Facebook Twitter

საქმე # 820310015001193279

საქმე Nბს-231-229(კ-17) 13 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაიულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადაგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ნ. ქ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია, ი. ქ-ე, ლ. ქ-ე, ნა. ქ-ე, თ. ბ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ქ-ემ 2015 წლის 18 დეკემბერს სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ი. ქ-ის, ლ. ქ-ის, ნა. ქ-ისა და თ. ბ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 7 აგვისტოს N8 სხდომის ოქმის, ი. ქ-ის, თ. ბ-ის, ლ. ქ-ის, ნა. ქ-ისა და ნ. ქ-ის სახელზე 2015 წლის 1 სექტემბერს გაცემული N1635 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე (ს/კ ...) უძრავი ქონების რეგისტრაციის გაუქმება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 7 აგვისტოს N8 საოქმო გადაწყვეტილება; გაუქმდა ი. ქ-ის, ნა. ქ-ის, ლ. ქ-ის, თ. ბ-ისა და ნ. ქ-ის სახელზე 2015 წლის 1 სექტემბერს გაცემული N1635 საკუთრების უფლების მოწმობა; ასევე, გაუქმდა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე უძრავი ქონების რეგისტრაცია ს/კ ...; მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიას დაევალა, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) ი. ქ-ის, თ. ბ-ის, ლ. ქ-ის, ნა. ქ-ისა და ნ. ქ-ის თანასაკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 07.08.2015 წელს მიღებული N8 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვის საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ქ-ემ. კასატორმა მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ ი. ქ-ეს სახლთან და მიწის ნაკვეთთან არ ჰქონია შემხებლობა, მას, ასევე, მონაწილეობა არ მიუღია სახლის ან მიწის ნაკვეთის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. თ. ბ-ის შემოსახლების შემდეგ გაიმიჯნა მიწის ნაკვეთი. ნ. ქ-ესა და მის ოჯახს სარგებლობაში მიეცა მიწის ფართის ნახევარი, რომელსაც დღემდე ფლობს და სარგებლობს მხოლოდ ნ. ქ-ის ოჯახი. ი. ქ-ემ 2015 წლის 5 ივლისს განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე. განცხადებაში მითითებული იყო, რომ უძრავი ქონების აღიარებას ითხოვს ნ. ქ-ეც, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ხსენებული განცხადება აღიარების კომისიაში შეტანილი და წარდგენილ იქნა ნ. ქ-ის თანხმობისა და ნებართვის გარეშე მისი პირადობის მოწმობის ასლითურთ.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საჩივარი დაკმაყოფილდა, რადგან სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემებრის ბრძანებულების ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ მე-11 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 აპრილის განჩინებით ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია, რომ 2015 წლის 8 ივნისს ი. ქ-ემ სადავო პერიოდში მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულების მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის დაცვით განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა სოფელ ... მდებარე თავისი, თ. ბ-ის, ნა. ქ-ის, ლ. ქ-ისა და ნ. ქ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. განცხადებას ხელს აწერს მხოლოდ ი. ქ-ე. განცხადებას დაერთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; პირადობის მოწმობის ქსეროასლი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ცნობა გადაფარვის შესახებ; სანოტარო აქტი; საჯარო რეესტრიდან ამონაწერი კერძო საკუთრების რეგისტრაციის შესახებ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების

კომისიის 2015 წლის 7 აგვისტოს №8 საოქმო გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა ი. ქ-ის, ლ. ქ-ის, ნა. ქ-ის, თ. ბ-ის, ნ. ქ-ის საკუთრების უფლება სოფელ ... მდებარე 1249 კვ.მ. სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 2015 წლის პირველ სექტემბერს გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №1635, რის საფუძველზეც 2015 წლის 7 სექტემბერს თანასაკუთრება (მესაკუთრეები: თ. ბ-ე, ი. ქ-ე, ლ. ქ-ე, ნა. ქ-ე, ნ. ქ-ე) დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. სადავო 2015 წლის 7 აგვისტოს №8 საოქმო გადაწყვეტილებით საკუთრების უფლების აღიარება განხორციელდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, როგორც დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ. ქ-ის ოჯახის მიერ სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი, რაც შესაძლოა გამხდარიყო ნ. ქ-ის ოჯახისათვის სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სადავო გადაწყვეტილება შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - ნ. ქ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 31.03.2017წ. №1 საგადასახადო დავალებით ი. ს-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე