საქმე №ბს-291-289(კ-17) 13 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გაერშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტო (მოპასუხე)
მესამე პირები: ვ. ლ-ე, მ. პ-ე, ა. ხ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ტექნიკური აღრიცხვის ჩანაწერის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 17 იანვარს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის ვ. ლ-ის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისში, ... ქუჩა N2-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, ლ. ლ-ის სახელზე არსებული ტექნიკური აღრიცხვის ჩანაწერის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 5 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ მ. პ-ე და ა. ხ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ ძირითად მოტივად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათება შეესაბამება ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში რეალურად არსებულ N041886 სააღრიცხვო ბარათის მონაცემებს. სასამართლოს მიერ დადგენილი განმარტებით, 1969 წლის N041886 სააღრიცხვო ბარათის შესაბამისად, ... ქ. N2-ში მდებარე 168 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აღრიცხულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ „ცნობა - დახასიათება მომზადებული იყო სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში რეალურად არსებულ საარქივო მასალებზე დაყრდნობით და იგი ასახავდა ქ. თბილისში, ... ქ. N2-ში მდებარე უძრავი ქონების რეალურ მონაცემებს“. საკითხისადმი სასამართლოს ამგვარ მიდგომას და მის პოზიციას არ ეთანხმება კასატორი და განმარტავს, რომ 2010 წელს მომზადებული ცნობა-დახასიათება რა თქმა უნდა ასახავს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებს 1969 წლის N041886 სააღრიცხვო ბარათის შესაბამისად, რადგან შესაბამისი ცვლილებები მასში არ შესულა. 1985-86 წლებში განვითარებული მოვლენების შემდგომ (მეტროსადგურის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა და ადგილობრივი მაცხოვრებლების ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილება), კვლავ ძალაში დარჩა ლ. ლ-ის სახელზე განხორციელებული სააღრიცხვო ბარათის ჩანაწერი, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ფართზე საკუთრების უფლება მოიპოვა სახელმწიფომ. კასატორმა წინამდებარე სარჩელით სწორედ, რომ სადავო გახადა 1985 წლის შემდგომ სააღრიცხვო ჩანაწერის იმავე სახით არსებობა, როგორიც ის მანამდე, ანუ ლ. ლ-ისათვის ალტერნატიული ფართის გადაცემის სანაცვლოდ სადავო ბინის ჩამორთმევამდე იყო. ამრიგად, კასატორს დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლოს ზემოაღნიშნული არგუმენტაცია, რომელსაც ეს უკანასკნელი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად იყენებს. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს სწორედ იმ სადავო საკითხის გადაწყვეტა მიანდო, რომელიც ლ. ლ-ის სახელზე განხორციელებული სააღრიცხვო ჩანაწერს ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას მას შემდეგ, რაც იგი ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილდა, მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით საარქივო ჩანაწერები უცვლელად არის დატოვებული.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ სრულიად მართებულად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ. ლ-ეს გადაეცა ალტერნატიული ფართი და ამ მხრივ იგი დაკმაყოფილებულ იქნა სახელმწიფოს მიერ. ამასთან, სასამართლოს მიერ დადასტურებულად იქნა მიჩნეული თბილგვირაბმშენის სამმართველოს უფროსის მოადგილის 1988 წლის 30 დეკემბრის N10-20/492 წერილის საფუძველზე ლ. ლ-ის სახელზე აღრიცხულ ფართში მესამე პირების- მ. პ-ისა და ა. ხ-ის ოჯახებთან ერთად შესახლების ფაქტი, რასაც კასატორიც ეთანხმება. თუმცა გაურკვეველია და მით უფრო დაუსაბუთებელი სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც მითითებული გარემოებების დადასტურების შემთხვევაში მან არ დაადგინა და არ მისცა სამართლებრივი შეფასება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებას: სახელმწიფომ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, რის შემდეგაც ლ. ლ-ემ და მისმა ოჯახის წევრებმა სრულიად გამოათავისუფლეს სადავო ფართი, რომელიც განკარგა სახელმწიფომ, მან მიიღო გადაწყვეტილება მასში მესამე პირების შესახლების თაობაზე და ამ ხნის განმავლობაში ლ. ლ-ესა და მის შვილს პრეტენზია სადავო ფართთან მიმართებით არ გააჩნდათ.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლენინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 5 თებერვლის N3.14.170 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული უძრავი ქონება ვ. ლ-ისათვის გადაცემული არ ყოფილა. თავად აღნიშნული გადაწყვეტილებაა იმის დადასტურება, რომ ვ. ლ-ეს გადაეცა ფართი, აღნიშნულ დოკუმენტში ცვლილებების შეტანა ანდა გაუქმება არ განხორციელებულა, რის გამოც იგი ძალაშია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვ. ლ-ე არ გამოათავისუფლებდა სადავო ფართს და იმ დროის განმავლობაში, როდესაც მასში შესახლებული იყვნენ მესამე პირები, განაცხადებდა პრეტენზიას. ამასთან, თუკი სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფოს ვალდებულება ვ. ლ-ისათვის საცხოვრებელი ბინის გადაცემის შესახებ არ შესრულდა, რის გამოც არ არსებობს ტექ. აღრიცხვის ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველი, მაშინ კასატორის მოსაზრებით რატომ არ მსჯელობს სასამართლო იმ დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ლ. ლ-ის ნაწილში სახელმწიფოს შესრულებული აქვს ნაკისრი ვალდებულება, რომელიც თავის მხრივ, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომას ითვალისწინებს.
„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, „სააღრიცხვო ბარათი“ წარმოადგენს სარეგისტრაციო ფურცელს, რომელიც დგება თითოეულ მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას ამ ნაკვეთის და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული უფლებების ობიექტების გეგმას. „რეგისტრაცია“ კი ნიშნავს სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერის, შენიშვნის ან აღწერის შეტანას და უძრავი ქონების გრაფიკულ ასახვას ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის შემდეგ ყოველი მომდევნო შეთანხმება, რომელიც შეეხება ამ ქონების მიმართ წარმოშობილ ურთიერთობებს, რეგისტრირებულ უნდა იქნეს ამ კანონის შესაბამისად. აღნიშნულზე დაყრდნობით კასატორი მიიჩნევს, რომ 1985-86 წლებში მოქმედი მითითებული კანონით, სავალდებულო იყო შესაბამისი ცვლილება განხორციელებულიყო სააღრიცხვო ბარათში და მესაკუთრედ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დაფიქსირებულიყო სახელმწიფო, თუმცა ასე არ მომხდარა. შესაბამისად, ლ. ლ-ის სახელზე განხორციელებული სააღრიცხვო ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძვლები წარმოიშვა ამავე თარიღიდან, რის გამოც კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ტექაღრიცხვის მონაცემები წარმოადგენს საარქივო მასალას და მასში ცვლილებების/დამატებების შეტანის განხორციელებაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, არის უსაფუძვლო.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 5 აპრილის N... გადაწყვეტილება კი, რომლის ბათილად ცნობაზე ასევე უარი ეთქვა მოსარჩელეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ უკანასკნელის აზრით წარმოადგენს უკანონო ადმინისტრაციულ აქტს, იმდენად რამდენადაც რეგისტრაცია განხორციელებულია ლ. ლ-ის სახელზე არსებული ტექნიკური აღრიცხვის ჩანაწერით, რომელიც ცალსახად ბათილია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასებას საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისში, ... ქ. №2-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მომზადებული საქართველოს სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 2010 წლის 24 თებერვლის ცნობა-დახასიათების შესაბამისად ირკვევა, რომ ხსენებულ მისამართზე მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 258 კვ.მ. თანასაკუთრების უფლებით აღრიცხული მიწის ნაკვეთიდან, 90 კვ.მ. აღრიცხულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, 1985 წლის N041886 სააღრიცხვო ბარათის შესაბამისად, ხოლო 168 კვ.მ. აღრიცხულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, თანახმად 1969 წლის N041886 სააღრიცხვო ბარათისა. ამავე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობიდან ლიტ „ა“ და ლიტ „ბ“ შენობის მესაკუთრეს წარმოადგენს ლ. ლ-ე, ხოლო ლიტ „გ“ სახელმწიფოს საკუთრებაშია. ლ. ლ-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 1969 წლის 25 სექტემბრის ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ ლენინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებზე, რომლითაც დამტკიცდა მეტროსადგურ დეპო-საბურთალოს ხაზის სამშენებლო მოედნისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან დაკავშირებით რეკონსტრუქციის ზონაში მცხოვრები ოჯახების სია. აღნიშნული სიის თანახმად, აღებას ექვემდებარებოდა პირადი მფლობელობის სახლები შემდეგ მისამართებზე: … ქუჩა N4-1, N4-2, N4-3 და N2. ამასთან, ვინაიდან ... ქუჩა N2-სა და ... ქუჩა N2-ში მდებარე სახლი იყო ერთი მთლიანი ნაგებობა საერთო გადახურვით, ... ქუჩა N2-ში მდებარე სახლის ლიკვიდაციის შემთხვევაში, ასევე აღებას დაექვემდებარებოდა ... ქუჩა N2-ში მდებარე ლ. ლ-ის პირადი მფლობელობის სახლიც.
ასევე, ლენინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 18 დეკემბრის N27.91.1790 გადაწყვეტილებით, ლ. ლ-ეს, ერთ სულს, გამოეყო
ერთ ოთახიანი იზოლირებული ბინა მისამართზე: თბილისი, ... ქუჩა N34, კორპუსი N2, პირველი სადარბაზო, მე-4 სართული, ბინა N9, ვინაიდან ... ქუჩა N2-ში მდებარე მის სახელზე რიცხული პირადი მფლობელობის სახლი ექვემდებარებოდა N52 შახტისათვის მიწის ნაკვეთის გამოსაყოფად აღებას. ასევე თბილისის ლენინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებებლი კომიტეტის 1986 წლის 20 თებერვლის საცხოვრებელი ბინის N037295 ორდერით, ლ. ლ-ეს გადაეცა 17,9 კვ.მ. ფართობი მდებარე, თბილისი, ... ქუჩა N34, კორპუსი N2, ბინა N9. ლენინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 5 თებერვლის N3.14.170. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად, ვ. ლ-ეს გამოეყო სამოთახიანი იზოლირებული ბინა (ფართი 48,39 კვ.მ.), ... ქ. N34, კორპუსი 11, ბინა 2, იმ მოტივით, რომ ვ. ლ. ლ-ის ოჯახი შედგებოდა 4 სულისაგან, - თვითონ, მეუღლე, ორი შვილი, იგი 1969 წლიდან ჩაწერილი იყო ... ქ. N2-ში, მამის ლ.ნ.ლ-ის სახელზე რიცხულ პირადი მფლობელობის სახლში, რომელიც მეტროს N52 შახტისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან დაკავშირებით ექვემდებარებოდა აღებას. ქ. თბილისში, ... ქ. N2-ში, ლ. ლ-ის უფლების ქვეშ არსებული შენობის დანგრევა არ განხორციელებულა. დადგენილია, რომ ლენინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 18 დეკემბრის N27.91.1790 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საცხოვრებელი, ერთ ოთახიანი ბინა გადაეცა ლ. ლ-ეს, ხოლო ლენინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 5 თებერვლის N3.14.170. გადაწყვეტილებით გათვალისწინებული უძრავი ქონების ვ. ლ-ისათვის გადაცემა არ დასტურდება კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებით, რაც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებაში ჩარევად მართებულად იქნა მიჩნეული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე