Facebook Twitter

საქმე Nბს-305-303(2კ-17) 13 ივნისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებლი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2. სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „…“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკმებრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდვალური ადმინისტრაციულ-სამარლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „…“ 2014 წლის 12 დეკემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 3 ოქტომბრის №42129 ბრძანებისა და აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 8 აგვისტოს დასკვნის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „…“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 3 ოქტომბრის N42129 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 8 აგვისტოს დასკვნა და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შპს „…“ მიმართებაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოხდება საწვავის ხარჯის ჩათვლა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯში და ჩათვლაში საწარმოს მიერ გადახდილი დღგ-ს თანხების გათვალისწინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, იურიდიულად დაუსაბუთებელია და იგი უნდა გაუქმდეს, რადგან საგადასახო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. საქმის მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 23 მაისის N22421 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „…“ (ს/ნ …) საქმიანობის კამერული საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შემოწმებით, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის წერილის შესაბამისად (დაკითხვის ოქმი) დადგინდა, რომ შპს „…“ 2011-2012 წლებში ხარჯებში ჩამოწერის აქტების შესაბამისად გამოქვითული ჰქონდა საწვავის შეძენაზე გაწეული თანხა ბალანსზე რიცხულ მწყობრიდან გამოსულ ტექნიკაზე ყალბი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც ფაქტობრივად არ ასრულებდა სამუშაოებს. ოქმიდან ასევე ირკვევა, რომ აღნიშნული საწვავი გადაეცა არადაქირავებულ პირს. აღნიშნული საწვავი ჩაითვალა მიწოდებად და დაიბეგრა მოგებისა და დღგ-ის გადასახადებით.

კასატორები მიუთითებენ, რომ მედიაციის საბჭომ გამოსცა 2014 წლის 18 ივლისის N34259 ბრძანება, რომლის შესაბამისად შპს „…“ (ს.ნ …) საჩივარი ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (სამაშველო სამსახურის მიერ დადასტურებული ინფორმაცია ტექნიკის (ექსკავატორის) საწარმოსთვის გამოყოფის ან/და საწარმოს მიერ ტექნიკის სარგებლობის თაობაზე,), რისი წარდგენის შემთხვევაშიც, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხევაში, საწვავის ხარჯის ჩართვა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში და საწარმოს მიერ გადახდილი დღგ-ის თანხების ჩათვლებში.

კასატორი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 8 აგვისტოს შედგენილი იქნა დასკვნა, რომლის თანახმად, გადამხდელმა წარმოადგინა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კუთვნილ ექსკავატორზე მომუშავე ოპერატორის ახსნა-განმარტება, რომელშიც ოპერატორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ექსკავატორით მუშაობდა რაბათის ციხის დანგრევა-აღდგენით სამუშაობზე, რომელზეც საწვავ-საცხები მასალებითა და ხელფასით უზრუნველყოფას ახდენდა შპს „…“. კასატორი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დავების განხილვის საბჭოში 2014 წლის 12 ნოემბერს N120599-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანხმად, იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს შემოსვლების სამსახურის მედიაციის საბჭოს მიერ განსაზღვრულ წარმოსადგენ დოკუმენტაციას (სამაშველო სამსახურის მიერ დადასტურებული ინფორმაცია ტექნიკის (ექსკავატორის) საწარმოსათვის გამოყოფის ან/და საწარმოს მიერ ტექნიკის სარგებლობის თაობაზე), გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები არ შეუმცირდა და დარჩა უცვლელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანასთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაცო პალატა მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომელიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამასთან, 106-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯი, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან. (გამონაკლისია 117-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა).

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები კერძოდ, შესრულებული სამუშაოსა და სამუშაოზე გაწეული ხარჯების თანხვედრა, პროკურატურის დასკვნა ხელშეკრულების გარეშე საწარმოსათვის ტექნიკის გადაცემისა და ხარჯების ამ უკანასკნელის მხრიდან ანაზღაურების თაობაზე და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელზე გაცემული ხელფასი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქმნის იმის მტკიცების საფუძველს, რომ საწვავი რეალურად გაიხარჯა საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაზე, რაც იძლევა ამ ხარჯის დადასტურების, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯში ჩართვისა და საწარმოს მიერ გადახდილი დღგ-ის თანხების ჩათვლებში გათვალისწინების შესაძლებლობას. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე