Facebook Twitter

საქმე №ბს-964-960(კ-17) 21 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. მ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-ემ 2017 წლის 6 თებერვალს სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქ. რუთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ. მოსარჩელემ რუსთავის საკრებულოს 2017 წლის 18 იანვრის №02/856 გადაწყვეტილების; ქ. რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 20 იანვრის №216 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გეგმის იმ ნაწილში, რომლითაც რუსთავში, ... გამზირის მიმდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ს/კ ... მიენიჭა სარეკრეაციო ზონის სტატუსი და ქ. რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილების იმ ნაწილში, რომლითაც რუსთავში, ... გამზ. მიმდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ს/კ ... მიენიჭა სარეკრეაციო ზონის სტატუსი ბათილად ცნობა, ქ. რუსთავში, ... გამზირის მიმდებარედ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ს/კ ...სარეკრეაციო ზონიდან ამორიცხვა და ქ. რუსთავში, ... გამზირის მიმდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისთვის ს/კ ...საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის (სსზ-ს) მინიჭების შესახებ ქ. რუსთავის საკრებულოსათვის განსახილველ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში გადაწყვეტილების მიღების დავალება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის საკრებულოს 2017 წლის 18 იანვრის №02/856 გადაწყვეტილება და მოპასუხე მხარეს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა იმსჯელოს ქ. რუსთავის საკრებულოს 20.01.2014 წლის №216 და 25.06.2014 წლის №226 დადგენილებებით მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ ...და ს/კ ...სარეკრეაციო ზონის მინიჭებასთან დაკავშირებით და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-ემ და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 11 ივლისის N226 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი „ქალაქ რუსთავის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა“ იმ ნაწილში, რომლითაც ქ. რუსთავში, ... გამზირის მიმდებარე მ. მ-ის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს ს.კ....მიენიჭა სარეკრეაციო ზონის სტატუსი; ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 20 იანვრის N216 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გეგმა იმ ნაწილში, რომლითაც ქ. რუსთავში, ... გამზირის მიმდებარე მ. მ-ის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს ს.კ....მიენიჭა სარეკრეაციო ზონის სტატუსი; მ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე - ბათილად იქნეს ცნობილი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 იანვრის N02/856 წერილი, სარჩელის დაუშვებლობის გამო, შეწყდა საქმის წარმოება; დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების შესახებ დაკმაყოფილდა; გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი და პუნქტში ,,ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 11 ივლისის N226 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი „ქალაქ რუსთავის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა“ იმ ნაწილში, რომლითაც ქ. რუსთავში, ... გამზირის მიმდებარე მ. მ-ის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს ს.კ....მიენიჭა სარეკრეაციო ზონის სტატუსი“. ნაცვლად მიეთითა „ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის N226 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი „ქალაქ რუსთავის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა“ იმ ნაწილში, რომლითაც ქ. რუსთავში, ... გამზირის მიმდებარე მ. მ-ის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს ს.კ....მიენიჭა სარეკრეაციო ზონის სტატუსი“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. მ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში დაუსაბუთებელია, ამ ნაწილში სამართლებრივი დასაბუთება არაა საკმარისად არგუმენტირებული, დამაჯერებელი და არ წარმოადგენს ხარისხიან სამართლებრივ პროდუქტს. სასამართლო შეხედულებები, სამართლებრივი დასკვნები არ ეფუძნება დამაჯერებელ დასაბუთებას, რის გამოც ამ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს დასაბუთებული საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით.

კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 20 იანვრის №216 დადგენილება და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილება მიღებულია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამასთან დაცულია მისი მიღების კანონით გათვალისწინებული წესები:

2013 წელს USAID-ის პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ მიზანს წარმოადგენდა ხელისუფლების ყველა დონეზე გამჭირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ინსტიტუციური ეფექტიანობის გაუმჯობესება. ასევე, მიზნად ისახავდა მოქალაქეებისათვის გაუმჯობესებული სერვიზის მიწოდების, სამთავრობო უწყებების, დაინტერესებულ მხარეების, სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეთა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას. მოქალაქეთა ჩართულობით განხორციელდა რუსთავის ურბანული განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშობა, რომლის მიზანს წარმოადგენდა: ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებისთვის კონცეფტუალური საფუძვლების შექმნა; ქალაქის ოპტიმალური ეფექტიანი საზოგადოების მოთხოვნილებებისა და მისწრაფებების შესაბამისი ურბანული განვითარების მოდელის წინაპირობის შემუშავება; ქალაქთმშენებლობის დაგეგმარების პროცესში საჯაროობის ხელმისაწვდომობის და ჩართულობის პრინციპების დანერგვა.

აღნიშნული კანონპროექტის შემუშავებაში ჩართული იყო არა მარტო ქალაქ რუსთავის მერია, მერიის სამსახურები და საკრებულო, არამედ დაინტერესებული მხარეები - მოქალაქეები. გათვალიწინებული იქნა მათი ძირითადი ხედვები და ამოცანები. ამან ყველაფერმა ასახვა ჰპოვა რუსთავის ურბანული დაგეგმარების სტრატეგიულ გეგმასა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმაში. ამ მიზნით სამუშაოები დაყოფილი იქნა ოთხ ძირიდათ ეტაპად: თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავებისათვის წინასაპროექტო კვლევა; რუსთავის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალება; თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მიწათსარგებლობის გემნერალური გეგმა; თვითმმართველი ქალაქი რუსთავის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა; ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალიწინებით, საქართველოს კანონის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, საქართველოს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“, „თვითმმართველი ქალაქი რუსთვის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის“ გათვალიწინებით საქართველოს მაშტაბით მოხდა დასახლებათა ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სამართლებრივი ურთიერთობების და ფუნქციური ზონირების საკითხების მოწესრიგება.

კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებებიდან გამომიდნარე არ არსებობს გასაჩივრებული ნორმატიული აქტების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით გათვალისიწნებული ბათილად ცნობის საფუძველი, იგი მიღებულია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესების შესაბამისად. ამასთან, სასამართლოს მიერ არ ყოფილა განმარტებული კანონი, რის სფუძველზე მოხდა გასაჩივრებული ნორმატიული აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, პალატა ვერ მიუთითებს რომელ კანონს ეწინააღმდეგება გასაჩივრებული აქტები, ან მომზადების და გამოცემის პროცესში რა ფუნდამენტალური წესები დაარღვია ადმინისტრაციულმა ორგანომ, გაუგებარი და დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამრთლოს მიერ არ ყოფილა დასახელებული ნორმაშემოქმედებითი პროცედურის ისეთი დარღვევა, რომელიც შედეგად იწვევს ნორმატიული აქტის ბათილად ცნობას, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული ნორმატიული აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველი, მოსარჩელის განმარტება, რომ მას არ მიუღია მონაწილეობა პროექტის განხილვაში ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან გასაჩივრებული ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა მიმდინარეობდა საჯარო განხილვები და ჩართული იყო, როგორც ადმინისტრაციული ორგანოები ასევე ქალაქ რუსთვის მოსახლეობა.

კასატორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მოიცავს სარჩელის მიღების, დასაშვებობის, შემოწმებისა და სარჩელის დასაბუთებულობის დადგენის სტადიებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული სარჩელის სახე და დასაშვებობის წინაპირობები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებამოსილებას, რადგან თუ მხარის მატერიალური უფლება ან კანონიერ ინტერესი არ იზღუდება ან/და არ ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი, არც შესაბამისი საპროცესო უფლება არსებობს. სარჩელის დასაშვებობის დადგენისას საკმარისია იმის ვარაუდი, რომ ირღვევა მისი სუბიექტური უფლება, ხოლო ის ფაქტი, ნამდვილად დარღვეულია თუ არა მოსარჩელის კანონიერი უფლება ან/და ინტერესი, დგინდება სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმებისას, რაც შეუძლებელია საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სრული, ყოველმხრივი და ობიექტური განხილვისა და გამოკვლევის გარეშე. განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებისას სარჩელის დასაშვებობის სტადიის მიზანია, კანონით გათვალისწინებულ აუცილებელ საკითხებთან ერთად წინასწარ, საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე გაირკვეს, „რიგ შემთხვევებში“, ხომ არ არსებობს საქმის დაუშვებლობის მოტივით განჩინებით შეწყვეტის საფუძვლები.

საქმის მასალებიდან ირკვევა,რომ მოსარჩელემ 2012 წლის 13 იანვარს გაიმარჯვა პირობებით გამოცხადებულ აუქციონში, შეიძინა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ.რუსთავი ... გამზ. მ/ტ ს.კ..... 2012 წლის 7 თებერვალს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №2-1.

კასატორი აღნიშნავს, რომ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის „ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ №226 დადგენილების მე-17 მუხლის შესაბამისად: „სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში, მოიცავს ისეთ გამწვანებულ ტერიტორიებს, როგორიცაა პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია ღია სათამაშო მოედნების, მცირე ზომის სასპორტო მოედნების, მცირე არქიტექტურული და სკულპტურული ფორმების/ნაგებობების, შადრევნების და სარეკრეაციო ზონა 1-ის (რზ) ფუნქციონირების უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად. სარეკრეაციო ზონა 1-ში (რზ-1) სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დასაშვებია ატრაქციონების, კაფეების და რელიგიური დანიშნულების ნაგებობების განთავსება“. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მითითება უადგილოა, რადგან მოსარჩელისთვის არავის ჩამოურთმევია საკუთრების უფლება, ის მიწის ნაკვეთს მიენიჭა რეკრეაციული ზონა და ამ პირობებშიც მას შეუძლია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებით განახორცელოს გარკვეული სამშენებლო პროექტები, გამომდინარე აქედან გასაჩივრებული ნორმატიული აქტით ვერ დგინდება ზიანის მიყენების ფაქტი.

კასტორი მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია და კონკრეტულ შემთხვევაში აღსანიშნავი და გასათვალიწინებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 2 მარტის №2057-2 წერილი მასთან დაკავშირებით, რომ 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილების მიღებამდე ქალაქ რუსთავში არ მოქმედებდა მიწათსარგებლობის გენერეალური გეგმა, აქედან გამომდინარე, 2010 წლიდან 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილების მიღებამდე ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის ეტაპზე სამშენებლო მიწის ნაკვეთის ზონისა და ქვეზონის დადგენა ხდებოდა „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების მე-15 მუხლისა და „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის №70 დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად. კერძოდ, მიწის ნაკვეთ(ებ)ის პერიმეტრის 50 მეტრის გარშემო მდებარე ტერიტორიის კვლევის საფუძველზე მიღებული არსებული მდგომარეობის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც მიწის ნაკვეთ(ებ)ი წარმოადგენენ დაურეგულირებელი/მოუწესრიგებელი განაშენიანების ნაწილს. (მიწის ნაკვეთ(ებ)ის პერიმეტრის 50 მეტრის გარშემო ტერიტორიაში იგულისხმება ყველა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც შეხებაშია ამ მიწის ნაკვეთ(ებ)ის 50 მეტრის გარშემო ტერიტორიასთან). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდებარე განაშენიანების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, აღნიშნულ ტერიტორიას მიენიჭებოდა სარეკრეაციო ზონა 1-ის სტატუსი. ამასთან, ყურადსაღებია, რომ მოცემულ ტერიტორიას გასხვისებამდე ჰქონდა რეკრეაციული (სკვერის) ფუნქცია და განთავსებული იყო სკულპტურულ-არქიტექტურული მონუმენტი. რაც შეეხება მშენებლობას, მესაკუთრეს ექნებოდა რეკრეაციული ზონისათვის დადგენილებით გათვალისწინებული ნაგებობების მშენებლობის უფლება.

გასათვალიწინებელია ის გარემოებაც, რომ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანიების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ №70 დადგენილების 17-ე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად: „სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ: ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი და სხვა). აღნიშნულ ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა: ა) განათების; ბ) სარწყავი სისტემის; გ) სარეკლამო ბილბორდის; დ) დეკორატიული გაფორმების ობიექტის“. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის „ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ №226 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულია: „კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონებისათვის, ტერიტორიების გამოყენება და განაშენიანების რეგულირება უნდა განხორციელდეს არსებული განაშენიანების, განაშენიანების ძირითადი დებულებების და კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად“. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №2/306 ბრძანების შესაბამისად ქ. რუსთავის . ... №2 მრავასლასრთულიან შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, ამ შენობის მიმდებარედ მდებარეობს მოსარჩელის სადავო მიწის ნაკვეთი.

პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში მითითებულია ქონების შემძენის ვალდებულება, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია შესყიდულ მიწის ნაკვეთზე (როგორც მიწის ქვეშ, ასევე მიწის ზემოდან) ხაზოვანი კომუნიკაციების არსებობის შეემთხვევაში, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მათი გადატანა. ყოველივე მეტყველებს იმაზე, რომ იმ მომენტშიც და დღესაც მოსარჩელე აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ვერ შეძლებდა მშენებლობის განხორციელებას, აღნიშნული მიუთითებს იმის თაობაზე რომ არ მომხდარა მოსარჩელის უფლებების შელახვა, კერძოდ არ შეზღუდულა საკუთრების უფლება, გამომდინარე აქედან არ არსებობს ადმინისტრაციული საპრცესო კოდექსის 22-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომლის გათვალისიწნებითაც თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. მოსარჩლის მიერ გასაჩივრებული დადგენილებები, კერძოდ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 20 იანვრის „თვითმმართველი ქალაქი რუსთვის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ №216 დადგენილება და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის „ქალაქ რუსთვის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის შესახებ“ №226 დადგენილება მიღებული და გამოცემულია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წ. 25 მაისი, საქმე №ბს-815-807(კ-16) გადაწყვეტილებით: საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმების უმნიშვნელოვანეს თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მათი შემოღება ხშირად თავად აღმასრულებელი ხელისუფლების სუბიექტების მიერ, სახელმწიფო-მმართველობითი საქმიანობის პროცესში და მისი მიზნების მისაღწევად ხორციელდება. მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი ნორმების დამოუკიდებელი გამოცემის, ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედების უფლებამოსილების მინიჭება არის ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. მოთხოვნილება ეფექტურ მმართველობაში ობიექტურად განაპირობებს მის აღჭურვას ნორმის დამდგენი უფლებამოსილებებით. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილება თავისი არსით არის კანონმდებლის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის გადაცემული სამართალშემოქმედების უფლებამოსილება. ნებისმიერი სამართლებრივი ნორმა, მათ შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმა, წარმოადგენს სამართალშემოქმედებით აქტს. ამასთანავე, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სამართალშეფარდებითი საქმიანობა, მათი ნორმაშემოქმედებითი ხასიათის საქმიანობა იმავე მიზანს ისახავს. ვინაიდან აღმასრულებელი ხელისუფლების ძირითადი ფუნქცია სამართალგამოყენებითი, ნორმაშეფარდებითი საქმიანობაა, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშემოქმედებითი ხასიათის საქმიანობა მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება და ამ ფუნქციით არის დეტერმინირებული. ამდენად, კანონქვემდებარე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმები სამართალგამოყენების ანუ აღსრულების მიზანს ემსახურება, რის გამოც, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტები გამოიცემა კანონის აღსრულების მიზნით, ანუ ისინი კანონქვემდებარე აქტებია. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო აქტით სათანადოდ ვერ იქნება უზრუნველყოფილი ყველა სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება, ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედება ვერ იქნება უსაზღვრო, აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ იქცევა საკანონმდებლო პროცესის შემადგენელ ნაწილად და ვერ შეცვლის მას, მით უფრო როდესაც რეგულირება სცდება შიდასისტემურ რეგულაციას, აღმასრულებელი ხელისუფლების მექანიზმის შიდა ორგანიზაციას და ეხება მოქალაქის უფლებას. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება(გამოცემა) შეიძლება მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. სამართლის წყაროთა იერარქიაში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იურიდიული ძალის მიხედვით ექვემდებარებიან კანონს, კანონს აქვს უპირატესი ძალა კანონქვემდებარე აქტების მიმართ. კანონის უზენაესობის პრინციპი ვრცელდება მართვის ორგანოების როგორც მიმდინარე საქმიანობაზე, ისე ნორმაშემოქმედებით საქმიანობაზე. კანონს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა, თუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა არღვევს კანონს ან მის მიერ გამოცემული აქტი ეწინააღმდეგება კანონს, მოქმედებს კანონი. ნორმატიული აქტის იერარქიის განმსაზღვრელი „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სახელმწიფოს საკანონმდებლო აქტებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა სახელმწიფოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა იგი მიღებული(გამოცემული). ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დელეგირებული სამართალშემოქმედების, კანონმდებლობის დეკონცენტრაციის, მისი დივერსიფიკაციის გამოვლინებაა. დელეგირებული კანონშემოქმედების სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი აზრი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ კანონების მოთხოვნათა დაცვით რეგულირების ამოცანების შესრულებაში ჩართული იქნეს აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური შესაძლებლობანი და მისი სპეციალიზირებული პროფესიული ცოდნა. დელეგირება უზრუნველყოფს კონკრეტული სფეროს რეგულირების საგნობრივ ურთიერთკავშირს, რომელიც განაწილებულია კანონით განსაზღვრულ მასშტაბსა და ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონქვემდებარე აქტის მთავარი ფუნქცია - საკანონმდებლო აქტის ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფაა.

დავის გადაწყვეტა გულისხმობს ნორმებს შორის კოლიზიის გადაჭრას, სადავო სამართალურთიერთობის მიმართ სათანადო ნორმატიული აქტის გამოყენების და სხვა, საწინააღმდეგო ნორმატიული აქტის გამოყენებაზე უარის თქმის საკითხის გადაწყვეტას. სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას სასამართლო უფლებამოსილია ნაკლები იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის იერარქიულად უფრო მაღალი დონის ნორმატიული აქტისადმი შესაბამისობის საკითხი გადაწყვიტოს მხოლოდ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით და ასეთი შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში უარი თქვას ნორმატიული აქტის გამოყენებაზე, მისი ფორმალური გაუქმების გარეშე (ინციდენტური კონტროლი). ამასთანავე, ის ნორმატიული აქტი, რომელიც შეუსაბამობის გამო არ იქნა გამოყენებული სასამართლოს მიერ, ავტომატურად არ კარგავს ძალას და აგრძელებს მოქმედებას. სსკ-ის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის თანახმად, თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით კანონს არ შეესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას კანონის მიხედვით. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. ამ კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად: 'ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. ხოლო მესამე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: "საქართველოს ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი და სავალდებულოა შესასრულებლად“. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად: „კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა იგი მიღებული (გამოცემული)“. ნორმატიული აქტის იერარქიის განმსაზღვრელი „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად: "სახელმწიფოს საკანონმდებლო აქტებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა სახელმწიფოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ“. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად: „თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით“. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად: „მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის მიზნებს დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებით აყალიბებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო“. ამავე მუხლის მეხუთე და მეექვსე პუნქტებით: "მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის განხორციელებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვას ახორციელებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო თავად ან/და ფიზიკურ, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე შესაბამისი დაკვეთის გაცემის საფუძველზე“. ამავე კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად: „მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის საჯაროობას და დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო იმავე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგენით და დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებასთან შეთანხმების საფუძველზე. მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შესრულებაზე ზედამხედველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული წესით. მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებში ცვლილებები და დამატებები შეიტანება ამ დოკუმენტების შემუშავებისათვის დადგენილი პროცედურის დაცვით“. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად: „დასახლების მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს უფლებამოსილი სამსახური. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებში ცვლილებები და დამატებები შეიტანება დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავებისათვის დადგენილი პროცედურის დაცვით“. ამავე კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად: „სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას გასცემს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანო. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის წესი დგინდება „განაშენიანების ძირითადი დებულებებითა“ და „განაშენიანების რეგულირების წესებით“. ამავე კანონის 36-ე მუხლი უდგენს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებს, ამ კანონს შეუსაბამონ „დასახლებათ ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესი“.

კასატორი აღნიშნავს, რომ თვითმართველი ქალაქი რუსთვის საკრებულოს 2014 წლის 20 იანვრის „თვითმმართველი ქალაქი რუსთვის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" №216 დადგენილება მიღებულია - „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. დადგენილებაში განმარტებულია: „ქ. რუსთავის მდგრადი ურბანული განვითარებისათვის აუცილებელია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ახალი თაობის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების არსებობა, აქედან გამომდინარე უპირველეს მიზანს წარმოადგენს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებული და დამტკიცებული ქ. რუსთავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც შეასრულებს ქალაქის ურბანული განვითარებისა და მმართველობისათვის ძირითადი დოკუმენტის დანიშნულებას." სწორედ ამ დადგენილებაშია ასახული რა მიზანს ემსახურებოდა გასაჩივრებული დადგენილებების მიღება და აღწერილია ის სამართლებრივი გზები და ადმინისტრაციული წარმოების ეტაპები რაც გაიარა აღნიშნულმა დადგენილებებმა მათ მიღებამდე, სესაბამისად არ არსებობს საფუზველი მათი ნაწილობრი ბატილად ცნობისა რადგან დაცულია ზოგადი ადმინისტრაციული ჯკოდექსის მე-60 პრიმა მუხლის მოთხოვნები.

თვითმმართველი ქალაქი რუსთვის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის „ქალაქ რუსთვის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ №226 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: „ქალაქ რუსთავის დაგეგმარების დოკუმენტების მონიტორინგისა და განახლების, ასევე ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ეფექტიანი მართვის მიზნით საკრებულოს გადაწყვეტილებით იქმნება უფლებამოსილი სამსახური, რომელიც წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სტრუქტურულ ერთულს“. ხოლო მეორე პუნქტით განსაზღვრულია სამსახურის კომპეტენციათ სფერო, კერძოდ: „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მისი განახლებისათვის აუცილებელი საკითხების განსახილველად მომზადება; კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მისი განახლებისათვის აუცილებელი საკითხების განსახილველად მომზადება; განაშენიანების რეგულირების გეგმების განხილვა და დასამტკიცებლად წარდგენა; „ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების” აღსრულების მონიტორინგი და პრობლემური საკითხების განსახილველად მომზადება; მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების განხილვა და დამტკიცება“; ამავე დებულების მე-4 მუხლის, რომელიც არეგულირებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს უფლებებს და მოვალეობებს, პირველი პუნქტით დადგენილია: „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების შემდგომი დახვეწისა და ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოსთან და მისი გადაწყვეტილებით იქმნება სათათბირო ორგანო – „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო“ (შემდგომში – საბჭო)“. სწორედ საბჭოს კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება: "ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე, მათ შორის სპეციალური ზონალური შეთანხმებისთვის, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალებების გაცემისთვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა; მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებისათვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ან მათი ნაწილების დამტკიცებისთვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა; სპეციალური ზონალური შეთანხმებისთვის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;" ხოლო მესამე და მეოთხე პუნქტში მითითებული: "საბჭოს ფუნქცია და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი." ამავე დადგენილების მე-6 მუხლით, რომელიც განსაზღვრავს არსებული ზონების ცვლილებების პირობებს, მითითებულია: "არსებული ზონების ცვლილება წარმოადგენს ცვლილებას ქალაქ რუსთავის დაგეგმარების დოკუმენტებში და შესაბამისად საჭიროებს იგივე პროცედურების გავლას, რაც კანონმდებლობით მათი დამტკიცებისთვის არის დადგენილი." ხოლო მე-7 მუხლის შესაბამისად: "სპეციალური (ზონალური) შეთანხმება ითვალისწინებს კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის განსაზღვრული კ2 კოეფიციანტის მნიშვნელობის გაზრდას. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მისაღებად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო მოთხოვნას თანდართულ საბუთებთან ერთად აგზავნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელიც სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის განსაზღვრული წესით იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ და უგზავნის მას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს." თვითმმართველი ქალაქი რუსთვის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის "ქალაქ რუსთვის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" №226 დადგენილების მე-8 მუხლის თანახმად: „მიწის ნაკვეთებს და შენობა-ნაგებობებს, რომლებიც არ შეესაბამებიან ამ წესების მოთხოვნებს, ენიჭებათ შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების სტატუსი, რომელსაც ანიჭებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო“.

სწორედ თვითმმართველი ქალაქი რუსთვის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის „ქალაქ რუსთვის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ №226 დადგენილების შესაბამისად და აღსრულების მიზნით შეიქმნა 2015 წლის 24 ივლისის „ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საბჭო“ ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №103 დადგენილებით, რომელიც თავის მუშაობას წარმართვს მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის საქართველოს კანონის "სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ," საქართველოს მთვრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის "დასახლებათ ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების", წინადადებების დებულების საფუძველზე. სწორედ ამდადგენილების მე-14 მუხლის შესაბამისად: "არსებული ზონების ცვლილება წარმოადგენს ცვლილებას ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებში და შესაბამისად საჭიროებს იმავე პროცედურების გავლას, რაც „დასახლებათა ტერტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებით“ მათი დამტკიცებისთვის არის დადგენილი." ამავე დებულების მე-16 მუხლის დანაწესის თანახმად: "დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების შემდგომი დახვეწისა და ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოსთან და მისი გადაწყვეტილებით შესაძლებელია, შეიქმნას სათათბირო ორგანო - „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო“ (შემდგომში - საბჭო)." მხოლოდ ამ საბჭოს კომპეტენციის სფეროს შეიძლება განეკუთვნებოდეს: "მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებისთვის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებში რეგულარული მოხსენებების მომზადება და კონსულტაციების გაწევა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცესების საჯაროობის მიზნით, საზოგადოებრივი ინფორმირების სამუშაოებისა და განხილვების ორგანიზება მუნიციპალიტეტის გამგეობის (მერიის) შესაბამის სამსახურთან ერთად; დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხების თაობაზე წინადადებების, შენიშვნების და საჩივრების განხილვა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალებების გაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებათა მომზადება; მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებისათვის საკრებულოების გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება მუნიციპალიტეტის გამგეობის (მერიის) შესაბამის სამსახურთან ერთად; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ან მათი ნაწილების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებების და/ან დასკვნების პროექტების მომზადება“. ხოლო მესამე და მეოთხე პუნქტის შესაბამისად:"საბჭოს არსებობის შემთხვევაში, მისი ფუნქცია და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო." საქართველოს მთვრობის 2014 წლის 15 იანვრის ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე №59 დადგენილების მე-17 მუხლი მესამე პუნქტის შესაბამისად: "ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მისაღებად ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო, დადგენილი წესით, სხვა საბუთებთან ერთად აგზავნის მოთხოვნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელიც სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის განსაზღვრული წესით იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ და უგზავნის მას ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს“.

ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივლისის „ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთ საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ №103 დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულია საბჭოს კომპეტენციები, კერძოდ, პირველი პუნქტით გათვალისწინებულია: „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე, მათ შორის სპეციალური ზონალური შეთანხმებისთვის, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა; ქალაქთმშნებლობითი დოკუმენტების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცესების საჯაროობის მიზნით, საზოგადოებრივი ინფორმირების სამუშაოებისა და განხილვების ორგანიზება; ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების, შენიშვნების და საჩივრების განხილვა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალებების გაცემისთვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა; მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებისათვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ან მათი ნაწილების დამტკიცებისთვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა; სპეციალური ზონალური შეთანხმებისთვის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; საბჭოს მიერ რეკომენდებული სპეციალური (ზონალური) შეთანხმებითა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით გათვალისწინებულ საკითხთა შესრულების მონიტორინგი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერისათვის შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების მიზნით; სხვა საქმიანობა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად“. სწორედ ზემოაღნიშნული საბჭოს კომპეტენციას განეკუთნება სპეციალური ზონალური შეთანხმებისთვის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების პროექტის მომზადება ეკონომიკის სამინისტროსთნ შეთანხმებით.

ზემოთ მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით, ქალაქ რუსთავში არსებული მიწის ნაკვეთებისთვის კონკრეტული ფუნქციური ზონის მინიჭება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომელიც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განახორციელოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინებით. სადავოდ გამხდარი საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება, მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ("ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთ საბჭოს") გამომდინარე აქედან სასამართლომ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება როდესაც ნაწილობრივ ბათილად ცნო გასაჩივრებული ნორმატიული აქტები. სწორედ დისკრეციული უფლებამოსილებაზე მითითებით და ყურადღების გამახვილებით უთხრა უარი სააპელაციო სასამართლომ აპელანს მ. მ-ეს სასარჩელო და სააპელაციო საჩივრის სხვა მოთხოვნაზე, კერძოდ: - „დაევალოს ქ. რუსთავის საკრებულოს განსახილველ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 01 თვის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ქ. რუსთავში, ... გამზირის მიმდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ს/კ ...საზოგადოებრივ-საქმიანი ზონი (სსზ-ს) მინიჭების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს“. სასამრთლო პროცესის მიმდინარეობის დროს სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია გასაჩივრებული დადგენილებების კანონიერებაზე და დასაბუთებულობაზე, ისე გამოიტანა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, არ უმსჯელია რომელი კანონი დაარღვია ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული დადგენილებების მიღების დროს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების უპირობოდ გაუქმების საფუძველია.

მესამე პირის ჩაბმის ნაწილში წარმოდგენილი პრეტენზიის საფუძველია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის №3ბ/1353-17 გადაწყვეტილებაში მითითებული არგუმენტი: „აპელანტი რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ასევე აპელირებს იმ გარემოებებძე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ადგილზე თათბირით გამოიტანა განჩინება (21.04.2017წ. სასამართლო სხდომის ოქმი) ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩართვაზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც არ ეთანხმება. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ მოუხდენია რეალიზება, არ მოუთხოვია საოქმო განჩინება, ასევე არ დაუფიქსირებია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას , რომ აპირებს ზემოთ მითითებული საოქმო განჩინების გასაჩივრებას. აპელანტს ასევე არ მოუთხოვია სააპელაციო წესით საქმის განხილვისას ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართვა მესამე პირად. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატის მოსაზრებით, აპელანტის მიერ მითითებული კონკრეტული საპროცესო დარღვევა დამოუკიდებელი საფუძვლით ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი." სააპელაციო სასამართლოს ეს არგუმენტი საფუძველსმოკლებული და დაუსაბუთებელია, რაც სწორედ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმების საფუძველია, სააპელაციო სასამართლო თავის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აწესებს ორმაგ სტანდარტს, კერძოდ, სასამართლომ ფაქტობრივ დასაბუთებაში მიუთითა და დადგენილად სცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: "4.3 2016 წლის 13 დეკემბერს, ზეპირი ინფორმაციით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკეთისთვის თურმე მიუნიჭებიატ რეკრეაციული ზონის სტატუსი." ანუ სასამართლო ეყრდნობა მოსარჩელის მხოლოდ ზეპირ, სიტყვიერ განმარტებას და ამ დროს საქმეში არსებული წერილობით მტკიცებულებებს გვერდს უვლის და ამბობს, რომ: "რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ მოუხდენია რეალიზება, არ მოუთხოვია საოქმო განჩინება, ასევე არ დაუფიქსირებია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას , რომ აპირებს ზემოთ მითითებული საოქმო განჩინების გასაჩივრებას. აპელანტს ასევე არ მოუთხოვია სააპელაციო წესით საქმის განხილვისას ქ. რუსთვის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართვა მესამე პირად." მაშინ როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ სასამართლო სხდომაზევე დააფიქსირა, რომ იგი აპირებდა განჩინების გასაჩივრებას. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებას, რომ ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის სააპელაციო საჩივრის მეათე ფურცელზე ნათლად ჩანს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაყენებული მოთხოვნები, კერძოდ: "ასევე მოგახსენებთ, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს დაყენებული იქნა შემდეგი სახის შუამდგომლობები: 1. "ადმისტარციული საპროცესო კოდექსის მე- 16 მუხლისა შესაბამისად - მესამე პირი შეიძლება ჩაბმული იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით. მოცემულ შემთხევაში საქმეში მესამე პირად უნდა იქნეს ჩაბმული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია. რადგან იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზე სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი ანუ მერია იმგვარად არის დაკავშირებული სადაო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მირებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე. მოცემულ შემთხევვაში გასაჩივრებული ნორმატიული აქტები წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის სამუშაო დოკუმენტს: სასამართლომ ადგილზე თათბირით გამოიტანა გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუმცა მხარეს არ ჩაბარებია შესაბამისი განჩინება, რისი გათვალისწინებითაც მოკლებული იყო შესაძლებლობას გაესაჩივრებინა აღნიშნული გადაწყვეტილება. 2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები - შპს „...“ მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგადი განვითარების სამინისტროს წერილი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს მხედველობაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის გათვალისწინებით, რადგან სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულება ვერ ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობას და ამასთან, მას არანაირი კავშირი აქვს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასთან, მიუხედავად ამისა სასამართლოს არ უმსჯელია დაყენებლი შუამდგომლობის თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არ განხილულა“.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შესაგებელშიც და სხდომაზეც დაყენებული იქნა შუამდგომლობა: "ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის მე- 16 მუხლისა შესაბამისად - მესამე პირი შეიძლება ჩაბმული იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით. მოცემულ შემთხევაში საქმეში მესამე პირად უნდა იქნეს ჩაბმული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია. რადგან იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზე სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი ანუ მერია იმგვარად არის დაკავშირებული სადაო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე. მოცემულ შემთხევაში გასაჩივრებული ნორმატიული აქტები წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის სამუშაო დოკუმენტს“.

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად: - მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის მიზნებს დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებით აყალიბებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. ამავე მუხლის მეხუთე და მეექვსე პუნქტებით: "მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის განხორციელებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვას ახორციელებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო თავად ან/და ფიზიკურ, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე შესაბამისი დაკვეთის გაცემის საფუძველზე“.

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილების მე-4 მუხლის მეორე პუნქტის "ბ" ქვეპუნქტი მიუთითება აღნიშნული სამსახურის ფუნქციურ დატვირთვას და სავალდებულობას ამ დავაში ყოფილიყო ჩართული მესამე პირად მერიის შესაბამისი სამსახური, კერძოდ: "ქალაქთმშნებლობითი დოკუმენტების შემუშევების, განხილვისა და დამტკიცების პროცესების საჯაროობის მიზნით, საზოგადოებრივი ინფორმირების სამუშაოებისა და განხილვების ორგანიზება მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურთან ერთად“; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად: „სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა“. სასამართლომ ადგილზე თათბირით გამოიტანა გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუმცა მხარეს არ ჩაგვბარებია შესაბამისი განჩინება, რისი გათვალისწინებითაც მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას გაესაჩივრებიNათ აღნიშნული უარი. ამასთან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეთექვსმეტე მუხლის 2.2 ნაწილის შესაბამისად: „ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად: „მესამე პირი შეიძლება ჩაბმული იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით“. ამავე მუხლის 2.3 ნაწილის შესაბამისად: „მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „თუ განჩინება მიღებულია სათათბირო ოთახში გაუსვლელად, ის შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში“. ხოლო მეოთხე ნაწილის შესაბამისად: „განჩინება, რომელსაც სასამართლო იღებს ადგილზე თათბირით, უნდა გამოცხადდეს მიღებისთანავე. თავმჯდომარე ან მოსამართლე, რომელმაც გამოაცხადა განჩინება, განმარტავს ამ განჩინების შინაარსს, მისი გასაჩივრების წესსა და ვადას, რაც აისახება სხდომის ოქმში“. საოქმო განჩინებას წაეყენება სწორედ ის პრეტენზიები და მოთხოვნები, რაც ზოგადად სასამართლოს აქტს, რომ ის დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის გათვალიწინებით, სასამართლო განჩინებაში უნდა აღინიშნოს მოტივები, რომლითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე. ამავე კოდექსისი 264-ე მუხლის შესაბამისად: „სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში ასევე შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე“. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის შესაბვამისად:"კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება“. ამავე კოდექსის 415-ე მუხლით: „კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება. კერძო საჩივარი უნდა უპასუხებდეს სარჩელისათვის ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს“.

ხოლო 416-ე მუხლის დანაწესით: „კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად“. მოცემულ შემთხვევაში არც პირველ და რაც მეორე ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია შუამდგომლობაზე. შუამდგომლობის ავტორს ამ შემთხვევაში ეგზავნება დასაბუთებული განჩინება მოთხოვნის გარეშე და ეძლევა საშვალება გაასაჩივროს ის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, იმის ფონზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არც წერილობით და არც ზეპირად სასამართლო სხდომის დროს არ დაუფიქსირებია, რომ იგი ეთანხმებოდა და არ ასაჩივრებდა საოქმო განჩინებას. მოცემულ ნაწილში უნდა გაუქმდეს საოქმო განჩინება, რომელიც კანონის დარღვევითაა მიღებული, ვინაიდან მოსამართლემ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და ამასთან არასწორად განმარტა კანონი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი (იხ. სუს. 29.06.17წ. №ბს-326-324(კ-17), 08.06.17წ. ბს-254-252(კ-17) განჩინებები) სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული ნორმატიული აქტის სადავო ნაწილის მოქმედებით მოცემულ შემთხვევაში იზღუდება მიხელ მიქაბერიძის საკუთრების უფლება. კერძოდ, მას ერთმევა შესაძლებლობა, მიწის ნაკვეთი გამოიყენოს სამშენებლოდ. ამასთან, ქონების დანიშნულების განსაზღვრა ხდება იმგვარი სარგებლობისათვის, რომელიც შინაარსობრივად მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება და ვერანაირად ვერ იქნება გამოყენებული მესაკუთრის მიერ. შეზღუდვა ეხება სარგებლობის უფლებას, რაც საკუთრების უფლების უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს. შეზღუდვის თავისებურებიდან გამომდინარე, ასევე მართებულად იქნა შეფასებული, რომ მოცემული სახის შეზღუდვა ეჭვქვეშ აყენებს საკუთრების უფლების არსს, რადგან სარეკრეაციო ზონა 1-ის სტატუსის მინიჭებით მ. მ-ეს ეკრძალება ყოველგვარი მშენებლობის წარმოება მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საკუთრების უფლების იმ ხარისხით შეზღუდვის ფაქტი, რაც შინაარსს უკარგავს მას, რადგან საკუთრება სარგებლობის უფლების გარეშე მხოლოდ ფორმალურად რეგისტრირებულ უფლებად იქცევა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის საჭიროებას ასაბუთებს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის უფლებამოსილი ორგანო. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესში საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმებას უზრუნველყოფენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები. კანონის ეს დანაწესი, გაგებული უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ჩარჩოების ფარგლებში. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ნორმატიული აქტის სადავო ნაწილი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ზღუდავს საკუთრების უფლებას იმ ხარისხით, რომ შინაარსს უკარგავს მას, როგორც ობიექტურ ღირებულებას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ სტანდარტებთან. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე