საქმე # 330310015001050772
საქმე №ბს-271-269(კ-17) 13 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გაერშე
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ნ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირები: დ. ა-ი; ო. წ-ი (ო. წ-ის წარმომადგენელი - მ. წ-ი (მეურვე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ნ-მა 2015 წლის 29 ივლისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ ქ. თბილისი, ... მე-2 ჩიხი, N7 (ს.კ ...) დ. ა-ის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 6 ივლისის N163951 გადაწყვეტილებისა და ამავე სააგენტოს 2015 წლის 10 ივლისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ნ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 6 ივლისის №163951 და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 ივლისის №... გადაწყვეტილებები; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა დ. ა-ის საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევისა და სარეგისტრაციო საგნის იდენტიფიცირების სავალდებულოობაზე. მაშინ როცა, საქმეში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებით დგინდება, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ყოველმხრივ და სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმეში არსებული გარემოებები. ამასთან, სასამართლო საქმის ხელახლა განხილვისას უთითებს ისეთი გარემოებების დადგენაზე, რაც სააღსრულებო და საჩივრის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული საქმის მასალებითა თუ ორივე ინსტანციის საქმის განმხილველი სასამართლოს რესურსებით უკვე დადგენილია.
სააპელაციო სასამართლო, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და შეფასების პროცესში დაშვებულ უზუსტობასთან დაკავშირებით, უთითებებს შემდეგ გარემოებეზე:
1) სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული შიდა აზომვითი ნახაზი, რომელზეც მონიშნულ იქნა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა, არ ქმნიდა ფართის იდენტიფიცირებისა და იპოთეკის ბათილობის საკმარის საფუძველს. სასამართლო ამავე დროს უთითებს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელებულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 12 თებერვლის Nა 14061044-018/001 განკარგულების საფუძველზე. სააგენტო არ ეთანხმება, სააპელაციო სასამართლოს ამგვარ განმარტებას, მაშინ როცა სარეგისტრაციო საგნის იდენტიფიცირება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განხორციელდა, არა მარტო დაინტერესებული პირის მიერ (ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის - დ. ა-ის) ფართის ადგილმდებარეობის მონიშვნით, არამედ ზეპირი მოსმენის სხდომაზე მონაწილე ყველა პირის, მათ შორის მოსარჩელის/აპელანტის- ზ. ნ-ის მიერ. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ მის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა აღნიშნული საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი (სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული განკარგულება).
2) სააპელაციო სასამართლო, მიღებული გადაწყვეტილებით უთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიემართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის და გამოთხოვილ უნდა ყოფილიყო სააღსრულებო საქმის მასალები, რათა დადგენილიყო რა ფართი გავიდა აუქციონზე სარეალიზაციოდ. ამასთან, უნდა შემოწმდეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პასუხი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 8 დეკემბრის A14061044-013/001 წერილზე. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლო ამ მსჯელობაზე დაყრდნობით სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისას არ ითვალისწინებდა საქმის გარემოებებს, რაც დადგენილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების ეტაპსა და როგორც პირველი, ასევე მე-2 ინსტანციის სასამართლოს მიერ. სააღსრულებო წარმოების მასალებით ფართის იდენტიფიცირება ვერ ხდება. კასატორის მოსაზრებით აგრეთვე, საყურადღებოა, რომ სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ისეთ მტკიცებულებას, კერძოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს მომართვის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ წერილს, რომელსაც საქმისთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული წერილი ვერ იქნებოდა იმგვარი შინაარსის შემცველი დოკუმენტი, რომელსაც სამართლებრივად ან ფაქტობრივად საკითხის გადაჭრისათვის განსხვავებული შედეგის დადგომა შეეძლო - იდენტიფიკაციის საკითხი მხარეთა მიერ გადაჭრილ იქნა მხოლოდ დ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას.
3) სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ფართზე რეგისტრირებული ყველა იპოთეკა აღრიცხულია საჯარო რეესტრში. იმ პირობებში, როდესაც რეგისტრაციის პირობას წარმოადგენს იპოთეკის საგნის სავალდებულობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან შესწავლილი უნდა იყოს უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. თბილისი, ... II ჩიხის N7-ში (საკადასტრო კოდი: N...), მე-3 სართულზე რეგისტრირებული ყველა იპოთეკის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის შედეგადაც უნდა დადგინდეს, იპოთეკა რეგისტრირებულია ზოგადად 30 კვ.მ-ზე თუ კონკრეტულად განსაზღვრულ ფართზე. კასატორის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხი შესწავლი უნდა იქნეს ხელახლა, პრინციპული მნიშვნელობისაა ის, რომ სასამართლო არ უთითებს როგორ უნდა დადგინდეს აღნიშნული, კერძოდ: განმეორებითი ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარებით, თუ სხვა? ვინაიდან, სააპელაციო სასამართლომ თავადაც დაადგინა, რომ სააღსრულებო საქმის მასალებიდან აუქციონზე გატანილი ფართის იდენტიფიცირება ვერ ხდება. კასატორი მიიჩნევს, რომ ფორმალური და დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ საკითხის ამგავრი შეფასება, ქვემოთ აღნიშნულზე დაყრდნობით, მოცემულ გარემოებებში, ვინაიდან: 1) სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სადავო ფართის იდენტიფიკაციისთვის უნდა მიემართა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის, ხოლო მეორე მხრივ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა მოიძიოს მის მიერვე გაცემული პასუხი, რითიც შესაძლოა განსაზღვრულ იქნეს მოხდა თუ არა აღსრულების ეტაპზე ფართის იდენტიფიცირება (თუმცა იდენტიფიცირების საკითხი აღნიშნულ მომართვზე გაცემული პასუხით გადაჭრილი ვერ იქნებოდა). იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლო საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის მიზნით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროდან ითხოვს კრედიტორ დ. ა-ის სააღსრულებო საქმის მასალებს, რომლის შესწავლის შედეგადაც ადგენს, რომ აუქციონზე გავიდა ო. წ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე, ... მე-2 ჩიხი, N7, შენობა N2-ის მე-3 სართული, საერთო ფართით 113.81 კვ.მ-დან 30 კვ.მ. ს/კ ..., სადაც ასევე წარმოდგენილია ნივთის აღწერისა და შეფასების აქტი N41506 და შეფასების ანგარიში. აღნიშნული მასალების შესწავლის საფუძველზე (და მათი შესწავლის მიუხედავად) სასამართლო ასკვნის, რომ „გამოთხოვილი სააღსრულებო საქმის მასალებიდან აუქციონზე გატანილი ფართის იდენტიფიცირება ვერ ხდება“, კასატორის მოსაზრებით გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურება საჯარო რეესტრისადმი დ. ა-ის საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. თანაც იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული წარმოების ფარგლებში ჩატარებული ზეპირი მოსმენის სხდომის შედეგებით დადგენილია სადავო ფართთან მოსარჩელისა და დაინტერესებული პირის კავშირი, რომელსაც სასამართლო ერთ-ერთ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს. ზეპირი მოსმენის სხდომაზე კანონით დადგენილი წესით მოწვეულ იქნა უძრავი ნივთის იმჟამინდელი მესაკუთრის კანონიერი წარმომადგენელი - მეურვე, რომელიც არც ერთ სხდომაზე გამოცხადებულა, თუმცა იგი სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოწვეული იყო და მას ესწრებოდა, მიუხედავად ამისა მისი მხრიდან არ მიუღიათ ინფორმაცია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელიმე ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომელიც უარყოფდა ან დაადასტურებდა რომელიმე გარემოებას. სასამართლოს შეკითხვაზე - ჰქონდა თუ არა ინფორმაცია იპოთეკის საგნის თაობაზე, თუ ვისთვის რა ფართი იქნა შეთავაზებული და რა ფართზე იქნა იპოთეკის უფლების შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული, მეურვემ უარყოფითი პასუხი გასცა, რის შემდეგაც სასამართლომ დაასკვნა, რომ იგი ინფორმაციას ვერ ფლობდა. ამდენად, მეურვის გამოკითხვის შედეგით სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმის გადაწყვეტისათვის მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ვერაფრის მომცემია.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ ნივთის იმჟამინდელი მესაკუთრის კანონიერი წარმომადგენელი - მეურვე მიწვეულ იქნა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებშიც არაერთხელ, თუმცა არც ერთ შემთხვევაში გამოცხადებულა აზრის დასაფიქსირებლად. სააპელაციო სასამართლო სხდომის მიმდინარეობის პროცესში აღნიშნავს, რომ სხდომაზე მოწვეული პირის იძულებითი მოყვანის მექანიზმი სასამართლოს არ აქვს. ადმინისტრაციული ორგანო მით უმეტეს უძლურია სხდომაზე კანონით დადგენილი წესით მოწვეული პირი იძულებით მოიყვანოს და აზრის დაფიქსირება სთხოვოს. მაშინ გაურკვეველია რა მოქმედების განხორციელება დარჩა ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნული ფართის იდენტიფიკაციისათვის, იმ პირობებში, როცა აღსრულების ეროვნული ბიუროსთვისაც იმთავითვე ცნობილია ფართის არაიდენტიფიცირებულობის საკითხი და ისიც, რომ სხდომაზე კანონით დადგენილი წესით არაერთგზის მოწვეული პირი არ ცხადდება სხდომაზე, რასაც ასევე კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, საკითხის ღიად დატოვებისა და გადაუჭრელობის ფონზე, ადმინისტრაციული წარმოების გაჭიანურება შეიძლება მოჰყვეს. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოების ეტაპზე პრინციპულად მიიჩნია ფართის მდებარეობის დადგენის საკითხი (რამდენადაც აღნიშნულზე პირდაპირ იყო დამოკიდებული მათ შორის, მოსარჩელის, როგორც იპოთეკარის ბედი), მით უფრო რომ მარეგისტრირებელ ორგანოს კანონი სარეგისტრაციო ობიექტის იდენტიფიცირებას ავალდებულებს, მიიღო გადაწყვეტილება ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით საქმის განხილვისა და გამოკვლევის შესახებ.
რაც შეეხება აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 8 დეკემბრის A14061044-013/001 წერილზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეაგირებას, რომლის მოძიებასაც სააპელაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს, 2014 წლის 10 დეკემბერის N258125 პასუხით მომართვის ავტორს განემარტა რეგისტრაციისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ცნების შესახებ, თუ რა შეიძლება ყოფილიყო სარეგისტრაციო წარმოების დაწყებისა და მისი შეჩერების საფუძველი, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღსრულების ეროვნულ ბიუროს აცნობებდა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი კონკრეტული განცხადებისა და განცხადებას თანდართული დოკუმენტაციის განხილვის შედეგად. ამდენად, აღნიშნული ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღებისა და შედეგის დადგომის თვალსაზრისით, არ ცვლიდა მდგომარებას, როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის. ასევე, არ წარმოადგენდა რაიმე სახის განსხვავებული სამართლებრივი შედეგის წარმომშობ შინაარსობრივ დოკუმენტს ან ინფორმაციას, რომელსაც არსებითად სხვა გადაწყვეტილების მიღების პირობა შეეძლო შეექმნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ ბათილად ცნობილ გადაწყვეტილებაში (N163951) საუბარი არ არის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილზე, ნათელია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მასზე გაცემული პასუხი ვერ იქნებოდა განმსაზღვრელი ხასიათის და ამ წერილის პასუხთან დაკავშირებით სასამართლოს სხვა მოლოდინის ობიექტური საფუძველი არც შეიძლება ჰქონოდა, ვინაიდან საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების მიხედვით (სასამართლოვე უთითებს), რომ ფართი არ იყო იდენტიფიცირებადი; დადგენილი იყო მარეგისტრირებელ ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული დოკუმენტაციით სარეგისტრაციო უძრავი ნივთის არაიდენტიფიცირებადობა და არც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და არც საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პროცესში იპოთეკით დატვირთული ფართის იდენტიფიკაცია არ მომხდარა.
სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 12 თებერვლის NA14061044-018/001 განკარგულება გამოცემულია სწორედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 10 დეკემბრის N258125 პასუხის მიღების შემდგომ. სააპელაციო სასამართლო სააღსრულებო წარმოების მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის იმთავითვე ცნობილი იყო ფართის იდენტიფიკაციის შეუძლებლობის შესახებ, რაც გახდა საფუძველი საჯარო რეესტრისადმი A14061044-013/001 წერილით მიმართვისა, რათა მას გადაეწყვიტა აუქციონის ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხი. მიმართვით საჯარო რეესტრს ეთხოვა იყო ინფორმაციის მიწოდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან საკითხის დადებითად გადაწყვეტის - ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, საჯარო რეესტრი შეძლებდა თუ არა საკუთრების უფლების რეგისტრაციას შემძენზე. N258125 პასუხის მიღების შემდგომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის NA14061044-018/001 განკარგულების გამოცემის გადაწყვეტილება (რომელიც მოსარჩელე - ზ. ნ-ს, გასაჩივრებული არ აქვს). მიგვაჩნია, რომ დანარჩენ მითითებებთან ერთად ამ საფუძვლით საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნება ვერ განიხილება ამისათვის საკმარის საფუძვლად.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულყოფილად - თუმცა ის გარემოებები, რომელზეც სასამართლო უთითებს რომ არასრულყოფილადაა გამოკვლეული, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უკვე გამოკვლეულია, რის გამოც ბუნდოვანია საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების პერსპექტივა. ერთ შემთხვევაში ცნობილი და დადგენილია, რომ „N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის შიდა აზომვითი ნახაზები არ ყოფილა წარდგენილი სადავო ფართზე განხორციელებული იპოთეკის ხელშეკრულებების რეგისტრაციის დროს.“ „მე-3 პირის, ისევე როგორც მოსარჩელის იპოთეკის უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა იმგვარად, რომ არც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და არც საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პროცესში იპოთეკით დატვირთული ფართის იდენტიფიცირება არ მომხარა“. ხელშეკრულებებში არ იყო მითითებული რაიმე მაიდენტიფიცირებელი მონაცემი გარდა იმისა, რომ იპოთეკის საგანი იყო მესამე სართულზე მდებარე 113.81 კვ.მ-დან 30 კვადრატული მეტრი. აღსანიშნავია, რომ სხვა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი ან ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული არ არის. მეორე შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო თავად ადგენს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროდან გამოთხოვილი სააღსრულებო საქმის მასალებიდან (მათ შორის, ასევე წარმოდგენილია ნივთის აღწერისა და შეფასების აქტი N41506 და შეფასების ანგარიში) აუქციონზე გატანილი ფართის იდენტიფიცირება ვერ ხდება. მესამე შემთხვევაში, სწორედ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე დანიშნულ იქნა ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელზე გამოცხადებულმა პირებმა - სარეგისტრაციო ობიექტის სართულზე მდებარე ყველა იპოთეკარმა, მათ შორის, დ. ა-მა და ზ. ნ-მა მონიშნა იპოთეკის საგნის ადგილმდებარეობა, რითიც დადგინდა, რომ ზ. ნ-ის, ს. პ-ოს და თ. გ-ის იპოთეკის საგნები მოიცავდა დ. ა-ის იპოთეკის საგანს, რომელზეც განხორციელდა იძულებითი აღსრულება და რომელიც რეგისტრირებულია დ. ა-ის იპოთეკის საგანზე უფლების რეგისტრაციის შემდგომ. მიუხედავად იმისა, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოცხადებულა მესაკუთრის - ო. წ-ის მეურვე, მან მეორე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ არ შეეძლო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ვინაიდან იგი ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული/ ასეთ ინფორმაციას არ ფლობდა. შესაბამისად, ნათელი გახდა, რომ მისი მხრიდან რაიმე სახის დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლებელია, რაც საქმის გადაწყვეტისთვის შეიძლება განმსაზღვრელი შინაარსის იყოს. ამდენად, კასატორისთვის გაუგებარია დამატებით რა უნდა გამოიკვლიოს ადმინისტრაციულმა ორგანომ, რა ფაქტობრივი გარემოებაა დაუდგენელი, რომლის დადგენაც შესაძლებელი იყო და სააპელაციო სასამართლომაც ვერ დაადგინა, რა განსხვავებული სამართლებრივი შედეგის წარმომშობი შეიძლება იყოს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება უცნობია. შესაბამისად, კასარტორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება ფორმალური ხასიათისაა, არ არის საკმარისად დასაბუთებული, არ არის ურთიერთშეჯერებული ადმინისტრაციული წარმოების, პირველი და მეორე ინსტანციის სამართალწარმოების ეტაპებზე მიღებული ინფორმაცია.
კასატორი მიიჩნევს, რომ საქმე ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებითად სწორად გადაწყვიტა და ადმინისტრაციული ორგანოს რესურსი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენის კუთხით სრულად ამოწურულია. შესაბამისად, არ კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად სადაო გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი ან არსებობდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, კასატორის მოსაზრებით მოცემული საქმის გარემოებები და ფაქტები, რომელიც სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, არ იძლეოდა საკითხის ამგვარი გადაწყვეტის საფუძველს. არ არსებობდა აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები და გაურკვეველია აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების სამართლებრივი პერსპექტივა. სასამართლო გადაწყვეტილებების სამართლებრივი ძალა მიმართულია შედეგისკენ/მისი აღსრულებისაკენ, ხოლო ამ მოცემულობის ფარგლებში შეუძლებელია იმ შედეგის მიღწევა, რაც მოსარჩელისათვის სასურველ შედეგს წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა და სწორად მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით უნდა დაედგინა, რომელი ფართის აღწერა და შეფასება მოხდა სააღსრულებო ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ და რა წარმოადგენდა აუქციონის საგანს. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ ყურადღება უნდა მიაქციოს სააღსრულებო წარმოების მასალებში დაცულ დოკუმენტაციაზე, რამდენადაც დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის პრობლემა, ფართის იდენტიფიცირების შეუძლებლობის თაობაზე, იმთავითვე იყო ცნობილი, რაც იქცა იმის საფუძვლად, რომ თბილისის სააღსრულებო ბიურომ აღსრულების ეროვნული ბიუროსაგან ითხოვა რეკომენდაცია, უნდა ჩატარებულიყო თუ არა №A14061004 სააღსრულებო საქმის ფარგლებში მოვალის ქონებაზე იძულებითი აუქციონი იმ პირობებში, როდესაც ფართის იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა. მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, თბილისის სააღსრულებო ბიურომ 1014 წლის 8 დეკემბერს №A14061044-013/001 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც ითხოვა, ეცნობებინა, ქონების რეალიზაციის შემთხვევაში შესაძლებელი იყო თუ არა ფართის იდენტიფიცირება და რეგისტრაცია.
ასევე დადგენილია, რომ სადავო ფართზე რეგისტრირებული ყველა იპოთეკა აღრიცხულია საჯარო რეესტრში. იმ პირობებში, როდესაც რეგისტრაციის პირობას წარმოადგენს იპოთეკის საგნის იდენტიფიცირების სავალდებულობა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან შესწავლილი უნდა იყოს უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... II ჩიხის №7-ში (საკადასტრო კოდი: №...), მე-3 სართულზე რეგისტრირებული ყველა იპოთეკის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის შედეგადაც უნდა დადგინდეს, იპოთეკა რეგისტრირებულია ზოგადად 30 კვ/მ-ზე თუ კონკრეტულად განსაზღვრულ ფართზე. ფართების არაიდენტიფიცირებულობის პირობებში „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 22-ე და 23-ე მუხლების საფუძველზე საკასაციო პალატაც შეუძლებელად მიიჩნევს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 6 ივლისის №163951 გადაწყვეტილებისა და იმავე სააგენტოს 2015 წლის 10 ივლისის №... გადაწყვეტილებების დ. ა-ის სახელზე რეგისტრაციის ძალაში დატოვებას.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს 29.03.2017წ. №05908 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე