საქმე # 010332115700009170
საქმე Nბს-376-373(2კ-17) 18 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი, თავჯდომარე)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: გ. გ-ი (მოსარჩელე); სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. გ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გ. გ-ის სასარგებლოდ ერთდროული დახმარების სახით 7000 ლარის ოდენობით თანხის დაკისრების, სამინისტროსთვის გ. გ-ის სიცოცხლის ბოლომდე საყოფაცხოვრებო მომვლელის თანხის - 500 ლარის ოდენობით დაკისრების და მესამე პირისათვის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის გ. გ-ის კომპენსაციის (ხელფასსა და პენსიას შორის) მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა.
საქმე არაერთგზის იქნა განხილული სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქლაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაენიშნა გ. გ-ს სამედიცინო მომვლელი; დანარჩენ ნაწილში გ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. გ-მა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორი - გ. გ-მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ გ. გ-ის მიმართ ზიანი წარმოიშვა არა 2002 წლიდან, როგორც ამას გადაწყვეტილებაში ამბობს პალატა, არამედ 2004 წლიდან, რადგან გ. გ-ის ზიანი არის ის განსხვავებული თანხა ხელფასსა და დანიშნულ კომპენსაციას შორის, რომელსაც მიიღებდა გ. გ-ი, რომ არ მოყოლილიყო ავტოკატასტროფაში და ემუშავა თავის სამსახურში.
კასატორის მოსაზრებით ზიანი წარმოიშვა 2004 წლის 1 ნოემბრიდან და გრძელდება დღემდე, რადგან საჩხერის რაიონში, სოფელ ..., ლოგინად მყოფ გ. გ-ს მყისიერად არ შეეძლო გაეგო ის, რომ მის ყოფილ სამსახურში ხელფასების ზრდა დაიწყო.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 411-ე, 1005-ე და 1008-ე მუხლები, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ №ბს-494-488(2კ-12) და №ბს-494-488(2კ-12) საქმეებზე დადგენილ პრაქტიკას.
კასატორმა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და გ. გ-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2013 წლის 9 ივლისის N01/63697 წერილით გ. გ-ს ეცნობა, რომ სპეციალური სამედიცინო მომვლელისა და საყოფაცხოვრებო მომვლელის ხარჯების დაფინანსება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში მოცემულ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად განმარტა კანონი ვინაიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გ. გ-ისთვის სამედიცინო მომვლელის დანიშვნა რაც კასატორს დაუსაბუთებლად მიაჩნია. კერძოდ, 2016 წლის 19 აპრილის თანახმად განემარტა მოსარჩელის წარმომადგენელს, რომ აღნიშნული სახის მომსახურება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის N102 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამით“ არ იყო გათვალისწინებული შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხი კანონშესაბამისია და არ არსებობს შესაბამისი მომსახურება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ კანონი განსაზღვრავს შესაბამის სუბიექტთა წრეს და შესაბამის სამსახურებს რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც მომვლელი ან დამხმარე სჭირდებათ, სოციალური მომსახურების ორგანოები და არა (სოციალური მომსახურების სააგენტო) რომლებიც უნიშნავენ სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებას ბინაზე ან სტაციონარულ დაწესებულებებში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ კანონის 26-ე 1 მუხლი რომელზეც ამახვილებს სააპელაციო სასამართლო ყურადღებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც მომვლელი ან დამხმარე სჭირდებათ, სოციალური მომსახურების ორგანოები უნიშნავენ სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებას ბინაზე ან სტაციონარულ დაწესებულებებში. კანონმდებელს მიუთითებს შესაბამის სამსახურებზე და არ სოციალური მომსახურების სააგენტოზე კერძოდ აღნიშნული კანონის 29 მუხლის. პირველი პუნქტის თანახმად, სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროები; სოციალური დახმარება ხორციელდება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრებით, აგრეთვე ორგანიზაციათა და მოქალაქეთა ნებაყოფლობითი შენატანებით. ვინაიდან, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის N102 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამით“ არ არის გათვალისწინებული სამედიცინო მომვლელის დანიშვნა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის №... 2003 წლის 8 იანვრის N8 ცნობის თანახმად, გ. გ-ი 2002 წლის 21 ივლისს სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობათა შესრულების დროს მოჰყვა ავტოკატასტროფაში, მიიღო ტრამვა: კისრის მე-6 მალის მოტეხილობა, ზედა პარაპარეზი, ქვედა პარაპლეგია, მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქიცების მოშლა. შესაბამისად, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ კანონის თანახმად თავი V დასაქმებულთათვის შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული დასახიჩრების, პროფესიული დაავადების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების შედეგად დაკარგული პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხის განსაზღვრა, დასაქმებულთა დასახიჩრება, პროფესიული დაავადება ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანება შრომით დასახიჩრებად ჩაითვლება შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით (შემდგომში – შრომითი დასახიჩრება) იმ შემთხვევაში, თუ ის მოხდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, (შემდგომში – დამსაქმებელი) ტერიტორიაზე, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ან მის ფარგლებს გარეთ შრომითი მოვალეობის შესრულებისას, აგრეთვე დამსაქმებლის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით სამუშაო ადგილზე წასვლის ან სამუშაოდან წამოსვლის შემთხვევაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით გ. გ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ სახეზეა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მომუშავე თანამშრომლის ბრალეულ ქმედებასა და გ. გ-ის მიერ მიღებულ სხეულის დაზიანებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 1005-ე მუხლის მოთხოვნებიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ზიანის ანაზღაურების საფუძვლები. თუმცა, საგულისხმოა, რომ გ. გ-მა სხეულის დაზიანება მიიღო 2002 წლის 21 ივლისს. დადგენილია, რომ 2002 წელს, კადრების განკარგულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურე გ. გ-ი დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან და ჩაირიცხა რეზერვში თანახმად, საქართველოს კანონისა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“. იგი გათავისუფლდა ზემოაღნიშნული თანამდებობიდან ავადმყოფობის გამო. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნის უფლება გ. გ-ს წარმოეშვა 2012 წელს, ხოლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, გ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში 2013 წლის 20 სექტემბერს, დელიქტით გამოწვეული ზიანის მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით. ამასთან, გ. გ-ის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები არ არის მოცემული დავის იდენტურ საქმეებზე გამოტანილი, რამდენადაც აღნიშნულ გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაედო სხვა ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის გაუთვალისწინებლობა არ ადასტურებს მოთხოვნის უსაფუძვლობას. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც მომვლელი ან დამხმარე სჭირდებათ, სოციალური მომსახურების ორგანოები უნიშნავენ სამედიცინო ან საყოფაცხოვრებო მომსახურებას. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად განმარტა, რომ კანონი ითვალისწინებს მომვლელის დანიშვნას სახელმწიფო ხარჯით, თუმცა არა მომვლელის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე