საქმე Nბს-318-316(კ-17) 4 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი, თავჯდომარე)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები: შპს „…“, შპს „ა…“, თ. ა-ე (მოსარჩელეები)
მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მესამე პირები: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ბმა „...“, ბმს „ფ...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „...“, შპს „ა...“ და თ. ა-ემ 2015 წლის 24 ივლისს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმერთ. მოსარჩელეებმა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 30 მარტის №17/17672 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 17 ივლისის №1-1/302 ბრძანების ბათილად ცნობა და „არასაცხოვრებელი ფართი მდებარე - თბილისი, ... ქუჩა №1 და №3-ში“ მითითებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსათვის 1995 წლის 14 ივნისის №23/53 -პ საკუთრების უფლების მოწმობაში ცვლილების შეტანის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ბმა ,,...” და ბმა ,,ფ...”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ა-ის, შპს „...“ (დირექტორი - ა. ხ-ი), შპს „ა...“ (დირექტორი - ა. ჭ-ი) სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 30 მარტის №17/17672 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 17 ივლისის №1-1/302 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, შპს „...“ და შპს „ა...“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, შპს „...“ და შპს „ა...“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააგენტოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის კვალიფიციური გამოყენების შესახებ ხელმძღვანელობით სტანდარტთან დაკავშირებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რითაც დაარღვია სსსკ-ის 393.2 მუხლის მოთხოვნა, კერძოდ: როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სააგენტომ განიხილა მოსარჩელეთა 27.02.15 წ განცხადება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს მიერ 1995 წლის 14 ივნისის N23/533 საკუთრების მოწმობაში ცვლილების განხორციელებისა და საპრივატიზებო ობიექტის მისამართად ... ქ N3-ისა და N1-ის ასახვის დავალდებულების თაობაზე და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნილი ცვლილების განხორციელების მიზანშეუწონლობის თაობაზე, რომელიც გასაჩივრებულ იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
კასატორის მოსაზრებით, როგორც საქმის მასალები და გასაჩივრებული აქტიც ცხადყოფს, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სააგენტოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება (გამოთხოვილ იქნა არქივიდან საპრივატიზებო დოკუმენტაცია) და მხოლოდ მათი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განმცხადებელთა მოთხოვნის არ დაკმაყოფილების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, სააგენტოს მიერ ასევე გამოკვლეულ იქნა გასაჩივრებულ აქტში მოხსენიებული უძრავი ქონების განმკარგავი ორგანოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 12.07.07 წ Nა-601 წერილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ბატონ თ. ა-ის განცხადება, ანალოგიური მოთხოვნით - 1995 წელს პრივატიზებულ ობიექტზე მითითებული მისამართის ... ქ. N3-ით და N1-ით შეცვლის თაობაზე, იმ მოტივით რომ სამმართველოში დაცულ საპრივატიზებო დოკუმენტაციაში არ მოიძებნა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ პრივატიზებული ობიექტი განთავსებული იყო ... ქ N3-სა და N1-ში, რაც განმცხადებლის მიერ არ გასაჩივრებულა.
საქმის განმხილველმა სასამართლომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2015 წლის 30 მარტის N17/17672 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს მიერ 1995 წლის 14 ივნისის N23/53პ საკუთრების მოწმობაში ცვლილების განხორციელებისა და საპრივატიზებო ობიექტის მისამართად ... ქ N3-ისა და N1-ის ასახვის დავალდებულების თაობაზე, ნაწილობრივ ისე დააკმაყოფილა და ისე დაავალა სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომ საერთოდ არ შეუფასებია რამდენად არის უფლებამოსილი სააგენტო, თუნდაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახლა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი, რომლითაც შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს მიერ გაცემულ საკუთრების მოწმობაში ცვლილების განხორციელება, მაშინ როდესაც სააგენტო არ წარმოადგენს შესაბამისი უძრავი ქონების განმკარგავ ორგანოს ან მის უფლებამონაცვლეს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დამკვიდრებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის უმნიშვნელოვანესი პრინციპი - უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლით კი განმარტავს: ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 17.2 მუხლი, სწორედ ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე ათავისუფლებს მოსარჩელეს სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან და ავალდებულებს მოპასუხე აქტის გამოცემაზე უფლებამოსილ და არა ნებისმიერ, თუნდაც მისდამი დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას და შესაბამისად.
თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია განიხილოს ქონებაზე სახელმწიფო ინტერესის არსებობასთან დაკავშირებული საკითხები. „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 11.05.2003 წ. N202 ბრძანებულებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 ივლისის N278 ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო. შესაბამისად დღესდღეობით, როდესაც სადავო არ არის ქონების პრივატიზების ფაქტი და საკითხი ეხება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს მიერ 1995 წლის 14 ივნისის N23/53პ საკუთრების მოწმობაში ცვლილების განხორციელებას, აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნულზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საკუთრების განმკარგავი ქონების მართვის სამინისტროს უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და არა სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. სწორედ ამავე გარემოებაზე მიუთითა მოსარჩელე მხარეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომაც, რომელმაც მხარეთა მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით უძრავი ნივთის გასამიჯნად აუცილებლად მიიჩნია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და არა ქონების მმართველის თანხმობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შეამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 30 მარტის №17/17672 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა წარმოადგენს თუ არა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს 1995 წლის 14 ივნისის №23/53-პ საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე გადაცემული 446 კვ.მ ფართი ქ. თბილისში, ... ქუჩა №3-ში მდებარე ფართს, თუ ქ. თბილისში, ... ქუჩა №1-სა და №3-ში მდებარე ფართს.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არსებობს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 30 მარტის №17/17672 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და მოპასუხეთათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალდებულების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 17 ივლისის №1-1/302 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლებიც, ვინაიდან თავად ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეცნო კანონმდებლობის დარღვევით გამოცემული 2015 წლის 30 მარტის №17/17672 გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 203-ე მუხლის საფუძველზე.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე