Facebook Twitter

საქმე # 330310016001246010

საქმე Nბს-301-299(კ-17) 13 ივნისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გაერშე

კასატორი - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ. ბ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ბ-მა 2016 წლის 12 თებერვალს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო დაცვის სამსახურს დაევალოს ვალდებულება სრულად აუნაზღაუროს 2012 წლის 23დეკემბრიდან 2014 წლის 10 თებერვლამდე პერიოდში მის მიერ სამსახურის ... უფროსის მოვალეობის შეთავსებისთვის განსაზღვრული დანამატი - ყოველ თვეში 2100 ლარის ოდენობით, ჯამში 50680 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის საჩივარი დააკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა აუნაზღაუროს მოსარჩელე დ. ბ-ს 2012 წლის 23 დეკემბრიდან - 2014 წლის 10 თებერვლამდე პერიოდში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ... უფროსის თანამდებობასთან ერთად სამსახურის .... უფროსის მოვალეობის შესრულებისათვის არმყოფი მოხელის - სამსახურის ... უფროსის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით დანამატი, რაც იყო გათვალისწინებული 2012 წლის 23 დეკემბრიდან - 2014 წლის 10 თებერვლამდე პერიოდში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა. კასატორი აღნიშნავს, რომ დ. ბ-ს მიეცა დამატებითი ანაზღაურება პრემიის სახით სამსახურეობრივ მოვალეობათა კეთილსინდისიერი შესრულებისთვის, შესაბამისად მას დამატებითი ანაზღაურება მიეცა ... უფროსის მოვალეობათა შესრულებისთვისაც, ამიტომ კასატორი მიიჩნევს, რომ იურიდიულად დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს პოზიცია, რომ რადგან სამსახურმა დამატებითი ანაზღაურება გასცა პრემიის სახით, ეს არ უნდა ჩაეთვალოს გასაცემი დანამატის ანაზღაურებაში. ამასთანავე სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის სამართლებრივ შეფასებაში რომ, მოხელეს სამსახურეობრივი საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების, ბრძანებისა და ქმედების გასაჩივრებისთვის აქვს ერთი თვის ვადა შესაბამისი აქტების გაცნობიდან.

კასატორი მიუთითებს, რომ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება“, ხოლო ამავე კანონის მე-18 მუხლის მიხედვით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ხოლო სამსახურის ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „მოხელე არის პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო (შტატით გათვალისწინებულ) თანამდებობეზე.“ ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 მუხლის „ზ1“ პუნქტის თანახმად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებზე, ხოლო მე-14 პუნქტის მიხედვით (შრომის კანონმდებლობის მოქმედება მოსამსახურეზე) საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მომსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებით ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ დ. ბ-ი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ეწეოდა საჯარო სამსახურს და მასთან დაკავშირებული სამსახურეობრივი საკითხების რეგულირება უნდა განხორციელდეს საქართველოს ორგანული კანონით - „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს შრომის კოდექსის“ 34-ე მუხლის თანხმად, „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული“, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურეობრივ საკითხებზე გაცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვტილება, აგრეთვე მოქმედება“.

კასატორი მიუთითებს, რომ დ. ბ-ს კანონით დადგენილ ვადაში ერთვიან ვადაში, რომელიც აითვლება დათხოვნიდან 7 დღის გასვლის დღიდან, არ დაუყენებია მოთხოვნა დანამატის მიღების თაობაზე და შესაბამისი განცხადებით სამსახურს მიმართა მხოლოდ 2015 წლის 28 დეკემბერს, მაშინ როდესაც მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ არათუ 2014 წლის 9 ივნისის N9905 ბრძანება, არამედ ამავე საკითხზე შემდგომ გამოცემული 2015 წლის 7 მაისს N15170 ბრძანებაც კი 2015 წლის 15 მაისს ჩაბარებული ჰქონდა. კასატორი მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ დ. ბ-ის მოთხოვნათა ხანდაზმულობის სამართლებრივი შეფასებისას იხელმძღვანელა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 129-ე მუხლით განსაზღვრული სახელშეკრულებლო მოთხოვნათა ხანდაზმულობით, კერძოდ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადით, მიუხედავად იმისა, რომ განსახილველი იყო საჯარო სამსახურში, არა სახელშეკრულებლო, არამედ ბრძანებით დანიშნული მოხელის შრომით ურთიერთობასთან და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხი. აღნიშნული კი წინააღმდეგობაში მოდის ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და 34-ე მუხლის მოთხოვნებთან, ხოლო ამ ნორმებიდან გამომდინარე და ერთობლიობაში კი ეწინააღმდეგება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველ ნაწილს. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც ქმნის აღნიშნულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

კასატორი აღნიშნავას, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა „დანამატის ანაზღაურება დაკავშირებულია დროში გარკვეულ პერიოდთან და ის არ არის მოქცეული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 134-ე პრიმა მუხლის მოქმედების ფარგლებში, დანამატის დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა“. აღნიშნული 134-ე პრიმა მუხლი გარდამავალი ნორმაა და მხოლოდ 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულ მოხელეთა წრეს შეეხება. 127-ე მუხლი კი მოქმედი ძირითადი ნორმაა და ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მოხელეს სამსახურეობრივ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების, ბრძანებისა და ქმედების გასაჩივრებისთვის აქვს ერთი თვის ვადა შესაბამისი აქტების გაცნობიდან, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იურიდიულად არ არის დასაბუთებული, იგი ეწინააღმდეგება ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და 34-ე მუხლის მოთხოვნებს.

კასატორი მიუთითებს, რომ დ. ბ-ი სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისთვის იღებდა პრემიას, რომლშიც არ შედის ... უფროსის მოვალეობათა შეთავსებისთვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დანამატი“. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო არ იძლევა იურიდიულ დასაბუთებას იმისა, თუ როგორ შეიძლება შეფასდეს მოხელის მიერ სამსახურის შესრულების ხარისხი კეთილსინდისიერ შესრულებად და დისციპლინა სანიმუშოდ, თუ ის სამსახურეობრივ მოვალეობას არ შეასრულებს სრულად, როგორც ძირითად ისე დამატებით დაკისრებულ მოვალეობებს; ხოლო მთლიანობაში შესრულებული სამუშაოსთვის პრემიის სახით მიცემული დამატებითი ანაზღაურებისგან (რომელიც 32253 ლარით აღემატება „დანამატის“ სახით მოთხოვნილს) რა სამართლებრივი საფუძვლით მიჯნავს შეთავსებული თანამდებობისთვის განსაზღვრულ დანამატს.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო არასწორად განმარტავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტს, როგორც ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში. კასატორი აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, რადგან სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მოსარჩელის შრომითი გასამრჯელოს (რომელიც ყველა სახის სარგოს პრემიასა და დანამატს მოიცავს) ანაზღაურების ვალდებულება შესრულებული აქვს სრულად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2012 წლის 5 თებერვლის №106 პ/შ ბრძანების საფუძველზე ... უფროსის მოადგილე-სამსახურის ... უფროსს სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკს დ. ბ-ს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან განთავისუფლების გარეშე დაეკისრა სამსახურის ... უფროსის მოვალეობის შესრულება, შემდგომი გადაწყვეტილების მიღებამდე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად პირს, რომელსაც აქვს თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დროებით არმყოფი მოხელის შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოხელის არყოფნა გამოიწვევდა დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას, შეუძლია გადაუნაწილოს არმყოფი მოხელის მოვალეობანი სხვა მოხელეებს მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან განთავისუფლების გარეშე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოხელეებს, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლიან მოხელეს, თავიანთი ხელფასის გარდა ეძლევათ დანამატი არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოხელისათვის შესრულებული სამუშაოსათვის კანონით გათვალისწინებული დანამატის ანაზღაურებისაგან პასუხისმგებლობის აცილების მოთხოვნა ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებს - სამართალურთიერთობის სტაბილურობას, კეთილსინდისიერებასა და კანონიერებას. გარდა ამისა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამგვარი ქმედება, მოსარჩელის უფლების - მიიღოს შესრულებული სამუშაოსათვის დანამატის ანაზღაურება - მიმართ ამგვარი დამოკიდებულება, ეწინააღმდეგება ასევე სახელმწიფოს პოლიტიკას, პრიორიტეტულად დაიცვას ადამიანის უფლებები, მათ შორის შრომითი უფლებები და შრომის სამართლიანი ანაზღაურება.

ამასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხელფასი მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დანამატი განიხილება ხელფასის შემადგენელ კომპონენტად და შესაბამისად, როგორც პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე მის მოთხოვნაზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე