საქმე # 330310114679610
საქმე №ბს-239-237(კ-17) 13 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გაერშე
კასატორი - მ. ვ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მესამე პირი - სს „...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ვ-ემ 2014 წლის 19 დეკემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 ნოემბრის №244252 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 24 ნოემბრის №882014581223-10 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... №38ა-ში, 24,79 კვ.მ. მ. ვ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნა სს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ვ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ვ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სარეალიზაციოდ მიექცა მხოლოდ 66 კვ.მ ფართი, რომელზეც რეგისტრირებული იყო დაზუსტებული რეგისტრაცია. აღნიშნული ფართი წარმოადგენდა იპოთეკის საგანს, ხოლო სადავო ფართი არ იყო იპოთეკის საგანი და ბანკს თუ გააჩნდა პრეტენზია აღნიშნულ ფართზე უფლებამოსილი იყო აღნიშნულის თაობაზე დაეფიქსირებინა, როდესაც იპოთეკით დატვირთვის დროს აზომა და აღწერა იპოთეკის საგანი. კასატორი განმარტავს, რომ მ. ვ-ემ ერთმნიშვნელოვნად იპოთეკის ხელშეკრულების მიზნებისთვის 66 კვ.მ ფართი განკარგა.
კასატორი ასევე მიუთითებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებზე: „სპორონგი და ლორნითი შვედეთის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად, სასამართლომ არ უნდა დაუშვას, რომ გარიგების ერთმა მხარემ თვითნებურად და უკანონოდ წაართვას მეორე პირს საკუთრების უფლება. ამასთან, „დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ“ დავაში სასამართლომ განმარტა, რომ რეესტრი არ უნდა იყენებდეს თავის უფლებას დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, რაშიც იგულისხმება, რომ რეგისტრატორმა კანონიერად მიიჩნია 66 კვ.მ ფართზე იპოთეკის რეგისტრაცია, როცა ცნობილი იყო, რომ 24 კვ.მ ქონდა მოსარჩელეს საკუთრებაში არარეგისტრირებული ფართი. შემდეგ კი უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ იპოთეკით დატვირთული იყო არარეგისტრირებული ფართიც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს პოზიციას რეგისტრაციაზე უარის შესახებ სადავო აქტის კანონიერების თაობაზ, ვინაიდან მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე სს „...“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის არსებობა გამორიცხავდა მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების შესაძლებლობას, რამდენადაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია და არ არის სადავო ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი სამეურნეო ფართზე აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 28 მარტის განკარგულების საფუძველზე 2014 წლის 10 ივნისს დარეგისტრირდა სს „...“ საკუთრების უფლება, ასევე დადგენილია, რომ აღსრულება განხორციელდა იპოთეკარის სს „...“ სასარგებლოდ, 2008 წლის 4 მარტის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც სს „...“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მ. ვ-ის სახელზე რიცხული უძრავი ნივთი, კერძოდ, ბინა №20 - წილობრივი მონაცემებით 43.00/1945.00 და საცხოვრებელი ფართი - წილობრივი მონაცემებით 23.00/1945.00, შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე ქ. თბილისი, ..., კორპუსი №38ა. ამასთან, იპოთეკის ხელშეკრულებაში (პუნქტი 8.2) მოცემულია მხარეთა შეთანხმება იპოთეკის გავრცელების შესახებ იპოთეკის საგნის გაერთიანების შედეგად მიღებულ ახალ ნივთზე და იპოთეკის საგანთან არსებით შემადგენელ ნაწილად შეერთებულ ნაწილზე; ასევე, სააღსრულებო წარმოების მასალებით დადასტურებულია, რომ სარეალიზაციოდ გატანილი იქნა და იპოთეკარის მიერ შეძენილი იქნა მ. ვ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ნივთი სრულად, იპოთეკის საგანთან არსებით შემადგენელ ნაწილად შეერთებულ ნაწილებთან, მათ შორის სადავო სამეურნეო 24.79. კვ.მ. ფართთან ერთად. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას იმის შესახებ, რომ უძრავ ქონებაზე ს/კ ... რეგისტრირებული სს „...“ უფლება, გამორიცხავდა იმავე საკადასტრო კოდის ქვეშ მოქცეული ფართის ნაწილზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციას. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება;
3. კასატორს - მ. ვ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 10.03.2017წ. საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე