საქმე №ბს-251-249(2კ-17) 13 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტო; 2. შ. ბ-ე
მოპასუხეები: სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრი; სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. ბ-ემ 2014 წლის 5 მაისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოპასუხეთა წრის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ მოპასუხეებად მიუთითა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტო, სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრი; სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრი. მოსარჩელემ მოითხოვა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და პენსიის აღდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით შ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 11 აპრილის N04-30215 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე შ. ბ-ესთან მიმართებაში სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 01(ერთი) თვის ვადაში. დანარჩენ ნაწილში შ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ბ-ემ.
საქმე არაერთგზის იქნა განხილული სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლის ნაწილში და ამ ნაწილში სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალა ახალი აქტის გამოცემა; აგრეთვე ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების განყოფილებას დაევალა შ. ბ-ისსათვის კომპენსაციის 539,20 ლარის ოდენობით განსაზღვრა. ამავე განყოფილებას დაევალა შ. ბ-ისათვის 2013 წლის 1 სექტემბრიდან აუნაზღაუროს გაცემულ კომპენსაციასა და მისაღებ კომპენსაციას შორის არსებული მიუღებელი სხვაობა; დანარჩენ ნაწილში შ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების საანგეტომ და შ. ბ-ემ.
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ შ. ბ-ეს დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაცია. იგი სამხედრო პროკურატურიდან დათხოვნილი იქნა 2004 წლის 8 ოქტომბრიდან, იუსტიციის ვიცე პოლკოვნიკის წოდებით, ფოთის რეგიონული სამხედრო პროკურორის თანამდებობიდან „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის 34–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად (შტატების შემცირება) და სამხედრო პროკურატურიდან დათხოვნის დღისათვის მისი წელთა ნამსახურობა შეადგენდა 30 წელს 3 თვესა და 4 დღეს.
კასატორის მტკიცებით სააგენტო ხელმძღვანელობს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მოწოდებული ყოველთვიური ინფორმაციით. მოსარჩელეს კომპენსაცია შეუწყდა სამოქალაქო რეესტრის ბაზიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე 2010 წლის 1 მაისიდან (მიზეზით–გარდაცვალება).
კასატორი აღნიშნავს, რომ შ. ბ-ემ სააგენტოს დიდუბე–ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრს განცხადებით მიმართა 2013 წლის 30 აგვისტროს, როდესაც სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო რეესტრმა არასწორად გადასცა მისთვის კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველი. ასევე, მისგან სააგენტოსთვის ცნობილი გახდა ის გარემოება, რომ შ. ბ-ეს 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენით შეეფარდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2013 წლის 27 აგვისტოს მოხდა მისი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მიუთითებს, რომ იგი ყოველთვიურად იღებს ინფორმაციას ბენეფიციართა თავისუფლების აღკვეთის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, კი მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ მოხდა სააგენტოს ინფორმირება შ. ბ-ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ.
კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია წყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა – მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან (იმ დროს მოქმედი რედაქცია). აღნიშნულის საფუძველზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ სწორად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შ. ბ-ისათვის კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიზეზად, გარდაცვალების მაგივრად მიეთითებოდა– სასამართლოს კანონიერ ძალაში შესრული განაჩენი, სასჯელის ფორმით – თავისუფლების აღკვეთა. ხოლო შეწყვეტა მოხდებოდა ბევრად ადრე, არა 2010 წლის მაისიდან, არამედ 2009 წლის დეკემბრიდან. კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესზე“, რომლის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა წარმოშობს სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილი აწესებს, რომ შეწყვეტილი კომპენსაციის ხელახალი დანიშვნა განხორციელდება კანონით და ამ წესით დადაგენილი პირობების შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების კომპეტენტურ ორგანოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აღნიშნავს, რომ სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შემდეგ, სააგენტოსათვის მიმართვის შემთხვევაში, შ. ბ-ეს ხელახლა დაენიშნებოდა კომპენსაცია. რადგან მისი შეწყვეტის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს კომპენსაციის ხელახლა დანიშვნას, რომლის დროსაც გამოყენებული იქნებოდა დანიშვნის პერიოდისათვის არსებული კანონდებლობა და წესი.
კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელეს შ. ბ-ეს ხელახლა დაენიშნა კომპენსაცია 360 ლარის ოდენობით სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის 2013 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რასაც საფუძვლიანად მიიჩნევს გაანგარიშების ახალი წესის შესაბამისად და იგი მიიჩნევს, რომ არ არსებობს საფუძველი მანამდე დანიშნული კომპენსაციის 539,21 ლარის დანიშვნის თაობაზე.
კასატორის მოსაზრებით მართალია შ. ბ-ისათვის კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, ნაცვლად თავისუფლების აღკვეთისა, საფუძვლად მითითებული აქვს გარდაცვალება თუმცა მასზე ზედმეტად გაიცა ოთხი თვის კომპენსაცია.
კასატორი - შ. ბ-ე აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება უსაფუძვლოა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სრულად მისი მოთხოვნა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება რომლითაც დაკმაყოფილდება მისი სარჩელი სრულად.
კასატორი მიუთითებს ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების შესახებ და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება, სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლების ნაწილში და ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალა ახალი აქტის გამოცემა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოთქმულ ნაწილში სასამართლოს აღარ უნდა დაევალებინა ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრისათვის ახალი აქტის გამოცემა. კასატორი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსისი 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ეს პირდაპირ და უშუალო (იდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშულ სარჩელთან ერთად დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
კასატორი მიუთითებს, რომ მაშინ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაენიშნა სახელმწიფო პენსია ხოლო ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრის გასაჩივრებული აქტით, მას შეუწყდა აღნიშნული პენსიის მიცემა გარდაცვალების საფუძვლით. იგი აღნიშნავს, რომ სასამართლომ დაადგინა მითითებული მიზეზით პენსიის შეწყვეტის უკანონობა ანუ სადავო აქტის ბათილობით აღდგა პირვანდელი მდგომარეობა სახელმწიფოს მხრიდან პენსიის 539.20 ლარის გაცემის საკითხზე.
კასატორი დამატებით მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რომლითაც დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების განყოფილებას დაევალა მისთვის კომპენსაციის 539.20 ლარის გაცემის ვალდებულება.
კასატორი აღნიშნავს, რომ იგი ამჟამად იმყოფება დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების განყოფილების აღრიცხვაზე და მიიჩნევს, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია აღნიშნულ საკითხზე ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ მსჯელობა მაშინ, როცა პენსიის ახალი ოდენობის განსაზღვრა სხვა ორგანოს დაევალა.
კასატორის მოსაზრებით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში კომპენსაციის შეწყვეტის ფაქტის მცდარობის მიუხედავად, სახეზე იყო კომპენსაციის შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ანუ კომპენსაციის შეწყვეტის დამოუკიდებელი საფუძველი, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს სადავო აქტის სრულად ბათილობას და კომპენსაციის პერიოდზე გაცემის შესაძლებლობას.
კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მსჯელობა იყო დაუსაბუთებელი. იგი მიუთითებს, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ პუნქტზე, რომლის თანახმად აღნიშნული კანონით განსაზღვრულ საკითხებზე კომპენტენტური ორგანო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.
კასატოსი მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფი კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-2 მუხლის თანახმად, აღნიშნული კომპეტენტური ორგანოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. კასატორი აგრეთვე მიუთითებს იმავე კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ადმინისტრირების /კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობებია: ა) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაადნგარიშება.
შ. ბ-ე დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბათილად სცნო ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება, რომელიც იყო მისთვის პენსიიის შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული აქტი. პენსიის შეწყვეტის შესახებ სხვა ადმინისტრაციული აქტი, რომელიც იქნებოდა მოპასურე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული არ არსებობს. იგი აგრეთვე მიუთითებს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილობა იწვევს ბათილად ცნობამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას, შესაბამისად თუ კი არ არსებობს ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრის აქტი ეს იმას ნიშნავს, რომ კომპენსაცია ეკუთვნის სრულად მისი შეწყვეტიდან დღემდე.
კასატორი ხაზს უსვამს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ რეალურად არსებობდა პენსიის შეწყვეტის საფუძველი კანონიერ ძალაში შესული განაჩენის სახით და მან გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პენსია იურიდიულად შეწყვეტილად მიიჩნია 2013 წლის 1 სექტემბრამდე, კასატორის მოსაზრებით აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოა რადგან საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განისაზღვრა, თუ ვის აქვს პენსიის შეწყვეტის უფლება, ესაა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და არა სასამართლო, შ. ბ-ის მოსაზრებით ეს ფუნქცია აქვს აღმასრულებელ და არა სასამართლო ხელისუფლებას.
კასატორი ზემოთქმულ საკითხთან დაკავშრებით დამატებით აღნიშნავს, რომ არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, არც ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციული აქტი არც სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მას შეუწყდა კომპენსაციის მიღება 2010 წელს. აქედან გამომდიანრე კასატორის მოსაზრებით არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება მისთვის სადავო პერიოდზე კომპენსაციის სრულად ანაზღაურების თაობაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში არც ერთ ორგანოს არ აქვს უფლება დღეს შეუწყვიტოს პირს, მოცემულ შემთხვევაში კი მას კომპენსაციის მიღების უფლება წინა პერიოდის თარიღზე მითითებით, მითუმეტეს 2013 წლის 2 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით იგი გათავისუფლებულია ყოველგვარი სასჯელისაგან.
კასატორი აგრეთვე სადავოდ ხდის კომპენსაციაზე საბანკო-საკრედიტო 14%-იანი დარიცხვის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფიელბაზე უარის თქმას და მიუთითებს, სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებაზე რომლის მიხედვითაც შ. ბ-ის მიერ არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.
შ. ბ-ე ზემოთქმულ საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისთვის პასუხუსმგებელია სახელმწიფო. იგი ასევე დამატებით მიუთითებს, ამავე კანონის 207-ე მუხლზე, რომლის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიეყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ დამდგარი ფაქტობრივი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. კასატორის მოსაზრებით მიუღებელ შემოსავლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
კასატორის მოსაზრებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მის სტრუქტურულ ერთეულს, რომ არ შეეწყვიტათ მისთვის კომპენსაცია იგი ამ თანხას განათავსებდა საბანკო დაწესებულებაში ანაბარზე და მიიღებდა წლიურად 14%-იან სარგებელს ზემოთქმულის გათვალისწინებით იგი მიიჩნევს, რომ ამ ნაწილშიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩნებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოსა და შ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენლია, რომ 2010 წლის 1 მაისიდან შ. ბ-ეზე საკომპენასაციო თანხის გაცემა შეწყდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მიწოდებული არასწორი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შეიცავდა მცდარ მონაცემებს შ. ბ-ის გარდაცვალების თაობაზე. ასევე დადგენილია, რომ შ. ბ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენით მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განაჩენით 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის საფუძველზე შ. ბ-ის სასჯელი შემცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეწყვეტის საფუძვლებს განსაზღვრავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია შეწყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, კომპენსაციის შეჩერების დღიდან. იმის გათვალისწინებით, რომ კომპენსაციის შეწყვეტის ფაქტის მცდარობის მიუხედავად, სახეზე იყო კომპენსაციის შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ანუ კომპენსაციის შეწყვეტის დამოუკიდებელი საფუძველი, რაც, ქმნიდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის ბათილად ცნობის საფუძველს.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შ. ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე