ასლები; 4. 2014 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები (კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალის, თითოეულზე დახარჯული თანხის, ღონისძიების ჩატარების დროის და ადგილის მითითებით); 5. 2014 წელს თანამდებობის პირების (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) მიერ ე.წ. „როუმინგულ“ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები; 6. 2014 წელს თანამდებობის პირების ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების (სასტუმრო, მგზავრობა, დღიური და სხვა) შესახებ ჩაშლილი ინფორმაცია (ხარჯვითი კატეგორიების მიხედვით), მივლინების თარიღის, მივლინების მიზნისა და ქვეყნის მითითებით; 7. 2014 წელს გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვების სია, შესყიდვების სახეობის, მოცულობის, ობიექტისა და თანხის მითითებით; 8. 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლები; 9. 2014 წელს შესყიდული ავტომობილების ჩამონათვალი (ავტომობილის მოდელის, ავტომობილის გამოშვების წელის, შესყიდვის თარიღის და შესყიდვის ფასის მითითებით); 10. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სია, რომელიც 2014 წელს სახელმწიფო შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობით ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ჩანაცვლდა (თითოეულის მიმართ ახალი ღირებულებისა და ჩასანაცვლებელი ქონების შეფასებული ღირებულების მითითებით); 11. 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში დაგეგმილი და შესრულებული პროექტების ჩამონათვალი თითოეულზე გამოყოფილი და ათვისებული თანხის მითითებით; 12. 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში განხორციელებული პროექტების წარმატების შეფასების ინდიკატორები (არსებობის შემთხვევაში) და მიღებული შედეგები; 13. 2014 წელს განხორციელებული აუდიტორული შემოწმების (შიდა, გარე, სახელმწიფო და არასახელმწიფო) აქტები; 14. 2015 წლის 10 მარტის მდგომარეობით, შტატით გათვალისწინებულ და შტატგარეშე თანამშრომელთა (ცალ-ცალკე) რაოდენობა გენდერულ ჭრილში (მამაკაცთა და ქალთა რაოდენობა); 15. 2015 წლის 10 მარტის მდგომარეობით, ხელმძღვანელ პოზიციებზე (განყოფილების უფროსი და ზემოთ) დასაქმებულთა რაოდენობა გენდერულ ჭრილში (მამაკაცთა და ქალთა რაოდენობა); 16. 2014 წელს განთავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობა განთავისუფლების მიზეზების მიხედვით; 17. 2013-2014 წლებში დასაქმებული და განთავისუფლებული თანამდებობის პირების სამუშაო გამოცდილების (CV) შესახებ ინფორმაცია.

2015 წლის 14 აპრილს ა(ა)იპ ... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ა(ა)იპ ... 2015 წლის 10 მარტის #OPD03/15-015 განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა მოითხოვა.

სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო ინფორმაცია, თუ ის არ წარმოადგენდა საიდუმლო ინფორმაციას, ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. ინფორმაციის თავისუფლების აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებული იყო საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით, რომლითაც დადგენილი იყო, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება ჰქონდა კანონით დადგენილი წესით გაცნობოდა სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავდნენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებული იყო ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელი იყო სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ამრიგად, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი განამტკიცებდა „ოფიციალური დოკუმენტის“ და „ოფიციალური ჩანაწერის“ (თავისი შინაარსით, იდენტური ცნებებია) ხელმისაწვდომობას ნებისმიერი მსურველისათვის, თუ ის არ შეიცავდა საიდუმლო მონაცემებს.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავში (ინფორმაციის თავისუფლება). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებდა კონსტიტუციურ ნორმას, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. თავის მხრივ, საჯარო ინფორმაციის ლეგალურ დეფინიციას იძლეოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.

სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების მიწოდება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული დოკუმენტი წარმოადგენდა ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით შექმნილ, გაგზავნილ, მიღებულ ან შენახულ წერილობით ინფორმაციას, რომელიც ადასტურებდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ან იურიდიული მნიშვნელობის არმქონე ფაქტს. ამავე მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მატერიალური დოკუმენტი იყო ქაღალდზე ან სხვა მატერიალურ მატარებელზე წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ან იურიდიული მნიშვნელობის არმქონე ფაქტს. ამდენად, ელექტრონული დოკუმენტი მატერიალური დოკუმენტისაგან განსხვავდებოდა მხოლოდ არსებობის ფორმით, ხოლო მათი შინაარსობრივი განმარტება იდენტური იყო. სასამართლოს მოსაზრებით, როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური დოკუმენტი, საჯარო ინფორმაციისათვის დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, თუ იგი წარმოადგენდა ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის დამუშავების, შენახვის, დაცვის და ა.შ. ვალდებულება კანონმდებლობით დაკისრებული ჰქონდა საჯარო დაწესებულებას.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ რამდენადაც მის მიერ მოთხოვნილი, ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი და მიღებული, ინფორმაცია არ შეიცავდა სახელმწიფო, კომერციულ, პროფესიულ ან პირად საიდუმლოებას, მოქმედი კანონმდებლობით მიჩნეული იყო ღია საჯარო ინფორმაციად და ექვემდებარებოდა გაცემას. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება და განმარტა, რომ ინფორმაციის საჯარო ინფორმაციად არსებობისათვის აუცილებელი იყო დადგენილიყო ყველა სავალდებულო ელემენტის არსებობა, კერძოდ, ინფორმაცია უნდა ყოფილიყო სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი და ამასთან, ამ ინფორმაციას უნდა ჰქონოდა ოფიციალური დოკუმენტის სახე. ელექტრონული ფოსტა, თავისი არსით, არაფორმალური კომუნიკაციის საშუალებაა და წარმოადგენდა დროებით ჩანაწერს, რომელიც გამოიყენებოდა შუალედური ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მიზნით და მასში გადაწყვეტილებები არ იყო დაცული. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი და მიღებული ინფორმაცია არ ადასტურებდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს, არ წარმოადგენდა რაიმე ოფიციალური ხასიათის გადაწყვეტილების შემცველ ინფორმაციას/დოკუმენტს. ამგვარ ინფორმაციას საერთოდ არ ჰქონდა დოკუმენტის სახე. შესაძლებელია, ის შეიცავდა საქმესთან დაკავშირებულ ფასეულობას, მაგრამ საჯარო დაწესებულების უფლებამოსილ პირს მისი შენახვის ვალდებულება არ წარმოეშობოდა. ელექტრონული ფოსტა, რომლის გაგზავნაც კანონმდებლობით დადგენილი უფლების რეალიზების ან ვალდებულების შესრულების მიზანს არ ემსახურებოდა და არ აისახებოდა ოფიციალურ დოკუმენტში, არ ჩაითვლებოდა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებად. თავის მხრივ, აღსანიშნავი იყო, რომ ელექტრონული ფოსტა, როგორც წერილობითი კომუნიკაციის საშუალება ორ ან მეტ პირს შორის, დაცული იყო საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით, რაც გულისხმობდა კომუნიკაციის თავისუფლების დაცვას გარეშე პირთა არასასურველი ჩარევისაგან. კომუნიკაციის თავისუფლება ინდივიდს აძლევდა შესაძლებლობას, თავად განესაზღვრა კომუნიკაციის შინაარსი და პარტნიორი. ტექნიკური საშუალებით საუბრისა და ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინებების ხელშეუხებლობის უფლებით დაცული იყო კომუნიკაციის ორივე პარტნიორი მათ ერთობლიობაში. შესაბამისად, ელექტრონული მიმოწერის შინაარსის გაცნობა/გამჟღავნება, ანუ დაცულ სფეროში ჩარევა ვერ განხორციელდებოდა იმ შემთხვევაშიც, როდესაც ერთ-ერთი მიმოწერის მხარე გარეშე პირს აძლევდა კომუნიკაციის შინაარსის გაცნობის უფლებას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 351-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოეყენებინა პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები; ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიეღო, გამოეცა ან გაეცა მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით, თუკი დაინტერესებული პირის მიერ არჩეული არ იყო ამ თავით განსაზღვრული ინფორმაციის მიღების სხვა ფორმა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო ელექტრონული ასლის სახით შეენახა და გაეცა თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი. დოკუმენტის ელექტრონულ ასლსა და მის ამონაბეჭდს ჰქონდა ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლებოდა შეტანილი ყოფილიყო მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დანერგილი იყო დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა, რომელშიც რეგისტრირდებოდა უწყების მიერ მომზადებული ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, შიდა რგოლის თანამშრომლების მიერ მომზადებული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა საჯარო ინფორმაციას წარმოადგენდა დოკუმენტის მხოლოდ საბოლოო სახე, რომელიც აისახებოდა დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში და არა მის შესაქმნელად წარმოებული მოსამზადებელი (სამუშაო) მასალა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი და მიღებული წერილები არ წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას, რის გამოც მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოკლებული იყო განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ..., რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ა(ა)იპ ... სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებისას მიუთითა მათზე და დამატებით სააპელაციო პალატამ საჭიროდ მიიჩნია, საჯარო ინფორმაციის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ანალიზის საფუძველზე, დაედგინა, კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაუცემლობის კანონიერების საკითხი. ამისათვის პალატამ, პირველ რიგში, მიუთითა საქართველოს კონსტიტუციაზე, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების მაღალ გარანტიებს შეიცავდა, კერძოდ, აღნიშნულის მარეგულირებელი ნორმები მოცემული იყო კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებში. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი იყო, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა იძლეოდა შესაძლებლობას ნებისმიერი პირისათვის, რათა მას ნებისმიერი (კანონიერი) საშუალებით მიეღო და გაევრცელებინა ინფორმაცია. აღნიშნული უფლების განხორციელება, ძირითადად, თვითონ უფლებამოსილი სუბიექტის აქტივობაზე იყო დამოკიდებული, სახელმწიფოს ამ შემთხვევაში მხოლოდ ის ვალდებულება ეკისრებოდა, რომ ხელი არ შეეშალა პირისთვის, მიეღო ინფორმაცია, გამოეთქვა თავისი მოსაზრება, აგრეთვე არ შეეზღუდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ცენზურის დაწესებით. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის #2/3/364 გადაწყვეტილება.) ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის გამოთხოვა, სააპელაციო სასამართლო სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ კონკრეტულ ნორმად, უპირველესად მიიჩნევდა კონსტიტუციის 41-ე მუხლს, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში (#2/3/364) განმარტა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი ღიად მიიჩნევს სახელმწიფო დაწესებულებებში დაცულ ოფიციალურ ინფორმაციას და ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს აძლევს მათი გაცნობის შესაძლებლობას, სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცნობა ინფორმაციული თვითგამორკვევისა და პირის თავისუფალი განვითარების უფლების მნიშვნელოვანი პირობაა. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას, გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.“

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ როგორც ელექტრონული, ისევე მატერიალური დოკუმენტი, საჯარო ინფორმაციისათვის დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, თუ იგი წარმოადგენდა ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის დამუშავების, შენახვის, დაცვის და ა.შ. ვალდებულება კანონმდებლობით ეკისრა საჯარო დაწესებულებას. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულებისათვის, გაეცა საჯარო ინფორმაცია, მოთხოვნილ ინფორმაციას უნდა ჰქონოდა მატერიალური ხასიათი და დაცული უნდა ყოფილიყო საჯარო დაწესებულებაში, ამასთან, აუცილებელი იყო, კონკრეტულ საჯარო დაწესებულებას ჰქონოდა მოთხოვნილი სახით ინფორმაციის მოძიებისა და შექმნის ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან განხორციელებული გზავნილების საჯარო ინფორმაციად მიჩნევა თავისთავად არ იყო დაკავშირებული მხოლოდ მასში დაცული ინფორმაციით წარმოშობილ სამართლებრივ შედეგთან. პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ ელექტრონული ფოსტა, თავისი არსით, არაფორმალური კომუნიკაციის საშუალება იყო და წარმოადგენდა დროებით ჩანაწერს, რომელიც გამოიყენებოდა შუალედური ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მიზნით და მასში გადაწყვეტილებები არ იყო დაცული. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი და მიღებული ინფორმაცია არ ადასტურებდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს, არ წარმოადგენდა რაიმე ოფიციალური ხასიათის გადაწყვეტილების შემცველ ინფორმაციას/დოკუმენტს. ამგვარ ინფორმაციას საერთოდ არ ჰქონდა დოკუმენტის სახე. შესაძლებელია, ის შეიცავდა საქმესთან დაკავშირებულ ფასეულობას, მაგრამ საჯარო დაწესებულების უფლებამოსილ პირს მისი შენახვის ვალდებულება არ წარმოეშობოდა. ელექტრონული ფოსტა, რომლის გაგზავნაც კანონმდებლობით დადგენილი უფლების რეალიზების ან ვალდებულების შესრულების მიზანს არ ემსახურებოდა და არ აისახებოდა ოფიციალურ დოკუმენტში, არ ჩაითვლებოდა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ..., რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება სადავო საკითხის მარეგულირებელი ნორმების არასწორ ინტერპრეტაციას და არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული. იგი მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს შესყიდვების სრულ პროცესს, ბაზარზე ფასთა კვლევიდან დაწყებული შესაბამისი მომსახურების თუ საქონლის მომწოდებელ პირთან ხელშეკრულების გაფორმებით დამთავრებული. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტა შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ გამოიყენება სწორედ ფასთა კვლევის მიზნით. აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე უარი, ... უზღუდავს უფლებას, განახორციელოს დემოკრატიულ საზოგადოებაში მონიტორინგის ფუნქცია.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია განმარტებულია, როგორც „ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია“. აღნიშნულ დანაწესზე დაყრდნობით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა განმარტეს, რომ ადმინისტრაცულ ორგანოს ეკისრება ინფორმაციის გაცემის ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ორი კუმულაციური პირობა: 1) ინფორმაცია არის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი; 2) ინფორმაციას აქვს ოფიციალური დოკკუმენტი სახე. კასატორის მოსაზრებით, საჯარო ინფორმაციის განმარტების აღნიშნული ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება საჯარო ინფორმაციის იმ მნიშვნელობას, რომელიც მას კანონმდებელმა მიანიჭა.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტა დაკავშირებულია კონსტიტუციის მე-20 მუხლთან (პირად ცხოვრებასთან). მითითებული ნორმის თანახმად, „ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინებები ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“. აღნიშნული ნორმა წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დამდგენ კონსტიტუციურ გარანტიას. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს, რამდენად ხვდება პირადი ცხოვრების დაცულ სფეროში სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით წარმოებული კომუნიკაცია, რომელიც უკავშირდება გამარტივებულ შესყიდვებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სამსახურიდან გაგზავნილი და მიღებული მეილები შესაძლებელია მოქცეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ქვეშ, თუმცა იმ შემთხვევებში, როცა პირის საქმიანობა ხორციელდება საცხოვრებელი ადგილიდან ან სამუშაო ადგილიდან და აქვს პირადი ხასიათი. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ინფორმაციის გაცემა 2015 წელს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ... საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა(ა)იპ ... სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა(ა)იპ ... 2015 წლის 10 მარტს #OPD03/15-015 განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვა სამინისტროს (გარდა სსიპ-ებისა და საქვეუწყებო დაწესებულებებისა) საქმიანობასთან დაკავშირებული, საჩივრის #1 დანართში მითითებული (ტ. I, ს.ფ. 13-14) საჯარო ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული წერილი საქართველოს იუსტიციის სამინისტოს 2015 წლის 12 მარტს ჩაჰბარდა, თუმცა მასზე პასუხი არ გაუცია. 2015 წლის 14 აპრილს მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ა(ა)იპ ... 2015 წლის 10 მარტის #OPD03/15-015 განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა მოითხოვა. ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჩაჰბარდა 2015 წლის 14 აპრილს, თუმცა არც ამ საჩივარს მოჰყოლია რაიმე რეაგირება. ამის შემდეგ ა(ა)იპ ... სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის საჯარო ინფორმაციის, კერძოდ, 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების, სრულყოფილი სახით, გაცემის დავალება მოითხოვა.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის გამოთხოვა (ქმედების განხორციელება) და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის გაუცემლობის კანონიერების საკითხის დადგენა.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მიხედვით, საქართვლოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით, გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე, იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორამცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამავე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საიდუმლო ინფორმაცია არის საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა ემყარება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლს და მოსარჩელის მიზანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მის მიერ 2015 წლის 10 მარტის #OPD03/15-015 განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის - 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების გაცემის დავალება. ე.ი. მოსარჩელე მოითხოვს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოსგან, რომელიც ეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილ და მიღებულ წერილებს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსსა და საჯაროობის მნიშვნელობაზე და განმარტავს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე და ამ კანონის ერთ-ერთი მიზანი და ფუძემდებლური პრინციპია სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა (მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი). საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს იმასთან დაკავშირებით, რომ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტა შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ, როგორც წესი, გამოიყენება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ფასთა კვლევის მიზნით. ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კი მნიშვნელოვანია, როცა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვები. ე.ი. როდესაც კანონი უშვებს სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის განკარგვას ნაკლები საჯარო მონიტორინგის პირობებში. აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე უარი კი კასატორს უზღუდავს უფლებას, განახორციელოს დემოკრატიულ საზოგადოებაში უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მონიტორინგის ფუნქცია, რაც ხაზგასმულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში (TAZC v. Hungary), სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა მათი „საზოგადოებრივი მეთვალყურის“ ფუნქციებში ჩარევას წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის იმ ნაწილში, სადაც იგი განმარტავს, რომ ელექტრონული ფოსტა, თავისი არსით, არაფორმალური კომუნიკაციის საშუალებაა და წარმოადგენს დროებით ჩანაწერს, რომელიც გამოიყენება შუალედური ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მიზნით და მასში გადაწყვეტილებები არ არის დაცული; ელექტორნული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი და მიღებული ინფორმაცია არ ადასტურებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს, არ წარმოადგენს რაიმე ოფიციალური ხასიათის შემცველ ინფორმაციას/დოკუმენტს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნული მსჯელობის საპირისპიროდ განმარტავს, რომ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი და მიღებული ინფორმაციის ამგვარი ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით განმარტებული საჯარო ინფორმაციის იმ მნიშვნელობას, რაც მას კანონმდებელმა მიანიჭა. მოცემული ნორმა „ოფიციალურ დოკუმენტს“ განმარტავს, როგორც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებულ, დამუშავებულ, შექმნილ ან გაგზავნილ ონფორმაციას. ამასთან, მითითება იმაზე, რომ საჯარო ინფორმაციას ანუ ოფიციალურ დოკუმენტს წარმოადგენს პროაქტიულად გამოქვეყნებული მონაცემები, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სავალდებულო არ არის ასეთი დოკუმენტი წარმოშობდეს რაიმე სამართლებრივ შედეგს ან გააჩნდეს მატერიალური დოკუმენტის რეკვიზიტები. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ამგვარი ინფორმაცია არ ექცევა ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრულ კატეგორიაში, ვინაიდან სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული ინფორმაცია, მით უფრო თუ იგი ეხება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ სახელმწიფო შესყიდვებს, წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი პირისთვის. აღნიშნული განმარტება არ გულისხმობს უწყების შიდა რგოლის თანამშრომლების მიერ გადაწყვეტილების შესაქმნელად წარმოებულ შიდა მოსამზადებელ მიმოწერას, თუმცა თუ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიღებული და გაგზავნილი ინფორმაცია დაკავშირებულია სახელმწიფო შესყიდვებთან, იგი ექცევა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის დეფინიციაში. სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტა გულისხმობს ამ ელექტრონული რესურსის კონკრეტული, სპეციფიკური მიზნით გამოყენების აუცილებლობას და იგი მიმართულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.

ამდენად, ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს „ოფიციალურ დოკუმენტს“, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ და კომერციულ საიდუმლოებას. სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებები, თავისთავად, არის ელექტრონული ფორმით არსებული საჯარო ინფორმაცია და იგი აკმაყოფილებს საჯარო ინფორმაციისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (#2/3/364), სადაც განმარტებულია, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი ღიად მიიჩნევს სახელმწიფო დაწესებულებებში დაცულ ოფიციალურ ინფორმაციას და ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს აძლევს მათი გაცნობის შესაძლებლობას, სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცნობა ინფორმაციული თვითგამორკვევისა და პირის თავისუფალი განვითარების უფლების მნიშვნელოვანი პირობაა. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას, გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.“ საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს ამგვარ მითითებას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ და კომერციულ საიდუმლოებას და საკასაციო სასამართლო სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილ და მიღებულ წერილებს, მისი საჯარო ბუნებიდან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის ყველა კრიტერიუმის მატარებელ ოფიციალურ დოკუმენტად მიიჩნევს.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ინფორმაციის თავისუფლება გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლით, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას, იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ღიაობის პრეზუმფციას აწესებს, აგრეთვე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის (ინფორმაციის თავისუფლება) 28-ე მუხლი. ინფორმაციის თავისუფლება გულისხმობს საჯარო დაწესებულებებში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და მიღების უფლებას, თუ ის არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას და კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ინფორმაციის ღიაობა ადმინისტრაციულ ორგანოებში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის, რადგან ის არის სახელმწიფოს მიერ მის მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულებისა და მისი საქმიანობის გამჭვირვალეობის გარანტი, რომელიც საზოგადოებას აძლევს შესაძლებლობას გაუწიოს კონტროლი ხელისუფლების მოქმედებებს და შებოჭოს ისინი თუ ადგილი ექნება მისი დისკრეციულული უფლებამოსილების გადამეტებას თუ კანონშეუსაბამობას.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით განხორციელებული მიმოწერა ხვდება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით (პირადი ცხოვრება) დაცულ სფეროში, თუმცა აღნიშნულ მსჯელობას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს (საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია), ვინაიდან მითითებული ნორმა წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ გარანტს და ბუნებრივია, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით განხორციელებული მიმოწერა, თუ მას აქვს პირადი ხასიათი, იგი დაცულ უნდა იქნეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიით. მოცემულ შემთხვევაში კი სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით წარმოებული კომუნიკაცია, რომელიც ეხება გამარტივებულ შესყიდვებს, არ შეიძლება გაიგივებულ იქნეს პირადი ხასიათის ინფორმაციასთან და იგი არ ხვდება კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრების დაცულ სფეროში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, სადაც განმარტებულია, რომ სამსახურიდან გაგზავნილი და მიღებული „მეილები“, შესაძლებელია მოექცეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ქვეშ. საქმეებში - Niemietz v. Germany და Halford v. the united kingdom, სასამართლომ აღნიშნა, რომ პროფესიული თუ ბიზნეს აქტივობები არ არის თავისთავად გამორიცხული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული სფეროდან (პირადი ცხოვრება). აღნიშნულს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც საქმიანობა ხორციელდება პირის საცხოვრებელი ადგილიდან ან მაშინ, როდესაც ის ხორციელდება სამუშაო ადგილიდან, თუმცა აქვს პირადი ხასიათი.

მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების გაცემა, რაც მითითებული განმარტებების გათვალსწინებით არ შეიძლება დაცული იყოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონცეფციით.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული ინფორმაცია განეკუთვნება ღია ინფორმაციის სახეს, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა - 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების გაცემის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები, რომლითაც ა(ა)იპ ... სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის გათვალისწინებით, მოპასუხეს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ა(ა)იპ ... სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 550 ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (პირველი ინსტანციის სასამართლოში – 100 ლარის ოდენობით, სააპელაციო სასამართლოში – 150 ლარის ოდენობით, საკასაციო სასამართლოში – 300 ლარის ოდენობით) ანაზღაურების მიზნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა(ა)იპ ... საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა(ა)იპ ... სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალოს გასცეს ინფორმაცია, კერძოდ, 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლები;

5. მოპასუხეს _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ა(ა)იპ ... სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 ლარის (100+150+300) ანაზღაურება;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი