საქმე №ბს-612-609(2კ-17) 3 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ზ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განჩინება.
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ზ-ემ 2016 წლის 4 მარტს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანასთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 28 სექტემბრის N134419 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წწლის 17 ნოემბრის N43295 ბრძანება, აგრეთვე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება (საჩივარი N11626/15). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და და სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყველიბის მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ 2015 წლის 2 სექტემბერს შედგენილი N134419 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით ა. გ-ი(პ/ნ ...) ახორციელებდა (სახ ...) ზ. ზ-ის სამეწარმეო სამიანობისთვის განკუთვნილი 3000 ლარის ღირებულების 5მ3 დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 პრიმა ნაწილის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და ჩამორთმევა.
კასატორები მიუთითებენ, რომ ზ. ზ-მ N134419 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 2015 წლის 9 ოქტომბერს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 17 ნომებრის N43295 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება 2015 წლის 4 დეკემბერს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელიც არ დაკმაყოფილდა. დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება ზ. ზ-ის მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება სამართალდარღვევას მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს, თუ აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობისთვის.
კასატორების მოსაზრებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამეთა კოლეგიის მიერ გამოყენებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაში განმარტებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად სასაქონლო ზედნადები უნდა გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიმღები (მყიდველი) ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მიღებული საქონლის შემდგომი რეალიზაციით იგი ნახულობს მოგებას ან იმ შემთვევაში როდესაც საქონლის გამცემი (გამყიდველი) მის მიერ დაქირავებული თანამშრომლის (დისტრიბუტორი) მეშვეობით ახორციელებს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებას. სასამართლო მიუთითებს სადავო მუხლის დისპოზიციაზე და განმარტავს, რომ მუხლის მიზნებისთვის განმსაზღვრელია საქონლის სამეწარმეო საქმიანობისათვის კუთვნილება და არა ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მეწარმე-სუბიექტად არსებობა. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადახდის ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით და განმარტა, რომ სასაქონლო ზედნადების შევსების მიზანია გადასახადის გადამხდელის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა. ამდენად კასატორები მიიჩნევენ, რომ საგადასახადო მიზნებისათვის საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნას საგადასხადო კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულებისაგან თავის არიდების საფუძველი როდესაც საქონელი განკუთვნილია სამეწარმეო საქმიანობისათვის.
კასატორები ზემოაღნიშნულ მსჯელობას არ ეთანხმებიან და განმარტავენ, რომ საგადასახადო კოდექის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
კასატორები მიუთითებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12-ე ნაწილზე, რომლის შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობისთვის მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველად გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხე-ტყის(მორის) ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების ღრებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს,- იწვევს პირის დაჯარიმებბას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
კასატორები ასევე დამატებით მიუთითებენ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით სამეწარმეო საქმიანობისთვის, სასაქონლო ზედნადები /ხე-ტყის სასაქონლო სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა ხდება თუ არა სქონლის მიწოდება, ან/და მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში. კასატორები აგრეთვე მიუთითებენ ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე რომლის მიხედვითაც მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე აკრძალულია საქონლის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები) საქონლის ტრანსპორტირება და შენახვა.
სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტო მიუთითებენ „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელების, სამართალდართვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის N994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად „საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სასაქონლო ზედნარების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნის შემთვევაში სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას საასქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპოტირება ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს“.
კასატორების მოსაზრებით ზემოთხსენებული ნორმების ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ხდება თუ არა საქონლის მიწოდება ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების არსებობა სავალდებულოა, იმ პორობებში როდესაც საქონელი ეკუთვნის მეწარმე უბიექტს, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში არსებული მტკიცებულებებიც.
კასატორების მოსაზრებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რომ სოციალური ჭრის საფუძველზე იყო მოპოვებული ხე-ტყე რომელიც შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მინიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 28 სექტემბერს იქნა აღმოჩენილი, იმ პირობებში, როდესაც სოციალური ჭრის საფუძველზე გამოყოფილ ხე-ტყეს უკეთდება მარკირება სპეციალური ნიშნით და ივსება „ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი“.ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებულ ხე-ტყეს კი არცერთი მათგანი არ ჰქონდა.
კასატორები მიუთითებენ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ორიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეეგლამენტი“-ს მე-2 მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი რომლის საფუძველზეც ხორციელდება ხე-ტყის ან ხე-მცენარის ტრანსპორტირება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. აგრეთვე რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხე-ტყის კანონიერ წარმოშობას, დადგენილი წესით ივსება ხე-ტყის დამზადების ადგილზე, ან ხე-ტყის მოთრევის შემთხვევაში ხე-ტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის ადგილზე, ხე-ტყის ტრანსპორტირების დაწყებამდე. იმავე რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემიდან ერთი წლის შემდეგ სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული მარკირებული ხე-ტყეს, აგრეთვე სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება. მოცემულ შემთხევვაში კი ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაცემული იყო 2012 წლის 23 ავისტოს, მაშინ როდესაც ხე-ტყის ტრანსპორტირება ზედნადების გარეშე განხორციელდა 2015 წლის 28 სექტემბერს.
კასატორების მოსაზრებით სასამართლო დაეყრდნო ვ. ლ-ის სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებას რომლის თანახმადაც 2012 წლის შემოდგომით დაბა ადიგენში მცხოვრებმა ზ. ზ-ემ მიმართა თხოვნით გასაშრობად დაესაწყობებინა მის საკუთრებაში არსებული , სოციალური ჭრით მოპოვებული, სოფელ ... სახერხ საამქროზე გადამუშავებული პირველადი დამუშავების მერქანი. მან აღნიშნა, რომ დაახლოებით 5მ3 მერქანი მის ეზოში გასაშრობად ეწყო 2012 წლის შემოდგომიდან 2015 წლის სექტემბრამდე. აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით სასამართლომ დაასკვნა, რომ ზ. ზ-ს არასამეწარმეო მიზნებისთვის სურდა სამასალე მერქნის მოპოვება და გამოყენება. ვინაიდან ზ. ზ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 3000 ლარის ღირებულების 5მ3 ხის მასალის ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. ამიტომ მის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ემუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა. შესაბამისად კანონშესაბამისია დავების განხილვის საბჭოს 2016 წლი 17 თებერვლოის გადაწყვეტილება და არ არსებობს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
კასატორები მიიჩნევენ, რომ საგადასახადო ორგანომ სრულად გამოიკვლია და შეაფასა არსებული გარემოებები და მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება საგადასახადო სანქციის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩნებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა, რამდენადაც, ზ. ზ-ის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, როგორც დადგინდა, მოსარჩელეს, როგორც ფიზიკურ პირს ხის მასალა მოპოვებული ჰქონდა სოციალური ჭრის საფუძველზე და საერთოდ არ ევალებოდა სასაქონლო ზედნადების ქონა, რადგან მინისტრის ზემოაღნიშნული აქტის საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 252 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ზედნადების შევსების ვალდებულება არ ვრცელდება სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყისა ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე