საქმე # 330310015001014789
საქმე №ბს-275-273(კ-17) 13 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გაერშე
კასატორები: შპს “...“, შპს “ჭ...“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „... - მ“ და შპს „ჭ... - მ“ 2015 წლის 22 ივნისს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელეებმა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 26 დეკემბრის №000797დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 2015 წლის 22 მაისის №310 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...-ს“ და შპს „ჭ...-ს“ სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შპს ,, ...-ს’’ და შპს ,,ჭ ...-ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს შპს „...-მ“ და შპს „ჭ...-მ“. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და სასამართლოებმა არასწორად განსაზღვრეს სამართალდამრღვევი პირი, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაადგინა, რომელი პირის საკუთრებაში არსებულ მიწაზე განლაგებული ფრაგმენტზე არ განხორციელდა დემონტაჟი.
კასატორები მიუთითებენ, რომ ობიექტის დემონტაჟზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2014 წლის 18 სექტემბრის მითითების გაცემის მომენტისათვის ორივე კომპანიის მიმართ უკვე მოქმედებდა ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული მეორე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სამშენებლო მოედანზე სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შესახებ. შეჩერების აქტი აღსასრულებლად გადაეცა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. შესაბამისად, სადემონტაჟო სამუშაოების წარმოება გამოიწვევდა შეჩერების აქტით ე.ი. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით და ასევე სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. დემონტაჟისთვის მხარეს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ დემონტაჟი უნდა დასრულებულიყო 2014 წლის 28 სექტემბერს, ხოლო შეჩერების აქტი ადმინისტრაციულმა ორგანომ ძალადაკარგულად გამოაცხადა მხოლოდ 2014 წლის 24 სექტემბერს, საქმე სააღსრულებო ბიუროდან გამოითხოვა 2014 წლის 25 სექტემბერს და მხარეებს ამის შესახებ აცნობა 2014 წლის 30 სექტემბერს. კასატორების მოსაზრებით ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა იმგვარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულება ამ აქტით განსაზღვრულ ვადაში გამოიწვევდა სულ მცირე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, თუმცა სასამართლოს არც ამ ნაწილზე უმსჯელია და გადაწყვეტილება არ შეიცავს რაიმე სახის სამართლებრივ დასაბუთებას.
კასატორები აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება ასევე არ შეიცავს სამართლებრივ დასაბუთებას ობიექტის დემონტაჟთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ, რამდენადაც დემონტაჟს დაქვემდებარებული ობიექტის ავარიულობა თავიდანვე ეჭვგარეშე იყო, რაც დასტურდება იმით, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №50001067214 დასკვნით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამუშაოების შეჩერების აქტის გაუქმებისა და მითითების ვადის გაგრძელების შემდეგ, დემონტაჟის სამუშაოების წარმოებისას აღმოჩნდა, რომ ობიექტის ერთი ფრაგმენტი ემიჯნებოდა ბინათმესაკუთრეთა საცხოვრებელი სახლის მიშენებებს და მის დემონტაჟს ე.წ „დამცავი პერანგის“ აგების გარეშე შესაძლოა ზიანი მიეყენებინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა ქონების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის, რაც დადასტურდა სამუშაოების წარმოებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელმა კომპანიამ „...“ წერილობითი ახსნა-განმარტებით, ხოლო მოგვიანებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №5000063216 დასკვნით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მიეკუთვნება, რომ კედლის ფრაგმენტს ემიჯნებოდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიშენებები, ამიტომ პრევენციის მიზნით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ „ან შენარჩუნებულ იქნას საყრდენი კედლის ფრაგმენტი, მის მიერ შეკავებულ გრუნტთან ერთად და გაძლიერდეს იმისთვის, რომ იგი საფრთხის შემცველი აღარ იყოს გარშემო მყოფთათვის ანდა შესრულდეს გარკვეული სამუშაოები გრუნტის ამობურცვის საშიშროების მოსახსნელად და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს ფრაგმენტის დემონტაჟი და ნაშალი გრუნტის გატანა“. სწორედ ამ მიზნით კომპანიამ დარჩენილი ფრაგმენტის დემონტაჟი უზრუნველყო მას მერე რაც აიგო „დამცავი პერანგი“ და გამოირიცხა გრუნტის ამობურცვის საშიშროება. კასატორები მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-11 ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად უნდა შეეწყვიტა სმშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რადგან კომპანია მცირე ფრაგმენტის დემონტაჟის განხორციელების მეთოდის შერჩევისას ხელმძღვანელობდა მომეტებული სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით შპს “ ...-ს“ და შპს “ჭ ...-ს“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ს“ და შპს „ჭ...-ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორები დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალტა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს “ ...“, შპს “ჭ ...“ სადავო აქტით დაჯარიმდნენ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლით დადგენილი წესით. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალდარღვევის სუბიექტის არასწორად განსაზღვრის თაობაზე.
საკასაციო პალატა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორების მოსაზრებას 2014 წლის 18 სექტემბრის მითითების შესრულების შეუძლებლობის შესახებ, რამდენადაც მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 29 სექტემბერს შედგა №000797 შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა, მაგრამ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს 2014 წლის 28 ნოემბრის ბრძანებით გაგრძელდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა და მხოლოდ 2014 წლის 26 დეკემბერს იქნა მიღებული №000797 დადგენილება მოსარჩელეების დაჯარიმების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს ჰქონდათ გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, რამდენადაც 2014 წლის 26 დეკემბრამდე მითითების შესრულების შემთხვევაში, სადავო შემთხვევაზე გავრცელდებოდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის თანახმად, „თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება“. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“, შპს „ჭ...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება;
3. კასატორებს - შპს „...-ს“ (ს/კ...), შპს „ჭ...-ს“ (ს/კ...) დაუბრუნდეთ 16.02.2017წ. საკრედიტო საგადახდო დავალებით შპს „...-ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე